Tuesday, May 14, 2013



კილო 105 ლარი

ევროპული სტანდარტების ქონა, ევროკავშირისკენ სწრაფვა და ზოგადად, დასავლური ღირებულებების მიბაძვა, ჩვენ ხალხს ბოსტონის მარათონის საპატივცემულოდ, თუ მხარდასაჭერად ვაკიდან ორთაჭალამდე ქოშინით ჩარბენა გონია. ფარისევლები რომ ვიყავით და ვართ, ეს კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი „ევრო სიმულიანტები“ თუ გავხდებოდით, არასოდეს მჯეროდა.

არადა, რა არის ეს ყბააღებული ევრო სტანდარტი, რომლისკენაც დიდიან-პატარიანად, როგორც დედა ღორისკენ ძუძუს გოჭები ისე მივისწრაფით?
გასაგებია, რომ ქვეყანაში უნდა გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიის (დემოკრატიაზე პლატონს კითხეთ პლატონს), კანონის უზენაესობის (კანონისო და არა სამართლისო), ადამიანის უფლებების (ამაზეა ეს პოსტი) და უმცირესობებისადმი პატივისცემის (ალბათ აქვე გულისხმობენ პირიქითაც, უმრავლესობისსადმი პატივისცემასაც) და მათი დაცვის უზრუნველყოფა.

ისიც ვიცით, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს საბაზრო ეკონომიკა უნდა არსებობდეს, აგრეთვე, კონკურენციის ზეწოლისთვის და ევროკავშირის ფარგლებში საბაზრო ძალებისთვის თავის გართმევის შესაძლებლობა.
და არც ისაა ჩვენთვის დამალული, რომე თუ კავშირში შესვლა გვინდა წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების უნარი უნდა გვქონდეს.

და სწორედ ამიტომაა ალბათ, ევროპიდან, ამერიკიდან თუ აზიიდან შემოყვანილ მანქანებს კატალიზატორებს რომ ვაცლით.
მიზეზი კი საამისოდ ბევრი გვაქვს:
1)                  გაწევა ემატება. (გაწევა, თორემ სამსახურში მინესოტადან ალაბამაში არ ვიყოთ ჩასარბენი).
2)                  წვა კლებულობს. (ან კლებულობს, ან არა, მაგრამ დავუშვათ კლებულობს. არის ვარაუდი, რომ 100 კილომეტრზე 100 გრამი).
3)                  ამოცლილი კატალიზატორი კილო 105 ლარი ღირს. (ოჰოო. მიზეზი კარგია. კილოდან სამ კილომდე მაინც გამოდის ხოლმე. მოხსნი და აშენდები!)
4)                  არ ვარგა, გაფუჭებულია და მაინც ტყუილად აყენია! (რა თქმა უნდა, საიდანაც შემოდის, იმ ქვეყნებში საკუთარი შვილები ცოტა მეტად უყვართ, ან ცოდნა უკეთესი აქვთ რიგ საკითხებზე და გაფუჭებულ კატალიზატორიან მანქანებს ან უცვლიან ამ ნაწილს ან მანქანას ცვლიან)
5)                  ნაგავ საწვავს ასაღებენ ჩვენზე და კატალიზატორი-მატალიზატორი არ შველის ამ ამბავს! (საწვავის ხარისხთან დაკავშირებით დავა არ ღირს, აი შველის თუ არა ეს სადავოა).

 გარდა იმისა, რომ ჩვენ, მოქალაქეებს (მცირე გამონაკლისებით) აზრადაც არ მოგვდის სპეციალური აქციის გარეშე ერთი ხე მაინც დავრგოთ (არადა კომუნისტების მოტანილი ლოზუნგი კი ვიცით სურფასთან, ხბოს ხორცით გავსებული სტომაქზე ხელის მოთათუნების მერე - კაცმა ცხოვრებაში სამი ხე მაინც უნდა დარგოს და ასე შემდეგ...), ათასში ერთხელ მაინც გავისეირნოთ ფეხით მხოლოდ ბუნების მოფრთხილების მიზნით (არადა ჯანმრთელობისთვისაც რა კარგია), სხვის დაგდებულ ნაგავს თუ არ ავიღებთ, ჩვენ თვითონ არ დავაგდოთ (მე მინახავს ფანჯრიდან გადმოგდებული ქალის საფენებით დაწყებული გაფუჭებული ტელევიზორით დამთავრებული ნაგავი), მშენებლობისას მინიმალური წესები მაინც დავიცვათ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სუფთა ფეხსაცმლით 100 მეტრის გავლა შეძლოს ადამიანმა და ბოლოს, რამე მოვუხერხოთ ამ საშინელ გამონაბოლქვს, ჩვენ (ჩვენი თავი ჭირსაც წაუღია) შვილებს რომ დაუნდობლად წამლავს.

საქართველოში 700 000 მდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება დადის. (თუ ჩავთვლით, რომ ვართ (ეჰ) 5 მილიონი, ხოლო აქედან ბავშვი, უმართვისმოწმობო და უუნარო 2 მილიონი. გამოდის, რომ თითქმის ყოველ მეოთხეს გვყავს მანქანა) აქედან დაახლოებით 80 %  მოიხმარს (ისედაც დაბალი ხარისხის საწვავის კიდევ უფრო) დაბალი ხარისხის საწვავს, რომელიც ევრო 1 ის სტანდარტებსაც ძნელად თუ აკმაყოფილებს.
ევროპაში მოიხმარენ ევრო 5 ის სტანდარტის საწვავს, სადაც გოგირდის შემცველობა 10ppm-ს არ აღემატება. ჩვენთან მოხმარებულ საწვავში კი ppm=500. ეს იმას ნიშნავს, რომ 700 000 სატრანსპორტო საშუალების 80 % გავამრავლოთ 50-ზე (ამდენჯერ მეტია ჩვენ მამაპაპურ საწვავში გოგირდი) უდრის 28 მილიონს (გავიხსენოთ, რომ ვართ 5 მილიონი, აქედან 2 მილიონი არ მართავს ავტომობილს, მარტივი არითმეტიკით, თითოეულ ჩვენგანს დაახლოებით 9 მოძრავი  (იდეაში ვირტუალური, გამონაბოლქვით კი რეალური) სატრანსპორტო საშუალება გვყავს).

ეს იმ პირობებში, რომ საქართველოს მასშტაბით (განსაკუთრებით თბილისში) ისედაც მეჩხერი ხე-ტყე იჩეხება და მაღალ-მაღალი და უშნო-უშნო კორპუსები წამოიჭიმება ხოლმე, რომ კარგად ჩაგუბებულ სმოგს განიავების საშუალებაც არ მისცეს.
არა, მესმის, რომ ფროიდის თეორიას თუ დავუჯერებთ, ჩვენ ყველანი თვითგანადგურების ინსტიქტს ვემორჩილებით და გამონაბოლქვით მოვიკლავთ თავს, თამბაქოდ გასაღებული ზღვის ბალახით, „კრაკადილით“, გენმოდიფიცირებული საკვებით თუ შუბლში ტყვიის დახლით, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ წამითაც რომ დავუშვათ ის ფაქტი, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგძლივობა ან გარკვეული მტანჯველი დაავადებების თავიდან აცილება, ჩვენივე ხელშია, იქნებ ცდად ღირდეს?

შედეგებს ახლა ვერ ვხედავთ - მანქანების რიცხვმა მხოლოდ ბოლო 15 წლის მანძილზე მოიმატა კატასტროფულად. 15 წელი კი ისტორიისთვის წამიც არაა. ორჯერ 15 წლის მერე, როცა შვილიშვილებს მუხლზე დავისვამთ და (ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ფაქტი მეცნიერების მიერაა დადასტურებული, რომ მავნე გამონაბოლქვი ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლის, ფილტვის კიბოს, ზოგადად სიმსივნური დაავადებების) უფალს მადლობას ვეტყვით, ჯანმრთელი ბავშვი რომ მოგვცა ამ საშინელი სტატისტიკის პირობებში (ვარაუდობენ, რომ ყოველ მეოთხე ახალშობილს რაიმე მძიმე დაავადება ექნება), ისიც გავისხენოთ, რომ წლების წინ, ჩვენივე მანქანებს 105 ლარიანი კატალიზატორი საკუთარი ხელით ამოვაცალეთ.
ევროკავშირო, ხელი გვკარ - ჩვენ შენ არ გიმსახურებთ!



Monday, May 14, 2012

ჩხაპელია სააგენტო





ჩემი ბავშვობის წლებში მაგარი პოპულარული წიგნი იყო „რა გქვია შენ“. აი, ასეთი, სქელი, მჟავე ყავისფერი ყდა ჰქონდა და იყო დაახლოებით 200 გვერდიანი.
შიგნით კომუნისტური რეჟიმისთვის შესაფერისი მოკრძალებით ეწერა სახელები და მათი განმარტებები. რატომღაც ქართული წარმოშობის სახელების განმარტება კი ყველაზე ცოტა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა სიმღერიდანაა, მთავარს მივადგები: მაშინ, ჩემ წარმოდგენაში, ადამიანებს მხოლოდ ის სახელები ერქვათ, რაც ამ წიგნში ეწერა, იქ კი ეწერა ყოვლად უცნაური დომენტი, ჯვებე, ელვირა, ლესტამბერიც კი. ეს წიგნი კარგა გვარიანად იყო გაცვეთილი, ათასხელგამოვლილი და ათას თაროზე გადამხტარი ვინმე იყო, ეტყობოდა. ყველა პატრონს მისთვის სანუკვარი თუ საინტერესო სახელი გაეხაზა, ზოგს წითელი, ზოგს შავი კალმით და იქვე ველზე ორი-სამი „შენ გენაცვალე კაკალ გულში“, „იასამანს დაეკარგა ფერი“, „ბავშვს დავარქვათ ვალენტინი“ ეწერა. მე ერთგვარი ჰობი მქონდა, შეიძლება ამას ჰობი კი არა აკვიატებაც დავარქვათ, თუ უფრო თვითკრიტიკული ვიქნებით, შიზოიდური გამოხდომაც კი ვუწოდოთ, კერძოდ კი, ეს გამოხდომა შემდეგში მდგომარეობდა: თუკი გოგო მომეწონებოდა, ვიკვლევდი მის სახელს, გვარს, ნუმეროლოგიურ მნიშვნელობას, ზოდიაქოს ნიშანს, ჭამის მანერას და ასე შემდეგ. მთელი სისტემაც კი მქონდა შექმნილი, ვისთან როგორ უნდა მელაპარაკა და მოკლედ ვიყავი ამ თვითზომბირებაში კაი ხანი გაჭედილი. მერე აკვიატებებთაგან ზოგიერთი მოვიშორე და დამრჩა მხოლოდ ნაწილი, სახელებზე მაქვს გართულება - ყველაზე დიდხანს ნაწარმოების გმირების სახელზე ვფიქრობ ხოლმე. გარდა მათი სემანტიკური მნიშვნელობისა, ჟღერადობა და სახელის შემადგენელი ასოების რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ კალისტრატე და სოფიკო ან ლუკა და მზექალა. ასეთი წყვილების უმრავლესობა სახელების ერთმანეთზე მორგებას იწყებენ ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი ურთიერთობის გახანგძლივების გარანტია (კალისტრატე ტატო ხდება, ხოლო მზექალა მზიკო), არადა თავისთავად, სახელის შეცვლა დანაშაული თუ არა, მისტიკური აქტი ნამდვილად არის. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ შეუცვლიდნენ სახელს მორჩილს, რომელიც ბერად აღეკვეცება? რატომ აიღო ბატონმა იოსებმა ფსევდონიმად „სტალინი“, ეს ხომ თვითგანწყობის შექმნასაც ემსახურება?
სახელებს მოდაც აქვთ, თუ ოცი წლის წინ ლუკა ლამის სასირცხილო სახელი იყო, ახლა ძალიან პოპულარულია, როგორც ერთდროს ესოდენ წარმატებული სახელი თენგიზი, ახლა იშვიათობაა, მოდაში აღარაა ბელადების სახელების გაერთიანებაც თუ ადრე რომელიმე აღტკინებული კომუნისტი სიხარულით დაარქმევდა შვილს „ლესტამბერს“ (ლენინი, სტალინი, ბერია), არანაკლებ აღტკინებული „ნაციონალი“ არაფრისდიდებით არ იკადრებს შვილს „მიგიჯვანო“ (მიხეილი, გიგი, ჯორჯბუში, ვანო) დაარქვას. ყველაფერს თავისი დრო და ეპოქა აქვს.
მაგრამ დღემდე მოდაშია შვილებისთვის პოპულარული ადამიანების სახელების დარქმევა. რეესტრში გატარებულ ახალშობილებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ უცბად მიხვდე ადამიანი - ქვეყანაში რელიგიური აღტკინება პიკშია - მათე, ლუკა, იოანე, პეტრე, ნიკოლოზი, ბარბარე და ა.შ. ყველაზე დარქმევადი სახელებია, მაშინ როდესაც არანაკლებ რელიგიური დატვირთვის პავლეს, პორფირიოსს, ზევინს, ფილაგრეს ან თუნდაც ცაცოს (ხსენების დღე 24.12) შვილებს არავინ არქმევს.
არადა ქართველები რომ უკიდურესობების ხალხი ვართ, ამას ფიცი-მტკიცი არ ჭირდება - ადვილად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერ შემოსულს და შემოვარდნილს.
რატომ მოვყევი ეს ამბები და ახლა ისევ სახელებზე, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ლიტერატურული პერსონაჟების და ზოგადად პერსონაჟების გავლენით სახელების დარქმევის ტენდენცია არახალია, მაგრამ განსაკუთრებით კომიკურ ელფერს იძენს ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამეტებასთან გვაქვს საქმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გიორგი გერსამიამ მომიყვა ამბავი, რომ მის სოფელში (აბაშის რაიონია) თანასოფლელებს უცნაური სახელები ერქვათ. სინამდვილეში, იქნებ სულაც არ ერქვათ უცნაური სახელები, მაგრამ ჩვენ გვეუცნაურებოდა. რა ერქვათ და ათოსი, პორთოსი, არამისი. მამა ყოლიათ დიუმას დიდი მოტრფიალე და დ’არტანიანის მუღამში დაუწყია შვილებისთვის სახელების დარქმევა. ვინმე იკითხავს, რატომ პირდაპირ არ დაარქვა რაც უნდოდაო და ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მეც გამიჩნდა იგივე კითხვა და ჩემითვე მივაგენი პასუხს - ერთი ნაცნობი მყავდა, ხორციან საჭმელს როდესაც ჭამდა წვენს უცბად შეხვრიპავდა და ხორცს ბოლოსკენ მოიტოვებდა ხოლმე, მარილს მოაყრიდა და ნება-ნება ჭამდა. რაღაც ამდაგვართან გვაქვს ალბათ საქმე, მაგრამ ამ ამბის დასასრული ასეთია: დიუმას მოტრფიალე მამამ ცოლმა მეოთხე შვილს არგელოდი დაარქვა (გოგო გაჩნდა) და მეხუთეს კი ვეღარ მოესწრო.
ცოტა უცნაური სახელი თუ გქვიათ, აუცილებლად გამოიკითხეთ ვის, ან რის გამო დაგარქვეს და შეიძლება თქვენი სახელი „ელშუქი“ სულაც არ იყოს სასაცილო - ის 90-იანი წლების უშუქობის პერიოდისას სინათლის მონატრება და არავითარ შემთხვევაში ლუციფერის (ლათ. lux ferre - სინათლის მომტანი) გადაძახილი არ იყოს.

Saturday, May 12, 2012

სლოგანების სახელმწიფო




ამას წინათ ერთ სკოლაში მომიწია მისვლა. სკოლის შენობა ყოვლად უვარგისია - ტუალეტი და ბუფეტი ერთ ოთახშია, სამასწავლებლო და ფიზკულტურის დარბაზი ერთში, სკოლის დირექტორი კი ღამით დარაჯად მუშაობს საკუთარ სკოლაშივე. იქ ორასამდე ბავშვი სწავლობს და ძალიან გამიკვირდა რა აიძულებთ მშობლებს ატარონ შვილები ასეთ ყოვლად უვარგის სკოლაში. თავიდან ვიფიქრე, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციაა მაღალი, მაგრამ როდესაც მათ ბიბლიოთეკარს გამოველაპარაკე (ყავთ ასეთიც, რომელიც იმავე დროს ექთანიცაა და ფუნთუშებსაც აცხობს და აბარებს ბუფეტში), მივხვდი, რომ ეს სკოლა და მაღალი სტანდარტები ისევე არიან ერთმანეთთან, როგორც ჩემი მეგობარი ოთარ მუზაშვილი იტყოდა მხატვრულად „როგორც თხა და ბასანოჩკები“. აბა რატომ იხდიან მშობლები არც თუ ისე დაბალ ფასს საკმაოდ დაბალ დონეში (სწავლა ამ სკოლაში დაახლოებით 120 ლარია თვეში)? 
როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, მეც დავდიოდი ფასიან კლასში, მაგრამ მაშინ ყრუობა იყო, რევოლუცია არ გვენახა, მასწავლებლები მეზობელ სკოლაში გვაგზავნიდნენ პარკეტის მოსაპარად, რომ გავთბარიყავით (ოღონდ გვიშვებდნენ მხოლოდ იმათ, ვინც პირობას დავდებდით, რომ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს და რისკი ღირდა იმად, რომ ქიმია ან ფიზიკა გაგვეცდინა) და ნავთი სახლიდან მიგვქონდა სკოლაში, რომ ღუმელი დაგვენთო (მოსანთებად სკოლის წიგნებიც არაერთხელ გამოგვიყენებია), მაგრამ ის რაც თემქის ერთ-ერთ სკოლაში ვნახე, ყველაზე ჭირ-ვარამ-სკოლა გამოცვლილსაც კი გააკვირვებდა.
სანამ დირექტორს ველოდებოდი, მანდატურს გამოველაპარაკე - აღმოჩნდა, რომ მანდატური ერთ-ერთი მშობელია. მე გულწრფელად ვკითხე რატომ დაყავთ ამ სკოლაში შვილები, თუ ეს შვილები მართლა საკუთარია და რამე სადისტურ-მანიაკალურ მიდრეკილებებს არ აქვს ადგილი და რანაირი ბანალური თუ ორიგინალური პასუხისთვის არ მოვემზადე - „ამაზე ახლოს სკოლა არ გვაქვს“, „ნათესავის სკოლაა და ასე ვეხმარებით - ბავშვები შეგვყავს“, „რელიგიურ-პატრიოტულ ნიადაგზე დაგვყავს“ და ასე შემდეგ, მაგრამ პასუხი მაინც ყოვლად გამაოგნებელი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა - მშობელ-მანდატურმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი (შეიძლება ცაცია იყო, შეიძლება მარცხენა გულთან ახლოსაა) უზარმაზარი ბილბორდისკენ გაიშვირა. ბილბორდი სკოლაში შესვლისთანავე მომხვდა თვალში, მაგრამ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეგონა, მერე  კი მოძმე სკოლის რეკლამის, მაგრამ ბილბორდი ჩემი მასპინძელი სკოლის სარეკლამო დაფა აღმოჩნდა. მასზე რაღაც მოთეთრსახლო შენობა ეხატა, რომლის ეზოც შევარდნაძის მთავრობამდელ დადიანების სასახლის ეზოს ჰგავდა. ეზოში მომღიმარი ბავშვები და მათი მამები დადიოდნენ ლომებთან და ანტილოპებთან ერთად, როგორც ეს რასელისტების ბუკლეტების გარეკანზეა და მთავარი - ბილბორდს უზარმაზარი აკადნუსხურით ეწერა: „ჩვენი სკოლა 2015 წელს!“
რეკლამა რომ საშიში რაღაც იყო კი ვიცოდი აქამდეც - ორჯერ მივქარე და ბანკში ანაბარი გავხსენი რეკლამის გადამკიდე, მაგრამ ასეთი საშიში თუ იქნებოდა, ნაღდად არ ვიფიქრებდი. თავიდან მეგონა, რომ მანდატურ-მშობელი დამცინოდა და მამასხარავებდა, როგორც ცისკარაში დევს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის სრულიად სერიოზული და აღფრთოვანებული იყო, ასეთი აღფრთოვანებული არის ხოლმე ჩვენი პრეზიდენტი, როდესაც ის ბარაკ ობამას ცოცხლად ხედავს.
ამ ამბის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება - შეიძლება სხვა მშობლების აციმციმებული თვალებზე ლაპარაკი, ერთი-ორი უკმაყოფილო მშობელზეც სამიოდე სიტყვის თქმა, რომლების უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ მათი შვილები ამ სკოლას არა სამი, არამედ იმავე წელს ამთავრებენ, მაგრამ ეს უკვე საინტერესო აღარ იქნება. საინტერესო მხოლოდ ეს სინდრომია - მომავლის სკოლის, ქვეყნის იმედით ცხოვრება. ამ სინდრომზე იუმორით ჯერ კიდევ ილფი და პეტროვი წერდნენ და მას თამამად შეიძლება „ვასიუკის სინდრომი“ ვუწოდოთ.
დაპირდე ადამიანს ბევრი და მისცე არაფერი, ეს მართვის კლასიკური მეთოდია, ხოლო სარეკლამო ფანდისთვის საუკეთესო მაგალითი.
იყიდეთ ჩემი წიგნი ახლა, ყოველ ნაყიდ ეგზემპლარზე კი 2245 წელს 45 მილიონი დოლარი დაერიცხება თქვენ შვილს.

როგორი სლოგანია?



Friday, February 10, 2012

წამებანი თბილისის ისტორიული ნაწილისანი




თბილისის ისტორიული ნაწილის პრობლემები ახალი დაწყებული არ არის, თბილისის ისტორიული ნაწილის და ზოგადად თბილისის პრობლემებს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა კანონმდებლობის მოწესრიგებას. და მაინც, თუკი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებობდა და არსებობს, ის მორგებულია კონკრეტული ინდივიდების კერძო ინტერესებს და მასში ძალიან ბევრი გარღვევაა.
ნებისმიერი ქალაქის ისტორიული ნაწილის პრობლემების მოგვარებას რამდენიმე თანმიმდევრული ღონისძიება სჭირდება.
1: საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება.
2: საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა
3: სწორი მენეჯმენტი
4: ინვესტიციების მოზიდვა ან საბიუჯეტო დაფინანსება
5: ინფრასტრუქტურის მოწყობა






საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება
საქართველოში არ არსებობს გამართული კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. არსებული კანონი ვერ/არ ახერხებს უნებართვო/უკანონო მშენებლობების პრევენციას, რადგან კანონის გაუმართავობის შედეგად, ერთსა და იმავე მუხლს შეგვიძლია სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ. (მაგ: მუხლი 36, პუნქტი 6 დ); მუხლი 3 ს1; და ა.შ).
სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულმა განუკითხაობამ წლების მანძილზე იმხელა ზიანი მიაყენა კულტურულ მემკვიდრეობას და კონკრეტულად „თბილისის ისტორიულ ნაწილს“, რომ ამაზე ცუდს ვერც ერთი ბუნებრივი კატაკლიზმა, შემოსევა და ომი ვერ დამართებდა. „თბილისის ისტორიული ნაწილის“ დამახინჯება მთლიანად სახელმწიფო თავმოუბმელობის და კერძოდ კანონის გაუმართავობის ხარჯზეა.
ნათქვამია არის დანაშაული, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელიაო, მაგრამ არის დანაშაული, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
საკანონმდებლო ბაზამ უნდა დაარეგულიროს არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების შეჩერება, გარკვეული მიშენებების დანგრევაც უნდა უზრუნველყოს.



საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა

მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, საზოგადოების ცუდად ინფორმირებულობა და არაჩართულობაა. თბილისის ისტორიული ნაწილის მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში, არათუ უშლიან ხელს ისტორიული ძეგლების დაზიანებას, არამედ თავადვე გვევლინებიან აქტიურ დამანგრევლებად, განაშენიანებისა და შენობების ფონური დამზიანებლებად. ამის მიზეზების სათავეების მოძებნა საზოგადოებრივი აზრის არქონაში, საზოგადოების არაინფორმირებულობაში უნდა დავიწყოთ. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ცხოვრობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიმე უნიკალურ ძეგლში და მისთვის ეს ძეგლი უბრალოდ ძველი, ამორტიზირებული შენობაა და მეტი არაფერი. ამას ზედ ემატება კანონის ინერტულობა (იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ კასპში შემოღობილ 200 კვადრატს ზესტაფონამდე გაზრდის (იყენებს ამ მიწას თუ არა იმისდა მიუხედავად) უკანონო მიშენებების ბუმი, რომელიც შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ დაკანონებებით წაახალისა. ის, რაც შესაძლოა ასე-თუ-ისე ასატანი იყოს გარეუბნებისა და ახალგანაშენიანებული უბნებისათვის, ყოვლად შეუფერებელია თბილისის ისტორიული ნაწილისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული საკუთრება (იმისდამიუხედავად თანხმდება თუ არა საზოგადოება იმ საკითხზე გვჭირდება თუ არა ეს ძეგლი), თბილისის ისტორიული ნაწილი ასევე წარმოადგენს შესანიშნავ ზონას ტურიზმის გასავითარებლად. ინტერესი ამ ზონის მიმართ არა მხოლოდ სახელმწიფოს, მოსახლეობის მხრიდანაც დიდი უნდა იყოს. საამისოდ კი უნდა მოხდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა (გრენადის კონვენციის თანახმად, ეს აუცილებელიც კია) კულტურული მემკვიდრეობის საკითხში. ამ თემას არ შეიძლება „ქართულად“ მივუდგეთ და შედეგები დღესვე მოვიმკათ (შეუძლებელიცაა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს ერთ დღეში შეიცვალოს). პირველ რიგში, აუცილებელია საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ საკითხებს. უნდა მოხდეს „კულტურული მემკვიდრეობის“ სასკოლო საგნად დამატება, დაიბეჭდოს საინფორმაციო ბუკლეტები და უფასოდ დაურიგდეს მოსახლეობას, სადაც ზოგადად იქნება აღწერილი ზოგადი უმნიშვნელოვანესი საკითხები. სახელმწიფო არხზე პერმანენტულად უნდა გაშუქდეს ყველა ის ღონისძიება (ლიტერატურული ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტები) რაც „თბილისის ისტორიულ ნაწილში“ დაიგეგმება სწორედ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს უბრალოდ ნახევრად დანგრეული შენობა კი არაა, ისტორიული ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, დანარჩენი მოსახლეობისათვისაც.










მენეჯმენტი
მენეჯმენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მსოფლიო გამოცდილება, რომლის გამოყენებაც გონივრულად შეგვიძლია. პირველ რიგში (კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გადამუშავების შემდეგ) უნდა მოხდეს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ კონსერვაცია. უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა და აიკრძალოს ყოველგვარი ნებართვის გაცემა ახალი შენობის აშენებაზე (იმის და მიუხედავად, დანგრეულია ეს შენობა, ინგრევა, იწვის თუ ცუნამმა გადაუარა).
შემდეგ  საჭიროა დაიწეროს სწორი მენეჯმენტური გეგმა, პირველ რიგში, რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა (მხატვარი, ისტორიკოსი, არქიტექტორი, რესტავრატორი და ა.შ.) „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ძველი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი ქალაქი გვინდა რომ გვქონდეს და როგორ მოხდება რეკონსტრუქცია.  ამის შემდეგ, „თბილისის ისტორიული ნაწილი“ უნდა დაიყოს რამდენიმე ზონად (ა) უბნები, სადაც ავთენტურობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია; ბ) უბნები, სადაც შერეულია ისტორიული სახლები და ახალი ნაგებობები; გ) უბნები, რომელის ნგრევის პირასაა ან გაყიდულია) გამოიკითხოს მოსახლეობა (იგულისხმება, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ამაღლება) და დადგინდეს, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ რომელი უბანია პოტენციურად ყველაზე უკეთესი ადგილი რევიტალიზაციისათვის (ვგულისხმობ სპეციფიკური ტურიზმის განვითარებას ასეთ უბნებში. ანუ, მოსახლეობა იცხოვრებს საკუთარ სახლებში, რომელიც ამავე დროს სასტუმროების ფუნქციასაც შეითავსებს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი სამუშაო ადგილებსაც გააჩენს, რადგან გაიზრდება ადგილობრივი ხელოსნური/რეწვა). გაირკვევა რომელი უბნები უფრო მეტადაა მოსახერხებელი ბიზნესის მოსაზიდად („თბილისის ისტორიული ნაწილის“ ის უბნები, რომელშიც ძველისა და ახალი შენობების დიდი ნაზავი გვაქვს, მშვენიერი ადგილი იქნება კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად). ინვესტორებს მიეცემათ შეღავათები, რათა მათი ინტერესი ამაღლდეს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არ გაყიდოს სახლები (ან შენობები, რომელიც საცხოვრებელი არ არის და სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება) მთავრობამ უნდა შეთავაზოს უკანონო მიშენებების მონგრევის სანაცვლოდ კომპენსაცია, რათა არ მოხდეს მასობრივი ჯენტრიფიკაცია (ამავე დროს კანონი ისტორიულ ძეგლებზე უკანონოდ მიშენებას გრენადის კონვენციის თანახმად მონგრევით არეგულირებს).
უნდა მოიძებნოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეკონსტრუქციას არა მთელ უბანს, არამედ ცალკეულ სახლებს, მიკროუბნებს და სახლებს აღადგენს (მართალია ეს ხარჯებს გაზრდის, მაგრამ თავიდან ავიცილებთ ფორსირებულ რესტავრაციას და ბუტაფორიული ნაგებობების მთელ წყებას, რომლის სანახავადაც რეალურად ამ ქვეყანაში არავინ ჩამოვა).
„თბილისის ისტორიული ნაწილის“ განვითარებისთვის, საჭიროა სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურები ქალაქის გარეუბნებში იქნეს გადატანილი. ჯერ ერთი ეს ქალაქის დეცენტრალიზაციას მოახდეს, მეორეც, ქუჩები გათავისუფლდება ზეჭარბი ტრანსპორტისგან, რაც თავისთავად გაადვილებს არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ შეამცირებს შენობების ამორტიზაციას და რეაბილიტაციის პროცესს უფრო მობილურს გახდის. და მესამე: თუკი ჩვენ სახელმწიფოს სურს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ტურისტულ ზონად გამოყენება, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნაც (იმის ფონზე რაზეც ზევით ვამბობდი: ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, სასტუმროების ტიპის სახლების გაკეთება, სადაც თეატრალიზირებული იქნება ცხოვრება _ მომსახურე პერსონალი სამუშაო საათებში იცხოვრებს ძველი თბილისის წესებით (ეზოში არყის გამოხდიდან დაწყებული, აივნიდან საპნიანი წლით გადმოღვრით დამთავრებული).
ინვესტიციების მოზიდვა
ხშირად, ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ თავს უფლება მისცენ ქალაქის რეკონსტრუქცია აწარმოონ (მით უფრო, რომ („თბილისის ისტორიულ ნაწილთან“ მიმართებაში, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან აქ არა მხოლოდ აღსადგენია ძეგლები, არამედ რაღაცეები დასანგრევი და თავიდან ასაშენებელიცაა. მთლიანად შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ა.შ.), ამისათვის არსებობს საკმაოდ აპრობირებული გეგმა: ბიზნეს სექტორის დაინტერესება კონკრეტული უბნებით (საგადასახადო კანონის გამკაცრების, ან შერბილების ხარჯზე. გააჩნია ეკონომისტების მიერ წარმოებული კვლევა რას გვანახებს).
ასევე წახალისებული უნდა იქნეს მეცენატობის ინსტიტუტი. შეიქმნას ფონდი, რომელიც უხელძღვანელებს სახსრების მოძიებას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობიდან (მაგალითად, ყველა საჯარო მოხელის ხელფასიდან 5 წლის მანძილზე დაიქვითოს 0.2 % და ეს გამჭვირვალედ მოხდეს, ანუ ყველამ იცოდეს, რომ თანხა უშუალოდ („თბილისის ისტორიული ნაწილის“ რეაბილიტაციას ხმარდება).
რაც შეეხება ქალაქის მენეჯმენტს, არ შეიძლება ცალმხრივად რომელიმე ქალაქის მოდელით მივუდგეთ ამ საკითხს და ავირჩიოთ, ვთქვათ, მხოლოდ BOT მოდელი. იმისდამიხედვით, რომელ უბანს, მიკროუბანს რა სჭირდება, შეიძლება ეს იყოს მართვის კონცესიური ან მენეჯმენტური კონტრაქტის მოდელიც.


დასკვნა

საბოლოოდ, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ გადარჩენა და რეორგანიზაცია მაინც ჩვენი, მოქალაქეების ვალია და თითოეული ძეგლის განადგურება ისევ ჩვენ კისერზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ქალაქის ისტორია საკუთარი ბინის აივანთან არ მთავრდება. კანონს ადამიანები ქმნიან, ის ადამიანები, ვინც იმავე საზოგადოების წევრები არიან, რომელსაც ჩვენ  ვეკუთვნით. რომ არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ „თბილისის ისტორიული ნაწილის“ (და არა მხოლოდ) მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, რომ გავითავისოთ, რომ არის ღირებულებები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება და მოვლა, რადგან მხოლოდ მათი ვიზუალური მხარის აღდგენით საქმე არ კეთდება (იკარგება ის სული, რომელიც თითოეულ ძეგლს, ნაკეთობას, ქვას აქვს), მეეჭვება  მავანთ გაბედონ და კანონის იგნორირებით, საბოლოოდ წაახდინონ ისედაც შელახული ქალაქის იერსახე. იმისდამიუხედავად, იქნება თუ არა „თბილისის ისტორიული ნაწილი“ იუნესკოს ძეგლთა სიაში, ეს ქალაქი თითოეული საქართველოს მოქალაქის კუთვნილებაა და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუაროთ მას.


Friday, January 13, 2012

რა არ გვაქვს ქართველებს

ბოლო ბოლო ერთხელაც გადავაბიჯე „გრუზინობას“ და ჩემ თავს ვკითხე, რა არის ისეთი რაც ქართველებს არ გვაქვს, რადგან ზეციური სამოთხიდან დაწყებული, განკითხვის დღის სამეტყველო ენით დამთავრებული გვაქვს. გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო მეტრო და აეროპორტი, სხვადასხვა ზომის და წყალწყვის შადრევანი, ყველა დღესასწაული 2-2 ჯერ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა სრულყოფილებას ხომ აქვს რაღაც ნაკლი. დავფიქრდი, რომ ალბათ იყო ისეთი რამეებიც, რაც ქართველებს, თვით ქართველებსაც კი არ გვაქვს. ჩემით მხოლოდ ის გამახსენდა, რომ ქართველებს არ გვაქვს ცუნამი. ქვეყანას, რომელსაც თავისი „ხმელთაშა ზღვა“, “საჰარა“ და „ალპები“ აქვს. ცუნამი იქით იყოს და ტაიფუნიც კი არ ყოფილა, ან ტორნადო, რა გახდა ერთი ნორმალური ტორნადო ასეთი მრავლისმნახველი ქვეყნისათვის? მერე გადავწყვიტე რაღაც მინი გამოკითხვასავით ჩამეტარებინა და ახლობელ, ნაცნობ, უცნობებში გავიკითხე რას ფიქრობდნენ რა არ გვაქვს ქართველებს. აღმოჩნდა, რომ რაღაც-რუღაცეები მაინც არ გვქონია და აი, რა: ჩემი მეზობელი არტაშ გრეგორიანი, აქ დაბადებულ-აღზრდილი, სულით-გულით ქართველი კაცი ფიქრობს, რომ არ გვაქვს ერთი ნორმალური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას ერთ სამას-ოთხას კაცს მიასიკვდილებდა. არ გვაქვს ნორმალური ადგილობრივი ლუდი, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სასმელი წყლის დიდი არჩევანი, მამაჩემი ფიქრობს. ერთი ჩემი თანაფორუმელის აზრით, არ გვაქვს რადიაციული კერის მქონე ერთი კაი, ჯანსაღი ობიექტი. სოლომონ გელაშვილი, ჩემი მამიდაშვილი (დამთავრებული აქვს მენეჯმენტის კურსები ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტში) ამბობს, რომ ნამდვილად არ გვაქვს მახათის ქარხანა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა ძალიან დიდია. ქსენია გოგოლაშვილის აზრით (უბრალოდ ქსენია გოგოლაშვილია), არ გვაქვს ქიმიური იარაღის საწარმო, რათა ერთხელაც ამ საწარმოდან ბიოქიმიურმა ნივთიერებებმა გაჟონოს და დედაბუდიანად ამოგვწყვიტოს. მე გამახსენდა კიდევ, რომ არ გვაქვს 60 გრადუსიანი ყინვა და 65 გრადუსიანი სიცხე. ჩემი მასაჟისტი ასკვნის, რომ არ გვაქვს შიდსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის შემთხვევა. ვლასა კორიფაძემ მომწერა ახლა, ამ წამს, მსოფლიო საოცრება არ გვაქვს არც ერთიო და როგორ გინდა არ დაეთანხმო კაცს? გვაქვს და ვმალავთ თუ? ბიძაჩემმა დამირეკა ციხიდან და მოვასწარი კითხვა. ის ფიქრობს, რომ ამდენი დამსახურებული საზოგადო/საჯარო პირის არსებობის პირობებში არ გვაქვს ერთი ფალოსის ქანდაკებაც კი, მაშინ, როცა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ის დგას. ბაჩი მეშველიანი ამტკიცებს, არ გვქონია ერთი ნორმალური მეწყერი და ზვავი, ისეთი საშუალო ზომის წყალტუბო რომ დაფაროს, რომელზეც მერე რომელიმე ლაზიკას ააშენებენ. ირაკლი გელაშვილი, ეისიდ ბარის მენეჯერი, ასევე ჩემი ძმაკაცი, რომელსაც შეუძლია 4 კბილი ერთდროულად ამოიღოს უანესთეზიოდ და ეგვიპტეში ზედიზედ სამჯერ წავიდეს, ფიქრობს, რომ არ გვაქვს არც ერთი მოქმედი ვულკანი, ისლანდიას ის რამდენიმე ათეული აქვს, ჩვენ არც ერთი. არ გვაქვს ატომური ბომბი, რომელსაც რომელიმე გაბრაზებული პრეზიდენტი თავზე დაგვაფეთქებდა, ჩვენი ნანა იტყოდა, რომ მეკითა, მაგრამ არ ვეკითხები. არ გვაქვს არც ერთი სექსშოპი (ჩემი მოსწავლე, 5 კლასი), აქ არაა ბურგერ კინგი და სტარბაქსი, ჰარდროკ კაფე (ჩემი ცოლისძმა), კენზოს, ჯორჯ რეჩის და გეპის ოფიციალური მაღაზიები - ჩემი ცოლი ამბობს ამას. (მადლობა ღმერთს ვამბობ მე). არ გვაქვს ჩვენი საამაყო „ვეფხისტყაოსნის“ სისტემური და კლასიკური, სრულყოფილი კვლევა. მუსიკოსი ხათუნა მაკალათიას აზრით, არ გვაქვს შემოქმედებითი წერის კურსები მაშინ, როდესაც ყოველ მესამე ქართველს ეწერინება. ლიტერატურათმცოდნე თამარ სუხიაშვილი გაკვირვებულია, რომ არ გვაქვს ჰორორის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები. არ გვაქვს ბუდისტური ტაძარი - გვამცნობს საქართველოს ტურისტული ცნობარი. ხოლო თუ გადახედავ მაღაზიების თაროებს, აღმოაჩენ, რომ არ გვაქვს ეროვნული წარმოების თეთრი შოკოლადი. არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რადგან თანამედროვე ხელოვნებას ყოველთვის რამდენიმე ათეული წლით ჩამოვრჩებით. არ გვაქვს სერვისი, რადგან ყველა ქართველი ბუნებით კლიენტია და არა მომსახურე პერსონალი. კინომონსტრი ია ვეკუა დაგვიდასტურებს, რომ არ გვაქვს ეროვნული წარმოების პორნოგრაფიული ფილმი და არ გვაქვს კონტრკულტურა. მორწმუნე რადიკალთა ულტრამემარჯვენე ფრთა აღფრთოვანებულია, რომ არ გვაქვს გეი პარადის ხილვის უზომო ბედნიერება. ყველა მოქმედი იურისტი დამეთანხმება - კანონმდებლობაში არ გვაქვს არც ერთი მუხლი ანტროფოფაგიის შესახებ. კითხეთ კინო „რუსთაველისა“ და „ამირანის“ ადმინისტრაციას, რატომ არ გვაქვს კინო ღია ცის ქვეშ. და საერთოდ, რატომ არ გვაქვს საიდუმლო ლაბორატორიები, სადაც (თავი გავანებოთ ადამიანებს), ცხოველებზე ჩაატარებდნენ სერიოზულ კვლევას. არ გვაქვს პროჭით კაკლის ტეხვის სამამულო ტექნოლოგია (კობა კენჭაძე. ზემო ონი. სოფელი ცხმორი. სჯობდა არ დამერეკა) (ნეტავ რატომ) არ გვაქვს ჩატარებული კვლევა უნდა თუ არა ერს ევროკავშირში შესვლა და იქ მოხვედრის არანაირი შანსიც არ გვაქვს. მხოლოდ ერთი ჩავლაც კი საკმარისია, რომ დავადგინოთ - არ გვაქვს რუსთაველის გამზირზე არც ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი და არც უფლება მიტინგის დროს ქუჩაში მოვკუკოთ. არ გვაქვს გენეტიკური კვლევის ლაბორატორია. ჩემი სიძის ბებიას შურას რომ კითხო, არ გვაქვს ნამუსი, თორემ დიდი ხნის წინ გადავშენდებოდით.

Sunday, May 1, 2011

ღილაკი


რიჩარდ მატესონი

ღილაკი

პაკეტი ზედ კარის პარმაღთან იდო – მუყაოს ყუთი, რომელზეც გაკრულად ეწერა მათი სახელები და მისამართი.
“მისის და მისტერ ლუისებს,
217 ე, ოცდამეშვიდე ქუჩა, ნიუ იორკი,
ნიუ იორკის შტატი, 10016.”
ამანათის შიგნით ხის პატარა, ოთხკუთხა ყუთი იდო, ერთადერთი ღილაკით და შუშის თალფაქით.
ნორმამ კართანვე სცადა თალფაქის მოხსნა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომაც შეეშვა და შახლში შეიტანა. ყუთის ფსკერზე ოთხადგაკეცილი ფურცელი იყო მიმაგრებული.
“მისტერ სტიუარტი საღამოს 8 საათისთვის შემოივლის.”
ნორმამ გადაიკითხა ბარათი, ღიმილით გადადო გვერდზე და სალათის გასაკეთებლად გავიდა სამზარეულოში.

ზუსტად რვისთვის კარზე ზარი გაისმა.
_ მე გავაღებ. _ გასძახა ქმარს ნორმამ.
სადარბაზოში საშუალო სიმაღლის კაცი იდგა.
_ მისის ლუისი ხართ? _ თავაზიანად იკითხა მოსულმა და შლაპა მოიხადა.
_ ჩემთან ხართ?
_ მისტერ სტიუარტი ვარ, მემ.
_ აა, კი... გაეღიმა ქალს. ახლა უკე გასაგები იყო, რომ ყველაფერი ეს გამყიდველის სარეკლამო ოინი იყო.
_ შეიძლება შემოვიდე? _ იკითხა მისტერ სტიუარტმა.
_ იცით, ახლა დაკავებული ვარ _ ოთახისკენ გაექცა ქალს მზერა _ თქვენს ყუთს ახლავე გამო...
_ არ გაინტერესებთ რა ყუთია?
ნორმა უხმოდ შეტრიალდა. ცოტა გააღიზიანა მოსულის სითავხედემ.
_ ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს თქვენთვის, იცით?! _ მიადევნა კაცმა.
_ ნუთუ? _ გამომწვევად ჰკითხა ქალმა.
მისტერ სტიუარტმა თავი დაუქნია _ ზუსტადაც!
ნორმა საბოლოოდ გაბრაზდა _ რას ყიდით?
_ ვყიდი? არა, არაფერს არ ვყიდი _ უპასუხა კაცმა და არტურიც გამოვიდა მისაღებიდან.
_ რა ხდება, რამე გაურკვევლობაა?
მისტერ სტიუარტმა თავი წარუდგინა.
_ აა, ეს რაღაც უცნაური ყუთი თქვენია, ხო?
_ თუ შემოსვლის ნებას დამრთავთ, აგიხსნით _ თქვა მისტერ სტიუარტმა და ჯერ ქმარს გახედა, მერე ცოლს.
არტური დაიბნა, თვითონაც გახედა ნორმას _ კარგი, შემოდით, უთხრა სტუმარს და მისაღებისკენ გაუძღვა.
მისტერ სტიუარტი სავარძელში ჩაჯდა და ჯიბიდან დალუქული კონვერტი ამოიღო.
_ აქ გასაღები დევს, რომლითაც ღილაკზე დაფარებული მინის თალფაქი იხსნება _ განმარტა და კონვერტი ჟურნალების მაგიდაზე დადო _ ღილაკი კი სპეციალური გადამცემით ჩვენს ოფისთანაა მიერთებული, ხო, ჩვენს ოფისზე მერე გეტყვით... ხოდა, თუკი...
_ და რატომ?
_ ...თუკი ღილაკს Dააჭერთ _ გაიღიმა მისტერ სტიუარტმა _ დედამიწის რომელიღაცა კუთხეში თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება... თქვენ კი... მილიონ დოლარს მიიღებთ.
ნორმას თვალის გუგები გაუფართოვდა. ყურადღებით დააკვირდა ჯერ კონვერტს და მერე სტუმარს, რომელიც ვითომც აქ არაფერიაო, ისე იღიმოდა.
_ ვერ გავიგე რაზე საუბრობთ. _ დაბნეულმა იკითხა არტურმა.
_ ახლა არ აგიხსენით? რა არის გაუგებარი? დააჭირეთ ღილაკს და მილლიონს მიიღებთ _ გაღიზიანებით თქვა მისტერ სტიუარტმა ისე, რომ სახიდან ღიმილი არ მოუშორებია.
_ ეს რა რამე ხუმრობაა ასეთი? იუმორისტული გადაცემიდან ხართ?..
_ რა შუაშია ხუმრობა? ესაა წინადადება და სავსებით სერიოზული...
_ შეგიძლიათ თქვენი ფირმის სახელი მითხრათ? ანს აბუთი გაქვთ რამე?
მისტერ სტიუარტი შეიშმუშნა _ ვშიშობ, რომ ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერი და გავლენიანია. ჩვენი...
_ არა, არ ღირს, მგონი თქვენი წასვლის დროა! _ წამოდგა არტური.
_ იქნებ... _ მისტერ სტიუარტიც წამოდგა.
_ ყუთი არ დაგავიწყდეთ.
_ იქნებ ერთი დღეც გეფიქრათ?
არტურმა არ უპასუხა. ყუთი და კონვერტი მაგიდიდან აიღო, ხელებში შეაჩეჩა სტუმარს და კარისკენ წავიდა.
_ ყოველი შემთხვევისთვის ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებთ, რას იტყვით? _ მისტერ სტიუარტმა ჯიბიდან ფურცელი ამოაძვრინა, გასასვლელში დადგმულ ტუმბოზე დადო და წავიდა.
სტუმრის გასვლისთანავე არტურმა სავიზიტო ბარათი შუაზე გახია და იქვე დაყარა.
_ შენი აზრით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? _ სავარძლიდან არც წამომდგარა ისე გამოსძახა ნორმამ.
_ ფეხებზე მკიდია!
ქალმა გაღიმება სცადა და არ გამოუვიდა.
_ საერთოდ არ გაინტერესებს?
_ არანაირად.
არტურმა ისევ წიგნი აიღო, ნორმა კი სამზარეულოში შებრუნდა და ჭურჭლის რეცხვა გააგრძელა.

_ ამ თემაზე საუბარს თავს რატომ არიდებ? _ ჰკითხა ნორმამ.
არტურმა ქალის ანარეკლს ახედა სარკეში ისე, რომ კბილების ხეხვა არ შეუწყვეტია.
_ დავიჯერო, ეს თემა არ გაინტრიგებს?
_ სიმართლე გითხრა, უფრო მეტად მაბრაზებს.
_ მესმის, მაგრამ... _ ნორმამ კულულების დახვევა განაგრძო _ თან ხომ გაინტრიგებს, აღიარე... სულ ცოტა მაინც. გგონია რომ ხუმრობა იყო? _ ეს უკვე საძინებელში შესულმა ჰკითხა.
_ თუ ხუმრობა იყო, მაშინ ძალიან უშნო და მდაბიო ხუმრობა ყოფილა.
ნორმა საწოლზე გადაწვა, თან ჩუსტები წაიძრო.
_ იქნებ ფსიქოლოგები არიან და ხალხზე ცდებს ატარებენ?
არტურმა მხრები აიჩეჩა.
_ შეიძლება.
_ არ გაინტერესებს რომ გაიგო?
კაცმა თავი გააქნია.
_ კი, მაგრამ რატომ?
_ იმიტომ, რომ ეს არც ნორმალურია და არც მორალური.
ნორმა საბნის ქვეშ შეძვრა.
_ მე კიდევ ძალიან მაინტერესებს... აი, ძალიან.
არტურმა შუქი გამორთო და საკოცნელად დაიხარა.
_ ძილი ნებისა.
_ ძილი ნების.
ნორმამ თვალები დახუჭა და “მილიონი დოლარი” გაიფიქრა.

დილით, სახლიდან გასვლამდე, ნორმამ ტუმბოზე დაყრილი გადახეული სავიზიტო ბარათი დაინახა. უნებურად აიღო, ჩანთაში ჩაიყარა და ლიფტში მომლოდინე ქმარს დაეწია.

სამსახურში, შესვენების დროს, ბარათი შეაწება. ფურცელზ მხოლოდ მისტერ სტიუარტის სახელი და ტელეფონი ეწერა.
ზუსტად ხუთ საათზე ქალმა ნომერი აკრიფა.
_ გისმენთ. _ მისტერ სტიუარტის ხმა იცნო.
ნორმამ კინაღამ გაუთიშა, მაგრამ თავი შეიკავა.
_ მისის ლიუისი გელაპარაკებათ.
_ დიახ, ქალბატონო. _ ხმაზე ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო.
_ იცით რა მაინტერესებს...
_ გისმენთ...
_ არა, რა თქმა უნდა, არც ერთ თქვენს სიტყვას არ ვენდობი...
მისტერ სტიუარტს ჩაეცინა _ მერწმუნეთ, ყველაფერი სიმართლეა.
_ ნუ, კარგი, ეგ არცაა მთავარი. აი რა მაინტერესებს... რომ თქვით ვიღაც მოკვდებაო, რას გულისხმობდით?
_ რაც ვთქვი, ზუსტად იმას. ეს შეიძლება ნებისმიერი ვინმე აღმოჩნდეს. ერთადერთი გარანტია, რისი მოცემაც შემიძლია ისაა, რომ ეს არ იქნებით თქვენ და თქვენთვის ნაცნობი ადამიანი. და რაც მთავარია _ თქვენ ამ ადამიანის სიკვდილის ყურება არ მოგიწევთ.
_ და ეს მილიონ დოლარად?
_ დიახ, დიახ. კი.
ქალმა დამცინავად ჩაიქირქილა.
_ სისულელეა რაღაც.
_ მესმის, რომ არ გჯერათ, მაგრამ ჩვენი წინადადება ასეთია _ თქვა მისტერ სტიუარტმა _ შემოვიარო ყუთით?
_ რა თქმა უნდა არა! _ გაბრაზდა ნორმა და ყურმილი დაახეთქა.

და მაინც, ამანათი კართან იდო. ნორმამ ის ლიფტიდან გამოსვლისთანავე დაინახა.
_ თავხედი ნახე რა! პრინციპულად არ ავიღებ! _ გაიფიქრა, ფუთას გადააბიჯა და სადილის მზადება დაიწყო.
რამდენიმე წუთი ითმინა, მერე სწრაფად გაბრუნდა დერეფანში, ამანათს ხელი დაავლო, სამზარეულოში შეიტანა და მაგიდაზე დადო.

ნორმა მისაღებში იჯდა, კოქტეილის წრუპავდა და ფანჯრიდან იყურებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, სამზარეულოში შებრუნდა კატლეტების გადასაბრუნებლად. ყუთს გახედა. ერთხელ, მეორედ. შემდეგ აირო და კარადის ყველაზე ქვედა უჯრაში ჩადო _ ხვალ დილით გადააგდებს.

_ რას ვფიქრობ, იცი? იქნებ ვინმე ექსცენტრიული მილიონერის გართობაა? _ თქვა ქალმა.
არტურმა ჭამა შეწყვიტა.
_ ვერ მივხვდი რა გინდა მაგით მითხრა.
ისინი ჩუმად მიირთმევდნენ კატლეტს. მოულოდნელად ნორმამ ჩანგალი გადადო.
_ და იქნებ ეს ყველაფერი სერიოზულადაა?
არტურმა კითხვის თვალებით შეხედა, გემრიელად ილუკმებოდა.
_ და რა მერე? _ მხრები აიჩეჩა კაცმა _ ვთქვათ მართლაც ეგრეა, რას იზამდი? იმ ყუთს დააბრუნებდი და ღილაკს თითს დააჭერდი? მოკლავდი ვინმეს?
ნორმას სახეზე ზიზღი აღიბეჭდა.
_ რას ქვია მოვკლავდი?
_ აბა ეს რა არის, შენი აზრით? პირობა ხომ გასაგებად აგვიხსნეს – დააჭერ ხელს და სადღაც ვიღაც მოკვდება.
_ ხო, მაგრამ, ჩვენ ხომ არც გვეცოდინებოდა ის ადამიანი?
არტური გაოცებული დარჩა.
_ სერიოზულად ამბობ მაგას?
_ იქნება ვიღაც ჩინელი ბებრუხანაა, აქედან ათი ათასობით მილის იქით, ბრინჯის ყანაში რომ აკლავს თავს და სიკვდილი მისთვის შვებაა? ან იქნებ კონგოელი ავადმყოფი... ეე... ვინმე.
_ და ხომ შეიძლება ის “ვინმე” პენსილვანიელი ახალშობილიც იყოს? _ გაბრაზდა არტური _ ან მშვენიერი, სიცოცხლის მოყვარული გოგონა გვერდით სადარბაზოდან?..
_ რატომ იცი ყველაფრის შეგნებულად დამძიმება?
_ ...და საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოკვდება? ყველა ვარიანტში ეს იქნება მკვლელობა.
_ ესე იგი, თუე ს ისეთი ადამიანი იქნება, ვინც ცხოვრებაში არ გინახავს და ალბათ ვერც ვერასოდეს ნახავ _ თავისას არ იშლიდა ნორმა _ ის, ვის სიკვდილსაც მაინც ვერასოდეს გაიგებ, ღილაკს მაინც არ დააჭერ?
არტური გაოცებული უყურებდა ცოლს.
_ გამოდის, რომ შენ დააჭერდი?
_ მილიონ ამერიკულ დოლარზეა საუბარი, არტურ!
_ რა შუაშია აქ...
_ მილიონი? _ სიტყვა გააწყვეტინა ნორმამ _ ევროპაში წავიდოდით... ოდესმე ავიდენთ მაგ ოცნებას?
_ არ მჯერა, ნორმა.
_ იმ კოტეჯსაც ვიყიდდით _ აღარ ჩერდებოდა ქალი და შეპყრობილივით ცახცახებდა.
_ არა-თქო! _ არტური გაფითრდა. მაგიდიდან წამოხტა და ხელსახოცი თეფშზე დააგდო _ აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი, გასაგებია?
ნორმაც ერთბაშად გამოფხიზლდა თითქოს, მხრები აიჩეჩა.
_ კარგი, როგორც გინდა.

დილით იმაზე ადრე ადგა, ვიდრე დგებოდა. არტურისთვის ბეკონი, კვერცხი და ბლინები გაამზადა.
ქმარს ცოტა არ იყოს გაუკვირდა ცოლის გულმოდგინება. როგორც წესი, ნორმას ესიკვდილებოდა ხოლმე საუზმის გამზადება.
_ რასთან დაკავშირებით... ასე?
_ არაფერთან დაკავშირებით. _ ეწყინა ნორმას _ ისე რა...
_ არა, ძალიან მესიამოვნა....
ქალმა ყავით გაუვსო ჭიქა.
_ მინდოდა მეჩვენებინა, რომ მე...
_ რა?
_ რომ მე ეგოისტი არ ვარ.
_ და მერე ვინ გითხრა რომ ეგოისტი ხარ? მე ოდესმე მსგავსი რამ მითქვამს?
_ ნუ, _ ხელი აიქნია ქალმა _ წუხელ...
არტური დუმილით აკვირდებოდა ცოლს.
_ ... ღილაკზე საუბარი მგონი არასწორად გამიგე წუხელ.
_ რა გაგებით? _ ხმაში დაძაბულობა შეეპარა კაცს.
_ შენ ჩათვალე, რომ... ჩათვლიდი, რომ... ქალმა ისევ აიქნია ხელი _ ... რომ მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ.
_ აა...
_ ხოდა, იცოდე რომ არაა ასე. როცა ევროპაზე და კოტეჯზე ვლაპარაკობდი...
_ ნორმა, ეს თემა ასე ძალიან რატომ გაღელვებს?
_ უბრალოდ, ვცდილობ ავხსნა _ გულამომჯდარმა ამოისუნთქა ნორმამ _ რომ მე ჩვენზე ვფიქრობდი და არა ჩემზე. რომ ჩვენ და არა მე ვნახოთ ევროპა, რომ ჩვენ ვიყიდოთ კოტეჯი. უკეთესი ავეჯი, ბინა და ტანსაცმელი რომ გვქონდეს, ამას ვგულისხმობდი. და ოდესმე, ხომ უნდა ვიყოლიოთ ბავშვი?
_ ვიყოლიებთ.
_ როდის?
კაცმა შეშფოთებულმა შეხედა.
_ ნორმა!
_ როდის?
_ სერიოზულად... სერიოზულად მიმტიკცებ, რომ...
_ გიმტკიცებ, რომ ეს ყველაფერი, სინამდვილეში, ერთი ჩვეულებრივი გამოკვლევაა _ გააწყვეტინა ნორმამ _ მათ აინტერესებთ, როგორ მოიქცევა საშუალოსტატისტიკური ადამიანი ასეთ ვითარებაში. მგონია, რომ ისე, სიტყვით ამბობენ, თითქოს ვიღაც მოკვდება, რომ ჩვენი რეაქცია... სინამდვილეში... შენც ხომ გგონია, რომ სინამდვილეში, არც არავის მოკლავენ? ხო?
არტურმა არ უპასუხა. ხელები უკანკალებდა. ცოტა ხანი უყურა. მერე ადგა და წავიდა.
ნორმა მაგიდასთან დარჩა. ფინჯანს ჩასცქეროდა.
“სამსახურში არ დავაგვიანო!”
მხრები აიჩეჩა. “მერე რა? რა ვალდებულია იმუშაოს? იჯდება სახლში და არა იმ... დაუნების კანტორაში.”
ჭურჭლის ალაგებისას, ნორმა მოულოდნელად შეჩერდა, ხელები გაიწმინდა და კარადის ქვედა უჯრიდან ფუთა ამოიღო, მაგიდაზე დადო, კონვერტიდან გასაღები გადმოაგდო და თალფაქი მოხსნა.
სანამ დააჭერდა, კარგა ხანი უყურებდა ღილაკს. საოცარია... და რა არის აქ განსაკუთრებული?
ნორმამ ხელი გაიწვდინა და ღილაკს თითი დააჭირა. ჩვენს გამო! გაიფიქრა ოდნავი გაღიზიანებით და შფოთმა შეიპყრო.
გაურკვეველი შიშის ტალღამ მთელი მისი არსება მოიცვა, მაგრამ მალევე გაქრა _ სისულელეა ასეთ აბდა-უბდას ყურადღება მიაქციოს ჭკუათმყოფელმა ადამიანმა. ყუთი, თალფაქი და გასაღები სანაგვე ყუთში ჩააგდო და ჩაცმა დაიწყო.

ნორმა დაბეგვილ ხორცს წვავდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. მარტინიანი ჭიქა დადგა და ყურმილი აიღო.
_ მისის ლუისი ხართ?
_ დიახ.
_ “ლეგოკს ჰოლის” საავადმყოფოდან გირეკავთ.
ნორმა ისე უსმენდა, თითქოს ძილბურანში იყო _ მეტროში, ჯგლეთაში მოყოლილი არტური ბაქნიდან გადავარდა და მატარებლის ქვეშ მოჰყვა. უბედური შემთხვევა.
დაკიდებული არ ჰქონდა ყურმილი, რომ გაახსენდა _ არტურს საკუთარი სიცოცხლე ხუთასი ათასად ჰქონდა დაზღვეული, ორმაგი კომპენსაციით, თუკი...
არა! ფეხზე ძლივს ადგა. სამზარეულოსკენ წალასლასდა და სანაგვიდან ყუთი ამოიღო. არანაირი ლურსმანი, ან სჭვალი. გაუგებარი იყო, როგორ აეწყოთ ეს ღილაკიანი მანქანა.
გაცეცხლებულა ნორმამ ყუთი ნიჟარის კიდეს ჩამოკრა და ხე შუაზე გადასკდა.
მავთული, ტრანზისტორი, ან ნათურა შიგნით არ აღმოჩნდა _ კოლოფი ცარიელი იყო.
ნორმა შეხტა, როცა ტელეფონის ზარი გაისმა. პასუხის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ზარი არ ჩერდებოდა. მისაღებისკენ წავიდა და ყურმილი აიღო.
მისტერ სტიუარტი რეკავდა.
_ თქვენ... თქვენ... შენ ხომ თქვი, რომ მე არ მეცნობებოდა ის, ვინც მოკვდებოდა!
_ ჩემო ძვირფასო, მისის ლუის _ მშვიდად თქვა მისტერ სტიუარტმა _ ნუთუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ იცნობდით საკუთარ ქმარს?


თარგმნა გურამ მეგრელიშვილმა

Friday, October 8, 2010

რეცენზია მოთხრობაზე "მწერალი" ავტორი სონია ქართველიშვილი

K გურამ მეგრელიშვილის “მწერალი”

კინემატოგრაფში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ტენდენცია, რომელზეც აქტიურად ალაპარაკდნენ სიახლეებზე ჩასაფრებული და ორიენტირებული კრიტიკოსები, რომლებსაც მუდამ იმის კომპლექსი აქვთ, რაღაც ისეთი არ გამორჩეთ, რაც წლების შემდეგ ტენდენციადDდა მიმდინარეობად თუ არა, სიახლედ შეირაცხება. ამ ახალი ტენდენციის მოკლედ ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება: მაქსიმალური ნატურალიზმის მიღმა მაქსიმალური სიმბოლიზმი. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ რუმინული კინემა-ტოგრაფის უკანასკნელი პერიოდის რამდენიმე ფილმი, რომელთაგანაც ყველაზე თვალსაჩინოდ ეს ტენდენცია ქრისტიან მუნგიუს ფილმში “სამი თვე, 6 კვირა, 2 დღე” გამოიკვეთა. “ოქროს პალმის რტოს” ლაურეატ სურათში აქტუალური სოციალური პრობლემა _ არალეგალური აბორტი საოცრად ნატირალისტურად არის რეპრეზენტირებული და სიმბოლურად პოსტ-საბჭოთა რუმინეთის სულიერ აბორტსა და შინაგან სიცარიელეს განასახიერებს. ასე იქცევა, ერთი შეხედვით, კამერული ისტორია, აქტუალური პრობლემის რეპრეზენტირების მცდელობად.
გურამ მეგრელიშვილის მცირე ფორმის მოთხრობაში “მწერალი”, პირველივე აბზაციდან თვალში გვხვდება ყოფითი რეალობა, ყველგვარი შელამაზების, უტრირებისა და მხატვრულობის გარეშე. ყოფითობა და ნატურალიზმი ხშირად გამაღიზიანებელია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად ზუსტად ასახავს თანამედროვეობის სურათს, იმდენად ორგანული და ახლობელია ეს პრობლემა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ იმაზე ფიქრის დრო არ რჩება, დაიწყოს გაანალიზება_შედარება ლიტერატურის ენასა და ჩვეულებრივ სამეტყველო ენას შორის არსებულ მთავარ გამსხვავებებზე დ ტროპის სახეობების თითქმის არარსებობაზე.
ნაწარმოების ერთი ამოსუთქვით წაკითხვას ხელს უწყობს ლაკონურობა, ყოველდღიურობის რეპრეზენტირების ოსტატური მცდელობა, რისთვისაც ისეთი ისტორიებია შერჩეული, რომლის მომსწრე და მონაწილე არაერთხელ ვყოფილვართ. წარმოჩენილია ორი თაობის სატკივარი, რომელიც ნებისმიერ ოჯახში ერთმანეთს ეჯახება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის _ ბაზრობაზე დგომით გაწამებული მამა, რომელიც მზად არის მათრახიც კი დაირტყას და უმუშევრობისგან, უსაქმურობისგან, ნარკოტიკებისა და უპერსპექტივობისგან ტვინგადაღლილ-არეული შვილი, რომელიც სულიერი დეპრესიის დამარცხებას ოჯახის შექმით ცდილობს და სწორედ ამის შემდეგ ხვდება, რომ მისი ყველა პრობლემა სათავეს სოციალური ფაქტორიდან იღებს (პერსონაჟი ხომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მეუღლისთვის საკუთარი ფულის ბიუსგალტერის ყიდვაც კი არ შეუძლია).
ეს მოთხრობა ერთი ყოფითი და კამერული ისტორია იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ავტორი ოსტატურად, ზედმეტი აქცენტების გარეშე, აპარებს მკითხველს და რაც ამ საყოფაცხოვრებო ჩანაწერს ლიტერატურულ ნაწარმოებად აქცევს. პირველი არის მთავარი პერსონაჟის, დათოს პროფესია _ ის მწერალია. და მეორე, აბსურდული ისტორია ვიღაც გაურკვეველი ტიპის, ვახტანგის შესახებ, რომელსაც აქვს ფული და აქვს მოთხოვნილება ადამიანები გაროზგოს, ანუ დაიმონოს. აბსურდის დრამის ელემენტები იმდენად ორგანულად არის ნაწარმოების საერთო ხედთან სინთეზირებული, რომ ხმამაღალი და წარმოუდგენელი კი არა, საოცრად ლოგიკური და ბუნებრივი გვეჩვენება უჩვეულო შემოთავაზება. ის იმაზე მეტად აბსურდული ნამდვილად არ არის, ვიდრე მარკეტინგული ქსელის რეკლამირება და ამ ხერხით ფულის გამოძალვა სამუშაოს ძებნას დახარბებლი მასისთვის.
ამასთან ერთად, მოთხრობა სიმბოლურად განასახიერებს მწერლისა და ხელისუფლების ურთიერთობას და ზოგადად ლიტერატურის მდგომარეობას ქვეყანაში. ამ თემაზე დღესაც ბევრს საუბრობენ და კამათობენ საზოგადოებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ მწერალი თავისუფალი უნდა იყოს, ის აქტიურად არ უნდა ერეოდეს საზოგადოების ცხოვრებაში, მაგრამ რეალობა ჯიუტია, ფაქტები კი გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ მწერლის მატერიალური კითილდღეობა პირდაპირპროპორციულია იმისა, რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს ხელისუფლებას ეს ადამიანი, ან რამდენად ახლოსაა მისი შემოქმედება კონკტეტული “ვახტანგების” პიროვნებასთან. გურამ მეგრელიშვილი მიიჩნებს, რომ ხელისუფლებასთან მატერილური კეთილდღეობისთვის თანამშრომლობა მონობის ტოლფასია, ყოველ შემთხვევაში, ნაწარმოებში ეს ასე იკითხება. აქ ხომ პერსონაჟები მანქანისა და ბინის შესაძენად ყველანაირ მსხვერპლს თანხმდებიან? ამ შემთხვევაში კი ღირსებასა და მორალზე საუბარიც ზედმეტია და თუ მამების თაობამ შვილების კეთილდღეობისთვის ცხოვრების საუკეთესო წლები ბაზრობებზე გაატარა, ახალი თაობა შვილების გადასარჩენად გაცილებით დიდ მსხვერპლზე მიდის _ მონობაზე თანხმდება, მაშინაც კი, როცა მწერალია და შედარებთ მაღალ მატერიებზე ფიქრის ამბიცია აქვს.
სტრუქტურულად ნაწარმოები საკმაოდ საინტერესო და ორიგინალურია, თითოეული ეპიზოდი დასათაურებულია, თითქოს, აგეგმილია ის ყველა საფეხური, რომელიც გმირმა გაიარა, რომ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მისულიყო, რასაც ნაწარმოების ფინალში აკეთებს: “ზოგჯერ რა უცნაური შემოთავაზება იცის ბატონმა ვახტანგმა”. სიტყვით “ უცნაური” და არა მაგალითად “ ამაზრზენი”, “საზარელი”, ის თითქოს, საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობს და თავს ინუგეშებს, იმით, რომ რომ მხოლოდ ვიღაცის უცნაურ სურვილებს ასრულებს, უცნაურს და არა საზარელს.
მაქსიმალური ნატურალიზმი აქაც მაქსიმალური სიმბოლიზმია, როგორც ჩანს, ქართულ ხეოლვნებაში, კერძოდ, ლიტერატურაში, იკვეთება ის ახალი ტენდენციები, რაც მსოფლიო კულტურულ სივრცეში იკიდებს ფეხს, ფორმირების პროცესშია, რადგან თავის ფორმებში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მაგრამ როგორც წესი, ჩამოყალიბების პროცესი ბევრად საინტერესოა, ვიდრე თავის ფორმას, თემასა და იდეაში უკვე სტილიზებული ნაწარმოები.