Wednesday, May 22, 2013

რამდენიმე შეკითხვა იძულებით აცრებზე



გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პოსტი მომზადებული არაა ექიმის მიერ და გამოხატავს საზოგადოების 2 ნაწილის აზრს: ვინც მომხრეა აცრების და ვინც ეწინააღმდეგება იძულებით იმუნოზაციას



დედამიწაზე რამდენიმე მილიონი ტიპის ბაქტერიაა. ბევრი მათგანი ჩვენს სხეულზე და ჩვენში ცოცხლობს. მათ შორის ვირუსებიც.
ვირუსი ესაა სიცოცხლის უმარტივესი ფორმა და წარმოადგანს რაღაც გენეტიკურ კომპიუტერული პროგრამის ანალოგს. ისინი ცისფერი ბურთულაკებია, რომლებიც მოხვდებიან რა ადამიანის ორგანიზმში, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ გამრავლებას და შეტევას ორგანიზმზე.

როდესაც ვირუსი უჯრედში ხვდება, აპროგრამირებს ისე, რომ ეს უკანასკნელი თვითონვე იწყებს ვირუსების „წარმოებას“, თავად კი კვდება.
ყველაფერ ამას ძლიერი ბუნებრივი ანტივირუსული დაცვის სისტემა სჭირდება, რომელიც სწრაფად მოდის აზრზე  და იწყებს არა ვირუსის წარმოებას, არამედ განადგურებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი იმუნური სისტემა, რომელიც ლიმფოციტების სახითაა წარმოდგენილი.
ლიმფოციტები ძლიერი უჯრედებია, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებს და სხეულში შეჭრილ ვირუსებს სწრაფად ანადგურებს.

დღემდე, დედამიწაზე არ შექმნილი ისეთი ძლიერი ხელოვნური ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც ლიმფოციტებია.
მაგრამ მაინც, კაციობრიობის ისტორიამ გამოიგონა ვირუსებთან ბრძოლის ხელოვნური საშუალებაც, ვაქცინაცია (რომლის ჩანასახებს ჯერ კიდევ ძველ ჩინელებთან, ინდოელებთან ვხვდებოდით - ისინი დაავადებული ადამიანის გახრწნილი ორგანიზმიდან აღებულ უჯრედოვან ქსოვილებს ფხვნილში ურევდნენ და ჯანმრთელ ადამიანს ასუნთქებდნენ, რათა ამ უკანასკნელს მსუბუქ ფორმაში გადაეტანა დაავადება). ვაქცინაცია მოდის სიტყვიდან „ვაკა“ - ძროხა. პირველი პრეპარატი, რომელიც ექიმ ჯეიმსს მიეწერება, სწორედ „ძროხის ყვავილის“ სახელითაა ცნობილი (ცხოველს ხელოვნურად აავადებდნენ და ამის მერე, მუტირებულ მაგრამ შედარებით იოლ ფორმას ხელოვნურად უშვებდნენ ადამიანის ორგანიზმში).

მე-19 საუკუნიდან მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაცია ძალას იკრებს და მთელ მსოფლიოში „სტანდარტი“ ხდება (თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალითად ქალაქი ლესტერი ბრიტანეთში, სადაც ირგვლივ გამეფებული ეპიდემიის დროს ქალაქმა არათუ უარი თქვა ვაქცინაციაზე, არამედ მასობრივი დემონსტრაციებით ზოგადად ვაქცინაცია გააპროტესტა. სასწაული იყო ის, რომ ვირუსული ეპიდემია სწრაფადვე გაქრა).
მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ვაქცინაციის აუცილებლობამ ლამის სავალდებულო სახეც მიიღო. ადამიანი, ვინც აცრას არ იკეთებს, ხშირად ლექციებზე, სკოლაში, ბაღში დაშვებული არაა. ხდება მისი „გარიყვა“, როგორც პოტენციური ვირუსომატარებლისა (ეს არა მხოლოდ ადამიანებს, ქვეყნებსაც შეეხოთ, მაგალითად ჩინეთი).

მოგვიანებით, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი იწყებს აცრების საწინააღმდეგო გამოსვლებს. ისინი ამტკიცებენ, რომ აცრა, რიგ შემთხვევაში არათუ დაავადების პრევენციას, საერთოდ იმუნური სისტემის დანგრევას იწვევს (რადგან ანტისხეულები ებრძვიან არა ბუნებრივ, არამედ ხელოვნურ სხეულებს - შედარებისთვის, ძროხას რომ პლასტმასის ბალახი აძოვო და მერე რძეს ელოდო). ამ აზრის მომხრეები იყვნენ ისინიც, ვინც არა ზოგადად აცრას, არამედ ყველას აცრას ეწინააღმდეგებოდნენ (და არგუმენტად მოყავდათ მაგალითი, როდესაც ძველი ტრადიციის მიხედვით, ყვავილით დაავადებულ ბავშთან 10 სხვა ჯანმრთელი ბავშვი მიყავდათ, რომ მათ ბუნებრივი სახადი მოეხადათ, მაგრამ ათიდან ხშირად მხოლოდ 1-2 თუ ავადდებოდა), მათი აზრით, მასობრივი აცრა დანაშაულია იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი ადამიანი მედეგია ამათუიმ დაავადების მიმართ და მისი ხელოვნური იძულებითი დაავადება (აცრისას ადამიანს მსუბუქად აავადებენ, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს), შეიძლება სხვა, გვერდითი დაავადებების გამომწვევი აღმოჩნდეს.

ამ თეორიის მომხრე ბოლო წლებში ბევრი ქვეყანა, მათ შორის იაპონიაცაა, სადაც უკვე მასობრივ ჯგუფურ იმუნიზაციას აღარ ატარებენ, არამედ მხოლოდ დეტალური გენური გამოკვლევების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას რომელი დაავადების მიმართ შეიძლება კონკრეტულ ადამიანს ჩაუტარდეს კონკრეტული ვაქცინაცია.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აცრა დამატებითი დატვირთვაა იმუნური სისტემისთვის, რომელსაც ისედაც უწევს გამუდმებული ბრძოლა ანტისხეულებთან, ამ დროს კი აცრა, ხელოვნური ვირუსის შეყვანა (და თან ხშირად ერთდროულად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგოა ეს აცრა) მის დემობილიზაციას იწვევს (ეს იმას ჰგავს, მცირერიცხოვან არმიას, რომელიც თავისივე მსგავსთან იბრძვის ხელოვნურად დაუპირისპირო ათჯერ უფრო დიდი ჯარი, რომელსაც არა ერთ, არამედ რამდენიმე ფლანგიდან შეუსევ) და ესაა ბრძოლა არა დაავადების, არამედ ადამიანის ბუნების წინააღმდეგ (რადგან სათითაოდ ყველა დაავადებასთან გამკლავება თუ არ გაუჭირდებოდა ორგანიზმს, ერთდროულად ბევრთან გასწორება ძალიან ძლიერი ორგანიზმისთვისაც წარმოუდგენლად რთულია).

ამ აზრის მომხრეები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან აზრს იმის შესახებ, რომ თანამედროვე ტენდენციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი და ავადმყოფი ბავშვების აცრა, რადგან პრეპარატის გვერდითი მოვლენების სრული გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელია აცრა სუსტი ბავშვი და ეს მის ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი არ აღმოჩნდეს. „თუ შენ არ იცი როგორ ვითარდება ბავშვის ორგანიზმი, უფლება არ გაქვს მასზე ცდები ატარო“ - ამტკიცებს ექიმების ნაწილი.

არის შეხედულება, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ვაქცინაციის კალენდარი დამახინჯებულია და ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს (მაგალითად, სამშობიარო სახლშივე კეთდება ჰეპატიტ ბ-ს და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრები, რაც ექიმთა ნაწილის აზრით, ნაადრევია). ამ ვერსიის მომხრეები, ითხოვენ კალენდარმა გადაიწიოს რამდენიმე წლით და ბავშვის აცრა მოხდეს (გარდაუვალი აცრების გარდა) 3-5 წლის მერე.

ისინი ამტკიცებენ, რომ სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ლატალური შემთხვევა დაფიქსირებულია ცოფის და დიფტერიის აცრების შემდეგ (სიკვდილიანობის გარდა, ეს აცრა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბავშვის ორგანიზმითვის, განსაკუთრებით თუ ის სუსტი და ნაკლებგანვითარებულია, ძალიან რთული გადასატანია) სწორედ ამიტომ ამ აცრაზე დიდი ხანია უარი თქვა იაპონიამ, შვედეთმა, ნორვეგიამ და ბევრმა სხვა ცივილიზებულმა ქვეყანამ.

კიდევ ერთი მოწინააღმდეგეები, რომლებიც აპროტესტებენ გაუაზრებელ და ქაოტურ აცრებს  ამტკიცებენ, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან არა თავად აცრის, არამედ აცრის სპეციალური გენეტიკური გამოკვლევების გარეშე (ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და საეჭვოა საშუალო ფენის ადამიანმა თავს უფლება მისცეს გენეტიკური გამოკვლევა ჩაუტაროს ბავშვს). ქაოტური აცრების მოწინააღმდეგეები (ძირითადად ამ რიცხვს იმუნოლოგები მიეკუთვნებიან), თვლიან, რომ არაკომპეტენტურმა ექიმებმა (პედიატრებმა, პოლიკლინიკის ექიმებმა თუ სპეციფიკური განათლება ინფორმაცია არ აქვთ ბავშვის იმუნურ სისტემაზე) თავს უფლება არ უნდა მისცენ განურჩევლად ყველა აცრან გულდაგულ გამოკვლევის გარეშე. თავიანთ აზრს ისინი ასაბუთებენ იმითაც, რომ 90-იანი წლებიდან რიგ განვითარებად (ძირითადად მესამე დონის) ქვეყნებში, ექიმების მხრიდან მშობლების დარწმუნების (აცრან ყველა ბავშვი ყველა დადგენილი წესით და პრეპარატით) სანაცვლოდ, მათი ეკონომიკური დაინტერესებაც უნდა მოხდეს.

შედარებით ნეიტრალურად განწყობილი პედიატრები და იმუნოლოგები გამოსავალს შერჩევითი სახის აცრებში ხედავენ. მათი თქმით, საჭიროა მოხდეს შედარებით რთული და შედარებით მსუბუქი დაავადებების კლასიფიკაცია და მხოლოდ ამის მიხედვით აიცრას ბავშვები. (მათი რჩევით, ყბაყურის ბუნებრივ პირობებში გადატანა ორგანიზმისთვის მძიმე სტრესი არაა და არც რაიმე საშიშროებას წარმოადგენს განსხვავებით, ვთქვათ, B-ჰეპატიტისგან, მითუფრო თუ დედა ამ ვირუსის მატარებელია).

ბევრი ექიმი დაჟინებით მოითხოვს გადაიხედოს ჩვენში დამკვიდრებული საბჭოთა სტანდარტი ყველა ბავშვს ერთნაირად განურჩევლად ერთი წამალი ამერიკაში დამკვიდრებული წესით, როდესაც აცრამდე (მაგალითად ჰეპატიტზე) ხდება არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის, არამედ მშობლების ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვებაც და ყველა მათგანს ინდივიდუალურად, სხვადასხვა დოზით და აუცილებლად ამინოგლობულინის დამატებით ცრიან.

აცრების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის მონაცემებს რამდენი %-ია აცრების შედეგად დაავადებული და გარდაცვლილი ბავშვებისა. ამ სტატისტიკის გაკეთება იმ მხრივაც რთულია, რომ რიგი აცრებისა, მოქმედებას იწყებს დღეების, კვირების მერე და დადასტურება იმსა, რომ ლატალური შედეგი სწორედ აცრის ბრალია, რთული დასადგენი ხდება.

ვაქცინა, ჯერ ლაბორატორიაში მუშავდება, შემდეგ ხდება მისი გამოცდა ცხოველებზე, შემდეგ ადამიანზე (შეთქმულების თეორიის მომხრეები შორს მიდიან და თვლიან, რომ ცხოველსა და ადამიანს შორის კიდევ ერთი რგოლია - მესამე სამყაროს ქვეყნები). თუ რომელიმე ეტაპზე ვაქცინამ არ იმუშავა, ხდება მისი დაწუნება, მაგრამ რადგან ვაქცინის შედეგების ნახვა დროში გაწელილი პროცესია, ხშირ შემთხვევაში, პრეპარატი ბაზარზე შედის და მხოლოდ გახშირებული სიკვდილიანობის და უკუჩვენების შემდეგ ხდება წამლის უკან გამოწვევა (რა თქმა უნდა ამას ფარმაცევტული კომპანიები ჩუმად და ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე აკეთებენ). მესამე სამყაროს ქვეყნებში კი (ჩვენ მაგალითზე ეს კარგად შეგვიძლია განვიხილოთ) ხდება ისეც, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წუნდებული პრეპარატი წლების განმავლობაში გამოიყენება და სახელმწიფო მას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს მომხმარებელს (ამიტომაცაა ჩვენში დამკვიდრებული პრაქტიკა პოპულარული, როდესაც უფასო აცრების პარალელურად, „შინაური“, „კეთილმოსურნე“ ექიმი ჩურჩულით გირჩევს შეიძინო არა ინდური პრეპარატი, არამედ ბელგიური ფასიანი). ამის მაგალითია ამერიკაში, 50-იან წლებში მასობრივი აცრების შედეგად აღმოჩენილი პოლიმელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის უარყოფითი შედეგები, როდესაც პრეპარატში აღმოაჩინეს (წლების მერე) ძლიერი იმუნოდამთრგუნველი ნივთიერება სვ-40, რომელიც კიბოს ძლიერი მაპროვოცირებელი აღმოჩნდა. (სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს თუ დავუჯერებთ http://cancercontrol.cancer.gov/brp/tcrb/monographs/8/m8_2.pdf ბოლო 100 წლის განმავლობაში, 50-60 იანი წლები ამერიკაში ყველაზე დიდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა კანცერით გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემით. ეს მერე სიგარეტის მწეველების ხარჯზე გაზრდილ სტატისტიკად მოინათლა).

აცრისას, ორგანიზმში პრეპარატი პირდაპირი სახით, სისხლში გადადის და ამით ორგანიზმს საშუალება აღარ ეძლევა უცხო ანტისხეულებს ებრძოლოს და იმუნური თავდაცვა გამოიმუშავოს. იმ პირობებში, როდესაც არის ეჭვი, რომ ამ პრეპარატებში დიდი რაოდენობითაა ფარმადეგინი, ალუმინიუმი ვერცხლისწყალი, რომლებიც ანტისხეულებთან ერთად პირდაპირ შედის ორგანიზმში.
აცრებისას, პრეპარატებში გვხვდება დიდი რაოდენობით ტოქსინები და გენმოდიფიცირებული პროდუქტები.
(ფენოლი - მაღალი ტოქსინობის ნივთიერება, რომელიც მიიღება ფისისგან. ამ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს შოკი, სისუსტე, კონვულსია, თირკმელების სრული პარალიზება, გულის უკმარისობა და ბოლოს - სიკვდილი. ფენოლი ცნობილი პროტოპლაზმური შხამია. ის ძლიერ ტოქსიკურია. მისი სხეულში მოხვედრა ფაგოციტოზს და შესაბამისად პირველად იმუნურ რეაქციას ახშობს, ასე რომ, ვაქცინები, რომლებიც ფენოლს შეიცავენ არათუ ხელს უწყობენ, პირიქით - უშლიან იმუნიტეტის გაძლიერებას.)

ყველაფერ ამის ფონზე, ექიმთა ნაწილი და ფრთხილი მშობლები, მოითხოვენ არა ზოგადად აცრების სრულ აკრძალვას, არამედ პრეპარატების დეტალურ, ძირფესვიან შემოწმებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი „შემთხვევითობა“ და მესამე ქვეყნებისათვის ჩვეულებრივი უკუ ჩვენებების რიცხვმა იკლოს. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ როგორც წესი, არც ერთი ექიმი არასოდეს აღიარებს საკუთარ შეცდომას და დაუდევრობას, რიგით ქართველს კი იმის ფინანსური საშუალება არ გააჩნია, მაღალგანვითარებული სახელმწიფოს მოქალაქეებივით საკუთარი შვილი ექსპერიმენტის მსხვერპლი არ გახადოს, ბედისწერას არ მიანდოს არა მხოლოდ პირმშოს, არამედ ქვეყნის მომავალიც და ძვირადღირებული დნმ-გამოკვლევის შედეგად არ მიიღოს გადაწყვეტილება აცრას თუ არა ამა-თუ-იმ დაავადების წინააღმდეგ შვილი. ხოლო აცრისას, იგი ფაქტობრივად დარწმუნებული უნდა იყოს (რაც ჩვენ რეალობაში პრაქტიკულად გამორიცხულია), რომ მის შვილს ზუსტად იმავე პრეპარატს უშხაპუნებენ კანქვეშ, რასაც რომელიმე მაღალგანვითარებული ქვეყნების მოქალაქეების შვილებს, რომ პრეპარატების შერჩევა არა რომელიმე მოსყიდული თუ უგულისყურო ექიმის გემოვნების საკითხი, არამედ სახელმწიფო შერჩევის, ჯანდაცვის სამინისტროს არაზერელე სკრუპულოზურად შესწავლილი გამოკვლევის და დასკვნის შედეგია. საქმე ხომ არა დასაკლავად გამზადებულ ხბოებს და გოჭებს - ჩვენ შვილებს, ადამიანებს ეხებათ.









Monday, May 20, 2013

F63.0




F63.0

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ბაბუაჩემის ბაბუას, დიმიტრის რა სახის მანიები შეიძლება ჰქონოდა მაშინ, როცა არ იყო ყავა, ინტერნეტი, ანტიდეპრესანტები, სერიალები, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, კომპიუტერული თამაშები და ასე შემდეგ.

რაზე იყო დამოკიდებული იმისი ბაბუა და რის გარეშე ვერ იცხოვრებს ჩემი შვილთაშვილი?

ხომ ასეთი პრიმიტიული კითხვებია და მაინც, ვისაც გიფიქრიათ როგორი დათვლადია ჩვენი მიდრეკილებები, როგორ პროგნოზირებადად ვავსებთ ვიღაცის ყულაბას, როგორ მექანიზებული ხდება სამყარო, მიხვდებით, რომ ჩვენი თავისუფლება ხშირად ილუზორულია.

ნუთუ ასეთი მართულები ვართ, თუ ცივილიზაციის განვითარებამ მოიტანა ის, რომ ნებით თუ უნებურად, ჩვენი ქცევა, გადაწყვეტილება, ნებელობა მიჯაჭვულია უამრავ ერთი შეხებით უვნებელ, ხშირად ჩვენი შეფასებით სასარგებლო რაღაცეებს.

ბოლო რამდენიმე წელია, დილით ყავის დალევის გარეშე არსად გავდივარ. როგორც წესი, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ჭიქას ვსვამ და ეს იმის ფონზე, რომ აქაური ყავა გულის რევის შეგრძნებას იწვევს ჩემში. მაგრამ არ ვიცი ჩვევაა თუ მართლა აქვს კოფეინს დამოკიდებულება - ყავის გარეშე არ შემიძლია. (მათემატიკურ ფორმულას თუ გამოვიყვანთ, საშუალო ფასის ყავა 22 ლარი მაინც ღირს, ერთი 100 გრამიანი შეფუთვიდან 50 ჭიქა გამოდის. ვთქვათ დღეში 1 ჭიქას ვსვამ, 365 დღეზე 7.3 ქილაა, ანუ წელიწადში 160.6 ლარი)

კოფეინიზმი (კოფეინზე დამოკიდებულება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სენია. ამ სენით ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში ბალზაკი იტანჯებოდა (ალბათ დღეში 25 ჭიქაზე მეტმა ყავის დალევამ მოუღო ბოლო საწყალს), თანამედროვე ადამიანი კი თითქმის წარმოუდგენელია რიტუალის გარეშე - ყავა და სიგარეტი.

სიგარეტი მეორე სენი, რომელიც პრაქტიკულად მოუშორებელია, თუ განსაკუთრებული ძალისხმევა არ ჩადო ადამიანმა.

რასაც ცვენ ვეწევით, სინამდვილეში ის არცაა კლასიკური გაგებით „სიგარეტი“, ანუ თამბაქო. ესაა სხვადასხვა კონცენტრატებით (მე ეჭვი მაქვს ისეთი ნივთიერებებითაც, რაც მძიმე დამოკიდებულებას იწვევს) გაჯერებული ზღვის ბალახი. ეს ამბავი დაახლოებით იმას გავს, მენაგვეებს ნაგვის გადაყრაში ფული კი არ გადავუხადოთ, გამოვართვათ.

სიგარეტდამოკიდებულებას გარდა ესთეტიკური უსიამოვნებისა, ზნეობრივი უსიამოვნებაც ახლავს თან. თუ დაკვირვებიხართ, მწეველი ადამიანი (მცირე გამონაკლისების გარდა, ვალდებულად არ თვლის თავს სიგარეტის მოსაწევად შენობის გარეთ გავიდეს, ან მანქანა გააჩეროს, გადავიდეს და ისე მოწიოს. ხშირად, მწეველები ეწევიან ისეთ მცირე სივრცეში, როგორიცაა ლიფტი, მინიკუპერი, სამუშაო დაწესებულების ერთი ბეწო სამზარეულო და ამ ადამიანებს არ უჩნდებათ განცდა, რომ ეს ვინმეს არა მხოლოდ აწუხებს, აზიანებს კიდეც. მე ეჭვი მაქვს, რომ ასეთი უნამუსობა მხოლოდ იმ კონცენტრატებს შეუძლიათ გამოიწვიონ, სიგარეტში რომ ურევენ, თორემ ასეთივე ლოგიკით, არავითარი მორალური დანაშაული არ იქნება იგივე ლიფტში გაკუებაც (ვაღიაროთ, სიგარეტის სუნი, არამწეველებისთვის არანაკლებ ზიზღისმომგვრელია). გარდა ზემოთჩამოთვლილი უსიამოვნებებისა, მწეველი ე.წ. „ფინანსური ძროხაა“ თამბაქოსმწარმოებელი კომპანიებისათვის. ჩავთვალოთ, რომ საშუალო სტატისტიკური მწეველი, დღეში 1 კოლოფ იაფფასიან (2 ლარიან) სიგარეტს ეწევა. წელიწადში ეს 730 ლარია. თუ დავუშვებთ, რომ ადამიანი შეიძლება 10 წელიც კი ეწევა სიგარეტს, ეს 7300 ლარი გამოდის. საკუთარ ფილტვების კიბოში გადახდილი 7300 ლარი.

მაგრამ გარდა ამ ფიზიოლოგიური დამოკიდებულებისა (ვისაც არ გვჯერა შეთქმულებების თეორიების), ვეჭვობ, რომ ყველა მანიას ფსიქოლოგიური ასპექტიც უნდა ახლდეს თან (მაგალითად, მიიჩნევა, რომ მწეველებში სუბლიმირებული წოვის რეფლექსი დომინირებს და ესაა ვერდანებების თავი და თავი - ადამიანი ინფანტილობიდან ვერაა გამოსული, გაზრდილი არ არის. იქნებ ამის გამოა, რომ თანამედროვე სამყაროში, ბიზნეს გარიგებების დადებისას, ხშირად აქცევენ ყურადღებას მწეველია თუ არა ახალი პარტნიორი), კერძოდ, ჩემტვის ყოვლად აუხსნელი ფენომენია ძალზე გავრცელებული ინტერნეტ დამოკიდებულება. ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრის, ჯერალდ ბლოკის აზრით, ეს ისეთი ტიპის დამოკიდებულებაა, რომელიც წარმოადგენს ტიპიურ კომპულსიურ-იმპულსიურ დარღვევას, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შეყვანილი ფსიქიატრიის სახელმძრვანელოებშიც, რათა უკეთ მოხდეს ამ მოვლენის შესწავლა.

დოქტორმა ბლოკმა ინტერნეტ-დამოკიდებულება განსაზღვრა, როგორც ”კომპიუტერული თამაშებით, ინტერნეტ-პორნოგრაფიითა და ელექტრონული ფოსტით ზედმეტი გატაცება”. როგორც სხვა დამოკიდებულებების შემთხვევაში, კომპიუტერის მომხმარებელი განიცდის ინტერნეტში შესვლის გადაულახავ და აკვიატებულ სურვილს, მოხსნის სინდრომს (”ლომკა”), ტოლერანტობას, რომელიც ვლინდება სულ უფრო ახალი და უკეთესი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისათვის სწრაფვასა და ასევე, on-line რეჟიმში უფრო მეტი დროის გატარებაში.

დოქტორი ბლოკის სიტყვებით, ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანები კარგავენ დროის შეგრძნების უნარს, ასევე შეუძლიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნების იგნორირება (უარი ჭამასა და ძილზე). ”დაავადებას” არაიშვიათად ახლავს რეციდივები, და რიგ შემთხვევებში საჭიროებს ფსიქოაქტიური პრეპარატების დანიშვნას ან ჰოსპიტალიზაციას.

ამავე დროს, სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ ზღვარი კომპიუტერის მოხმარების ნორმასა და პათოლოგიას შორის ძალიან მცირეა და ამდენად, აშლილობის დიაგნოსტირება შეიძლება საკმაოდ გართულდეს.
რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფინანსებთან მივდივართ, უბრალოდ, თქვენი გადასახადების დათვლას აღარ დავიწყებ. ყველას შეგიძლიათ გამოითვალოთ რამდენს უხდით საკუთარ ინტერნეტ პროვაიდერებს.

ინტერნეტზე და კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, გარკვეულწილად ჩვენი საზოგადოების განწყობაზე მეტყველებს. ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაუცხოვებულები ვართ. ხშირად, პიროვნების ვირტუალური იმიჯი გაცილებით ხელსაყრელია ჩვენთვისაც და მისტვისაც, ვიდრე რეალური, ხელშესახები ადამიანის.

 რაც შეეხება კომპიუტერულ თამაშებს, ხშირად, თამაშების სიუჟეტური ხაზი იმდაგვარია, რომ რაიმე ბარიერის გადასალახავად, აუცილებელია მოწინააღმდეგის (ბავშვი, ქალი, მოხუცი, ძაღლი) მოკვლა. სადისტურად ცემა ან დასახიჩრება. რა თქმა უნდა, მოზარდის და არა მხოლოდ მოზარდის ფსიქიკა, მგრძნობიარეა მსგავსი „ვარჯიშების“ მიმართ -  წლების განმავლობაში, სხვადასხვა თამაშების მიერ ჩვენი ფსიქიკა მუშავდება და გარკვეულ განწყობას გვიყალიბებს როგორ უნდა მოვიქცეთ სიტუაციურად - წინააღმდეგობისას, მაგრამ რაკი არ შეგვიძლია ადამიანი მოვკლათ ურიგოდ წასვლის გამო (იმისდამიუხედავად, რომ ჩვენი ფსიქიკა მზადაა/განწყობილია გარკვეული მიზნის მისაღწევად გადაღობების გადასალახავად) და ჩვენი ტვინი კი არაცნობიერად პრობლემის მოგვარებას გვთხოვს, გვერთვება ე.წ. დაცვის მექანიზმი, უმიზეზოდ და არაშესაბამისად ვღიზიანდებით, საკუთარ პრობლემებს, წარუმატებლობებს მთავრობას, რელიგიურ ინსტიტუციებს, მეზობლებს, წინაპრებს ვაბრალებთ და უძილობაც აქედან იწყება.

და არა მხოლოდ აქედან. ჩემი დაკვირვებით, ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თავის პატივისცემა არ იცის. ჩვენ არ ვუფრთხილდებით საკუთარ უნიკალურ სხეულს (რომელ გამოკვლევებზეა ლაპარაკი, საშუალო ფენის 10 % კი არ დადის ექიმთან, სანამ ლოგინად არ ჩავარდება. სდექ! თუ მწეველი არ ხარ და ყავას არ სვამ, ნუ გამაკრიტიკებ, საამისო ფული არ აქვსო!), არ ვაძლევთ თავს უფლებას რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც (არ ვამბობ კურორტზე - ნათესვთან, სოფელში დავისვენოთ). როგორც წესი, უძილობას თანამდეროვე ადამიანი რამდენიმე მეთოდით - სასმელი, ნარკოტიკი და ყველაზე საშიში - სხვადასხვა პრეპარატით, ანტიდეპრესანტით ებრძვის. ამ უკანასკნელს რამდენჯერმე უფრო საშიში დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ნარკოტიკს და სასმელს, რადგან აქ პრობლემა შეფარული და მიჩქმალულია. ის ვინც ანტიდეპრესანტზებზე „ზის“ ვერ ხვდება თავის დამოკიდებულებას, ნაცნობ-ახლობლებმა ეს არ იციან, რადგან სასმლის სუნი არ აქვთ, „კაიფში“ არ არიან. ასეთ პრეპარატებში გადახდილი თანხების დათვლას არ დავიწყებ, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ფარმაცევტული კომპანიები ფინანსურად მეორე პოზიციას იკავებენ მსოფლიო ეკონომიკაში.

ექიმებს რომ კითხოთ, ანტიდეპრესიული თერაპია შესაძლოა ყოველთვის პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით არ დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამცირებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას, მაგრამ რატომღაც არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ მსგავსი „შემცირება“ პრობლემის აღმოფხვრა კი არა გამწვავებაა. სულიერი ტანჯვა, ფიზიკურისგან განსხვავებით, შეუქცევადი პროცესია. თუკი დაჩირქებულ ფეხზე განვითარებულ განგრენას ამპუტაციით შევაჩერებთ, სულიერ განგრენას ხშირად თვითმკვლელობამდე მიყავს ადამიანი. 

საზოგადოებაში, სადაც ნებისმიერი პრეპარატის შეძენა უპრობლემოდ შეიძლება (ონლაინ, აფთიაქში ურეცეპტოდ) სიურპრიზი არ უნდა იყოს რა სერიოზულ დამოკიდებულებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

სამწუხაროდ, ქართული სტატისტიკა ამ მხრივ არ არსებობს, ამერიკის მაგალითზე კი შემიძლია ვთქვა, რომ საიტზე ABC news 2008 წლის 4 იანვრის სტატიაში წერია, რომ ამერიკელების პრეპარატდამოკიდებულება დაახლოებით 2 ჯერ (5.4 მილიონი ადამიანი) მეტია კოკაინის მომხმარებლებთან შედარებით (2.4 მილიონი). და ამ ადამიანების უმეტესობა, პრეპარატებს ღებულობდა არა ტკივილის ან სულიერი დისკომფორტის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც პრობლემის გადასაწყვეტად დალიეს.

გარდა იმისა, რომ ასეთი ადამიანები რისკის ქვეშ დგანან დაავადნენ ციროზით, თირკმლის ცილოვანი დისტროფიით, მიოკარდიოდისტროფიით, ტოკსიკური ენცეპალოფატიით ან ნერვული სისტემის მოშლით, მათი პიროვნების სრული დისფუნქცია მიმდინარეობს. ისინი გაღიზიანებულები არიან კოლეგების, ოჯახის წევრების, ახლობლების მიმართ და სოციუმში დისკომფორტულად გრძნობენ თავს.

ალბათ გამოყოფის ღირსი არცაა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი. ამ საკითხზე ბევრი იწერება და საზოგადოებრივი განწყობაც მეტ-ნაკლებად უარყოფითია როგორც ნარკომომხმარებლის, ისე სასმელდამოკიდებულების მიმართ. უბრალოდ, აქაც დავსძენ, რომ ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დიდ ფინანსურ ინტერესებთან (ნარკობიზნესი ადამიანებით ვაჭრობის მერე მსოფლიოში მეორეა შემოსავლების მხრივ).

სამაგიეროდ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლუდომანია - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. თავისი საშიშროებით და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებით, ის ფაქტობრივად ერთ-ერთი მოწინავეა დამოკიდებულებების თვალსაზრისით. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში, ამ დაავადებას საკუთარი ნომერი F63.0 მიენიჭა.

დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა. სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, კაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან.

ასეთ ადამიანებს თვითკონტროლი უჭირთ. მიუხედავად იმისა იგებენ თუ აგებენ, მათი მთავარი ვნება თამაშია. რაც დრო გადის, მოთამაშეს მეტი რისკის სურვილი უჩნდება. შეუძლებელია ადამიანი 1 ლარიან ფსონზე წლობით შეჩერდეს და განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ უმნიშვნელო პროვოკაციაც კი საკმარისია, რომ „ყოფილმა მოთამაშემ“ თამაში გააგრძელოს. ამის საუკეთესო პრევენციად საკანონმდებლო ინიციატივა თუ გამოდგება, რომ მოთამაშეს საშუალება მიეცეს საკუთარი ნებით „გაიშავოს“ კაზინოში/პოკერ კლუბში თავი. გადატანილ იქნეს სათამაშო ბიზნესი დიდი ქალაქებიდან მოშორებით, რაც წამსვლელთა რიცხვს მკვეთრად შეამცირებს.

შსს-ს არაოფიციალური სტატისტიკით, ყოველი მეხუთე ქურდობა ან ძარცვა კაზინოდან ან ტოტალიზატორიდან გამოსული ადამიანების ჩადენილია.
აუცილებელია ადამიანმა მიაგნოს თამაშზე დამოკიდებულების თავდაპირველ მიზეზს, რადგან მხოლოდ შედეგთან ბრძოლით მდგომარეობიდან ვერ გამოვა. მიზეზის დადგენისა და მისი აღმოფხვრის გარეშე თამაშდამოკიდებულებისგან განკურნების შემდგომ შესაძლოა ადამიანს სხვა, არანაკლებ საშიში დამოკიდებულება განუვითარდეს - ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან, სულაც, კომპიუტერული დამოკიდებულება. ზოგჯერ ამის მიზეზი შინ თუ გარეთ არსებული პრობლემებისგან გაქცევის სურვილია, ზოგი ამ გზით უბრალოდ სტრესს ებრძვის, თავდავიწყებას ესწრაფვის. მცდარია აზრი, რომ ასეთი რამ მხოლოდ სუსტებს ემართებათ - ამ ხაფანგში ხშირად საკმაოდ ძლიერი პიროვნებებიც ებმებიან, განსაკუთრებით კი მამაკაცები.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სერიალებზე დამოკიდებულება. სერიალდამოკიდებული ადამიანი იწყებს სხვისი განცდებით, სხვისი ემოციებით ცხოვრებას. ის ახდენს ახალი ღირებულებათა სისტემის მიღებას, რომელიც ხშირად მის საკუთართან სრულ დისონანსშია (მაგალითად, იცის, რომ ძმის ცოლთან სექსი ცუდია, მაგრამ სერიალში, მისთვის ძალიან საყვარელი და მისაბაძი კაცი ამას აკეთებს). ასეთ ადამიანს ეწყება შინაგანი გაორება, მერე კი შინაგანი მოთხოვნილებაც მეტი მსგავსი სკანდალური ამბავი შეიტყოს ან გაავრცელოს.

ასეთი ადამიანი (ძირითადად დიასახლისები) სწორი სამიზნეა სარეკლამო ბიზნესისთვის (რეალურად სერიალებს ამისთვის იღებენ, რომ შუალედში რეკლამა ჩაჩხირონ). აიძულო ადამიანი უყუროს შენი რეკლამა და შესაბამისად შენი პროდუქციის პოტენციური მყიდველი გახდეს, ამისათვის ღირს ყველაზე ტაბუირებული თემებით გაჯერებული მდარე თუ მაღალბიუჯეტიანი სერიალი აყურებინო ადამიანს.

სინამდვილეში ხომ ყველა ჩვენი მანია ვიღაცის ფინანსურ წარმატებას ემსახურება?  


Wednesday, May 15, 2013

ბაცაცები


ბაცაცები

დაფიქრებულხართ იმაზე, რომ საქართველოში გოგოს მხრიდან მოფარებულ ადგილზე შეყვარებულთან ჩახუტება უფრო დიდ სირცხვილად ითვლება, ვიდრე ამავე გოგოსგან (ჩავთვალოთ, რომ რომელიმე მარკეტში კონსულტანტი, ან მოლარეა) მომხმარებლის ან დამქირავებლის წონაში, ფასში მოტყუება, ანუ პარვა.

არ ვიცი, მართლა კომუნისტური წყობილების ბრალია (მაშინ რატომ არ აქვთ იგივე მიდრეკილება რუსებს), თუ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებით მგრძნობიარე მსგავსი სენის მიმართ და უცბად შეგვეყარა, მაგრამ ფაქტია, რომ ლამის ყველანი დაავადებულები ვართ.

აბა რა პარვაა, ავტობუსში ბილეთის არ აღება? ან გაზის, ელექტროენერგიის მრიცხველის გაჩერება (თუ შანსი გვაქვს), ან მომხმარებლის წონაში მოტყუება (100 გრამი ვის დააქცევს?), ოფისიდან ყავა-ჩაის, კალმების, ფურცლების, ფლომასტერების, სტეპლერების, ხანდახან უფრო მსხვილის - ორგანაიზერის სახლში წაღება? რანაირი მოპარვაა, კონსულტანტანტად მომუშავე, სადმე საბითუმოში ნაყიდ სასმელს რომ შეიტან დამქირავებლის მაღაზიაში და ჩუმად გაყიდი? მეზობლის ანტენაზე დაჯდომა პარვა რანაირადაა, არ გადამრიოთ, იმას აკლდება რამე თუ რა? ნუ, ბენზინგასამართ სადგურზე მილიგრამების აცანცვლა, შეიძლება მთლად კარგი არაა, მაგრამ პარვასაც ვერ დავარქმევთ - საწვავი ორთქლდება და მერე ვინ უნდა იხადოს ის სხვაობა?

არადა მორწმუნეები ვართ, ან არ ვართ, მაგრამ მორალის კითხვა გვიყვარს, ვმსჯელობთ სახელმწიფო მოწყობა საპრეზიდენტო მმართველობის უნდა იყოს თუ საპარლამენტო? ამერიკას სირიისთვის უნდა დაერტყა, თუ ჯერ ადრე იყო? მასონები მოდიან თუ არ მოდიან? პასპორტი ჩიპიანი უნდა ავიღოთ თუ უჩიპო? ბოლოსდაბოლოს, ეშველება საწყალ, ცოდვილ იაპონიას თუ არა?

რამდენიმე წლის წინ სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად. სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მაღალსაც კლასელებს ხშირად ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ქუჩაში ნაგვის დაგდება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათემატიკის ამოცანის ვერ ამოხსნა, რადგან ამ ამოცანას ადრე თუ გვიან ამოხსნი, აი ქუჩაში ნაგვის გადაგდების ჩვევის აღმოფხვრას კი შეიძლება სიცოცხლე შეალიო. ვლაპარაკობდით, ვმსჯელობდით იმაზე, არის თუ არა ქურდობა ტრანსპორტში ბილეთის არ აღება და ბოლოს, ბავშვებთან ერთად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ რაც არ გეკუთვნის, იმის აღება, პარვაა.

ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს. რომ არა გაგრძელება, ერთი სენტიმენტალური გულზე მჯიღი ამბავია: - სკოლაში მოდის, ერთი მოსწავლის მშობელი და ჩივის, რომ ბავშვებს მორალურად ვრყვნი. სასწრაფოდ ადგენენ, ხელებს ხომ არავის ვუფათურებ, ეროტიკულ ფოტოებს ხომ არ ვაჩვენებ, ნარკოტიკი და სასმელი ხომ არ შემაქვს, სიგარეტს ხომ არ ვასაღებ ღერებზე და როცა ჩემი (ამ მხრივ) უდანაშაულობა დგინდება, ირკვევა, რომ ხელოვნების გაკვეთილების გარდა, ჩემ მოსწავლეებს ეთიკურად „ვამუშავებ“, რაც რიგი მშობლებისთვის მიუღებელია. თურმე მისი ღირებულებები სხვანაირია, ის ასწავლის შვილს, რომ (ვაღიარებ ფინანსურადაც უსაბუთებს) სახელმწიფო იმდენად მაღალ გადასახადებს გვიწესებს, ბილეთის არ აღება (მთავარია კონტროლიორმა არ წაგასწროს) არათუ დანაშაული, მოვალეობაა! გაზის მოპარვა? ამ გათახსირებულ რუსებს (ყაზტრანსგაზი მათია) გაზი უნდა მოპარო კი არა, ჯიბიდან ფული ამოაცალო - მადლია!
ჩემმა მეგობარმა, სანატრელი ერთ კვირიანი შვებულება აიღო და გაფლანგა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი წარმატებული სადაზღვევო კომპანიისთვის დაემტკიცებინა - დაზღვევის მიხედვით, წამლებში გადახდილი თანხა, შეთანხმების მიხედვით უნდა ანაზღაურდეს. თანხა კი სასაცილოდ ცოტა იყო - 20 ლარი. მაგრამ ხვდებით, აქ პრინციპზე იყო ლაპარაკი.

ხშირად მიფიქრია, კუთვნილი ხურდის (ერთი, ორი, ხუთი ათი) თეთრის არ მოთხოვნა ან არგამორთმევა ამ ადამიანის მორალური გარყვნა ხომ არაა? ხომ არ ვაჩვევთ და ხომ არ ვეჩვევით, ხომ არ ვეგუებით საზოგადოება, რომ რაც არ გეკუთვნის იმის მითვისება (თუ ის ვთქვათ არც კონკრეტული ვინმეს საკუთრებაცაა) პარვაა? არის თუ არა ეს სენი სენი და მეტიც - დანაშაული. უნდა გაიკიცხოს თუ არა მპარავი, თუ უნდა წახალისდეს?
დაკვირვებიხართ? როდესაც ავტობუსში კონტროლიორი უბილეთო მგზავრს ჯარიმას უწერს, ხალხი მგზავრის მხარეს იჭერს, უნებურად, მაგრამ მაინც, ემოციურად, მაგრამ მაინც.

გერმანიაში, მეტროსთან სოლიდურად ჩაცმულმა გერმანელმა 2 ევრო მთხოვა მეტროსთვის. მე ქართულად გადავთარგმნე, ცრუობს-მეთქი, ვიფიქრე, ჩვენებური მათხოვრების დარად (თუ დაკვირვებიხართ, ფული უნდათ აუცილებლად მომაკვდავი შვილისთვის, დედისთვის - და არასოდეს რატომღაც მამისთვის) მიზეზს იგონებს, გაამართლოს მათხოვრობა, (რადგან გერმანიაში მეტროში შესასვლელად არანაირი ბარიერის გადალახვა არ გჭირდება. ბილეთი გაქვს, ან არ გაქვს - ეს შენი მორალის გადასაწყვეტია) მაგრამ ჩემმა თანამგზავრმა ამიხსნა, რომ შეიძლება ამ კაცს მართლა ამ მიზეზით უნდა ეს 2 ევროო. ცდად ღირდა, მივეცი ფული მან კი ჩემ თვალწინ ერთჯერადი ბილეთი იყიდა და ვაგონში ჩაჯდა. კარგა ხანი ვფიქრობდი, რამ აიძულა ემათხოვრა და არ ემგზავრა უბილეთოდ? ალბათ ის საკუთარ თავში მიძინებულ მპარავს ებრძოდა!

 ბრძენ ინდოელს უთქვამს, ქალი რა ერთხელ გახსნის საგანძურს, მერე ადგება და მიმოაპნევსო! იმედია თქვენც მეთანხმებით, რომ ეს ანდაზა მხოლოდ გოგოს შეყვარებულთან მოფარებულში ჩახუტებას არ ეხება!



Tuesday, May 14, 2013



კილო 105 ლარი

ევროპული სტანდარტების ქონა, ევროკავშირისკენ სწრაფვა და ზოგადად, დასავლური ღირებულებების მიბაძვა, ჩვენ ხალხს ბოსტონის მარათონის საპატივცემულოდ, თუ მხარდასაჭერად ვაკიდან ორთაჭალამდე ქოშინით ჩარბენა გონია. ფარისევლები რომ ვიყავით და ვართ, ეს კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი „ევრო სიმულიანტები“ თუ გავხდებოდით, არასოდეს მჯეროდა.

არადა, რა არის ეს ყბააღებული ევრო სტანდარტი, რომლისკენაც დიდიან-პატარიანად, როგორც დედა ღორისკენ ძუძუს გოჭები ისე მივისწრაფით?
გასაგებია, რომ ქვეყანაში უნდა გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიის (დემოკრატიაზე პლატონს კითხეთ პლატონს), კანონის უზენაესობის (კანონისო და არა სამართლისო), ადამიანის უფლებების (ამაზეა ეს პოსტი) და უმცირესობებისადმი პატივისცემის (ალბათ აქვე გულისხმობენ პირიქითაც, უმრავლესობისსადმი პატივისცემასაც) და მათი დაცვის უზრუნველყოფა.

ისიც ვიცით, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს საბაზრო ეკონომიკა უნდა არსებობდეს, აგრეთვე, კონკურენციის ზეწოლისთვის და ევროკავშირის ფარგლებში საბაზრო ძალებისთვის თავის გართმევის შესაძლებლობა.
და არც ისაა ჩვენთვის დამალული, რომე თუ კავშირში შესვლა გვინდა წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების უნარი უნდა გვქონდეს.

და სწორედ ამიტომაა ალბათ, ევროპიდან, ამერიკიდან თუ აზიიდან შემოყვანილ მანქანებს კატალიზატორებს რომ ვაცლით.
მიზეზი კი საამისოდ ბევრი გვაქვს:
1)                  გაწევა ემატება. (გაწევა, თორემ სამსახურში მინესოტადან ალაბამაში არ ვიყოთ ჩასარბენი).
2)                  წვა კლებულობს. (ან კლებულობს, ან არა, მაგრამ დავუშვათ კლებულობს. არის ვარაუდი, რომ 100 კილომეტრზე 100 გრამი).
3)                  ამოცლილი კატალიზატორი კილო 105 ლარი ღირს. (ოჰოო. მიზეზი კარგია. კილოდან სამ კილომდე მაინც გამოდის ხოლმე. მოხსნი და აშენდები!)
4)                  არ ვარგა, გაფუჭებულია და მაინც ტყუილად აყენია! (რა თქმა უნდა, საიდანაც შემოდის, იმ ქვეყნებში საკუთარი შვილები ცოტა მეტად უყვართ, ან ცოდნა უკეთესი აქვთ რიგ საკითხებზე და გაფუჭებულ კატალიზატორიან მანქანებს ან უცვლიან ამ ნაწილს ან მანქანას ცვლიან)
5)                  ნაგავ საწვავს ასაღებენ ჩვენზე და კატალიზატორი-მატალიზატორი არ შველის ამ ამბავს! (საწვავის ხარისხთან დაკავშირებით დავა არ ღირს, აი შველის თუ არა ეს სადავოა).

 გარდა იმისა, რომ ჩვენ, მოქალაქეებს (მცირე გამონაკლისებით) აზრადაც არ მოგვდის სპეციალური აქციის გარეშე ერთი ხე მაინც დავრგოთ (არადა კომუნისტების მოტანილი ლოზუნგი კი ვიცით სურფასთან, ხბოს ხორცით გავსებული სტომაქზე ხელის მოთათუნების მერე - კაცმა ცხოვრებაში სამი ხე მაინც უნდა დარგოს და ასე შემდეგ...), ათასში ერთხელ მაინც გავისეირნოთ ფეხით მხოლოდ ბუნების მოფრთხილების მიზნით (არადა ჯანმრთელობისთვისაც რა კარგია), სხვის დაგდებულ ნაგავს თუ არ ავიღებთ, ჩვენ თვითონ არ დავაგდოთ (მე მინახავს ფანჯრიდან გადმოგდებული ქალის საფენებით დაწყებული გაფუჭებული ტელევიზორით დამთავრებული ნაგავი), მშენებლობისას მინიმალური წესები მაინც დავიცვათ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სუფთა ფეხსაცმლით 100 მეტრის გავლა შეძლოს ადამიანმა და ბოლოს, რამე მოვუხერხოთ ამ საშინელ გამონაბოლქვს, ჩვენ (ჩვენი თავი ჭირსაც წაუღია) შვილებს რომ დაუნდობლად წამლავს.

საქართველოში 700 000 მდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება დადის. (თუ ჩავთვლით, რომ ვართ (ეჰ) 5 მილიონი, ხოლო აქედან ბავშვი, უმართვისმოწმობო და უუნარო 2 მილიონი. გამოდის, რომ თითქმის ყოველ მეოთხეს გვყავს მანქანა) აქედან დაახლოებით 80 %  მოიხმარს (ისედაც დაბალი ხარისხის საწვავის კიდევ უფრო) დაბალი ხარისხის საწვავს, რომელიც ევრო 1 ის სტანდარტებსაც ძნელად თუ აკმაყოფილებს.
ევროპაში მოიხმარენ ევრო 5 ის სტანდარტის საწვავს, სადაც გოგირდის შემცველობა 10ppm-ს არ აღემატება. ჩვენთან მოხმარებულ საწვავში კი ppm=500. ეს იმას ნიშნავს, რომ 700 000 სატრანსპორტო საშუალების 80 % გავამრავლოთ 50-ზე (ამდენჯერ მეტია ჩვენ მამაპაპურ საწვავში გოგირდი) უდრის 28 მილიონს (გავიხსენოთ, რომ ვართ 5 მილიონი, აქედან 2 მილიონი არ მართავს ავტომობილს, მარტივი არითმეტიკით, თითოეულ ჩვენგანს დაახლოებით 9 მოძრავი  (იდეაში ვირტუალური, გამონაბოლქვით კი რეალური) სატრანსპორტო საშუალება გვყავს).

ეს იმ პირობებში, რომ საქართველოს მასშტაბით (განსაკუთრებით თბილისში) ისედაც მეჩხერი ხე-ტყე იჩეხება და მაღალ-მაღალი და უშნო-უშნო კორპუსები წამოიჭიმება ხოლმე, რომ კარგად ჩაგუბებულ სმოგს განიავების საშუალებაც არ მისცეს.
არა, მესმის, რომ ფროიდის თეორიას თუ დავუჯერებთ, ჩვენ ყველანი თვითგანადგურების ინსტიქტს ვემორჩილებით და გამონაბოლქვით მოვიკლავთ თავს, თამბაქოდ გასაღებული ზღვის ბალახით, „კრაკადილით“, გენმოდიფიცირებული საკვებით თუ შუბლში ტყვიის დახლით, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ წამითაც რომ დავუშვათ ის ფაქტი, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგძლივობა ან გარკვეული მტანჯველი დაავადებების თავიდან აცილება, ჩვენივე ხელშია, იქნებ ცდად ღირდეს?

შედეგებს ახლა ვერ ვხედავთ - მანქანების რიცხვმა მხოლოდ ბოლო 15 წლის მანძილზე მოიმატა კატასტროფულად. 15 წელი კი ისტორიისთვის წამიც არაა. ორჯერ 15 წლის მერე, როცა შვილიშვილებს მუხლზე დავისვამთ და (ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ფაქტი მეცნიერების მიერაა დადასტურებული, რომ მავნე გამონაბოლქვი ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლის, ფილტვის კიბოს, ზოგადად სიმსივნური დაავადებების) უფალს მადლობას ვეტყვით, ჯანმრთელი ბავშვი რომ მოგვცა ამ საშინელი სტატისტიკის პირობებში (ვარაუდობენ, რომ ყოველ მეოთხე ახალშობილს რაიმე მძიმე დაავადება ექნება), ისიც გავისხენოთ, რომ წლების წინ, ჩვენივე მანქანებს 105 ლარიანი კატალიზატორი საკუთარი ხელით ამოვაცალეთ.
ევროკავშირო, ხელი გვკარ - ჩვენ შენ არ გიმსახურებთ!



Monday, May 14, 2012

ჩხაპელია სააგენტო





ჩემი ბავშვობის წლებში მაგარი პოპულარული წიგნი იყო „რა გქვია შენ“. აი, ასეთი, სქელი, მჟავე ყავისფერი ყდა ჰქონდა და იყო დაახლოებით 200 გვერდიანი.
შიგნით კომუნისტური რეჟიმისთვის შესაფერისი მოკრძალებით ეწერა სახელები და მათი განმარტებები. რატომღაც ქართული წარმოშობის სახელების განმარტება კი ყველაზე ცოტა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა სიმღერიდანაა, მთავარს მივადგები: მაშინ, ჩემ წარმოდგენაში, ადამიანებს მხოლოდ ის სახელები ერქვათ, რაც ამ წიგნში ეწერა, იქ კი ეწერა ყოვლად უცნაური დომენტი, ჯვებე, ელვირა, ლესტამბერიც კი. ეს წიგნი კარგა გვარიანად იყო გაცვეთილი, ათასხელგამოვლილი და ათას თაროზე გადამხტარი ვინმე იყო, ეტყობოდა. ყველა პატრონს მისთვის სანუკვარი თუ საინტერესო სახელი გაეხაზა, ზოგს წითელი, ზოგს შავი კალმით და იქვე ველზე ორი-სამი „შენ გენაცვალე კაკალ გულში“, „იასამანს დაეკარგა ფერი“, „ბავშვს დავარქვათ ვალენტინი“ ეწერა. მე ერთგვარი ჰობი მქონდა, შეიძლება ამას ჰობი კი არა აკვიატებაც დავარქვათ, თუ უფრო თვითკრიტიკული ვიქნებით, შიზოიდური გამოხდომაც კი ვუწოდოთ, კერძოდ კი, ეს გამოხდომა შემდეგში მდგომარეობდა: თუკი გოგო მომეწონებოდა, ვიკვლევდი მის სახელს, გვარს, ნუმეროლოგიურ მნიშვნელობას, ზოდიაქოს ნიშანს, ჭამის მანერას და ასე შემდეგ. მთელი სისტემაც კი მქონდა შექმნილი, ვისთან როგორ უნდა მელაპარაკა და მოკლედ ვიყავი ამ თვითზომბირებაში კაი ხანი გაჭედილი. მერე აკვიატებებთაგან ზოგიერთი მოვიშორე და დამრჩა მხოლოდ ნაწილი, სახელებზე მაქვს გართულება - ყველაზე დიდხანს ნაწარმოების გმირების სახელზე ვფიქრობ ხოლმე. გარდა მათი სემანტიკური მნიშვნელობისა, ჟღერადობა და სახელის შემადგენელი ასოების რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ კალისტრატე და სოფიკო ან ლუკა და მზექალა. ასეთი წყვილების უმრავლესობა სახელების ერთმანეთზე მორგებას იწყებენ ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი ურთიერთობის გახანგძლივების გარანტია (კალისტრატე ტატო ხდება, ხოლო მზექალა მზიკო), არადა თავისთავად, სახელის შეცვლა დანაშაული თუ არა, მისტიკური აქტი ნამდვილად არის. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ შეუცვლიდნენ სახელს მორჩილს, რომელიც ბერად აღეკვეცება? რატომ აიღო ბატონმა იოსებმა ფსევდონიმად „სტალინი“, ეს ხომ თვითგანწყობის შექმნასაც ემსახურება?
სახელებს მოდაც აქვთ, თუ ოცი წლის წინ ლუკა ლამის სასირცხილო სახელი იყო, ახლა ძალიან პოპულარულია, როგორც ერთდროს ესოდენ წარმატებული სახელი თენგიზი, ახლა იშვიათობაა, მოდაში აღარაა ბელადების სახელების გაერთიანებაც თუ ადრე რომელიმე აღტკინებული კომუნისტი სიხარულით დაარქმევდა შვილს „ლესტამბერს“ (ლენინი, სტალინი, ბერია), არანაკლებ აღტკინებული „ნაციონალი“ არაფრისდიდებით არ იკადრებს შვილს „მიგიჯვანო“ (მიხეილი, გიგი, ჯორჯბუში, ვანო) დაარქვას. ყველაფერს თავისი დრო და ეპოქა აქვს.
მაგრამ დღემდე მოდაშია შვილებისთვის პოპულარული ადამიანების სახელების დარქმევა. რეესტრში გატარებულ ახალშობილებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ უცბად მიხვდე ადამიანი - ქვეყანაში რელიგიური აღტკინება პიკშია - მათე, ლუკა, იოანე, პეტრე, ნიკოლოზი, ბარბარე და ა.შ. ყველაზე დარქმევადი სახელებია, მაშინ როდესაც არანაკლებ რელიგიური დატვირთვის პავლეს, პორფირიოსს, ზევინს, ფილაგრეს ან თუნდაც ცაცოს (ხსენების დღე 24.12) შვილებს არავინ არქმევს.
არადა ქართველები რომ უკიდურესობების ხალხი ვართ, ამას ფიცი-მტკიცი არ ჭირდება - ადვილად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერ შემოსულს და შემოვარდნილს.
რატომ მოვყევი ეს ამბები და ახლა ისევ სახელებზე, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ლიტერატურული პერსონაჟების და ზოგადად პერსონაჟების გავლენით სახელების დარქმევის ტენდენცია არახალია, მაგრამ განსაკუთრებით კომიკურ ელფერს იძენს ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამეტებასთან გვაქვს საქმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გიორგი გერსამიამ მომიყვა ამბავი, რომ მის სოფელში (აბაშის რაიონია) თანასოფლელებს უცნაური სახელები ერქვათ. სინამდვილეში, იქნებ სულაც არ ერქვათ უცნაური სახელები, მაგრამ ჩვენ გვეუცნაურებოდა. რა ერქვათ და ათოსი, პორთოსი, არამისი. მამა ყოლიათ დიუმას დიდი მოტრფიალე და დ’არტანიანის მუღამში დაუწყია შვილებისთვის სახელების დარქმევა. ვინმე იკითხავს, რატომ პირდაპირ არ დაარქვა რაც უნდოდაო და ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მეც გამიჩნდა იგივე კითხვა და ჩემითვე მივაგენი პასუხს - ერთი ნაცნობი მყავდა, ხორციან საჭმელს როდესაც ჭამდა წვენს უცბად შეხვრიპავდა და ხორცს ბოლოსკენ მოიტოვებდა ხოლმე, მარილს მოაყრიდა და ნება-ნება ჭამდა. რაღაც ამდაგვართან გვაქვს ალბათ საქმე, მაგრამ ამ ამბის დასასრული ასეთია: დიუმას მოტრფიალე მამამ ცოლმა მეოთხე შვილს არგელოდი დაარქვა (გოგო გაჩნდა) და მეხუთეს კი ვეღარ მოესწრო.
ცოტა უცნაური სახელი თუ გქვიათ, აუცილებლად გამოიკითხეთ ვის, ან რის გამო დაგარქვეს და შეიძლება თქვენი სახელი „ელშუქი“ სულაც არ იყოს სასაცილო - ის 90-იანი წლების უშუქობის პერიოდისას სინათლის მონატრება და არავითარ შემთხვევაში ლუციფერის (ლათ. lux ferre - სინათლის მომტანი) გადაძახილი არ იყოს.

Saturday, May 12, 2012

სლოგანების სახელმწიფო




ამას წინათ ერთ სკოლაში მომიწია მისვლა. სკოლის შენობა ყოვლად უვარგისია - ტუალეტი და ბუფეტი ერთ ოთახშია, სამასწავლებლო და ფიზკულტურის დარბაზი ერთში, სკოლის დირექტორი კი ღამით დარაჯად მუშაობს საკუთარ სკოლაშივე. იქ ორასამდე ბავშვი სწავლობს და ძალიან გამიკვირდა რა აიძულებთ მშობლებს ატარონ შვილები ასეთ ყოვლად უვარგის სკოლაში. თავიდან ვიფიქრე, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციაა მაღალი, მაგრამ როდესაც მათ ბიბლიოთეკარს გამოველაპარაკე (ყავთ ასეთიც, რომელიც იმავე დროს ექთანიცაა და ფუნთუშებსაც აცხობს და აბარებს ბუფეტში), მივხვდი, რომ ეს სკოლა და მაღალი სტანდარტები ისევე არიან ერთმანეთთან, როგორც ჩემი მეგობარი ოთარ მუზაშვილი იტყოდა მხატვრულად „როგორც თხა და ბასანოჩკები“. აბა რატომ იხდიან მშობლები არც თუ ისე დაბალ ფასს საკმაოდ დაბალ დონეში (სწავლა ამ სკოლაში დაახლოებით 120 ლარია თვეში)? 
როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, მეც დავდიოდი ფასიან კლასში, მაგრამ მაშინ ყრუობა იყო, რევოლუცია არ გვენახა, მასწავლებლები მეზობელ სკოლაში გვაგზავნიდნენ პარკეტის მოსაპარად, რომ გავთბარიყავით (ოღონდ გვიშვებდნენ მხოლოდ იმათ, ვინც პირობას დავდებდით, რომ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს და რისკი ღირდა იმად, რომ ქიმია ან ფიზიკა გაგვეცდინა) და ნავთი სახლიდან მიგვქონდა სკოლაში, რომ ღუმელი დაგვენთო (მოსანთებად სკოლის წიგნებიც არაერთხელ გამოგვიყენებია), მაგრამ ის რაც თემქის ერთ-ერთ სკოლაში ვნახე, ყველაზე ჭირ-ვარამ-სკოლა გამოცვლილსაც კი გააკვირვებდა.
სანამ დირექტორს ველოდებოდი, მანდატურს გამოველაპარაკე - აღმოჩნდა, რომ მანდატური ერთ-ერთი მშობელია. მე გულწრფელად ვკითხე რატომ დაყავთ ამ სკოლაში შვილები, თუ ეს შვილები მართლა საკუთარია და რამე სადისტურ-მანიაკალურ მიდრეკილებებს არ აქვს ადგილი და რანაირი ბანალური თუ ორიგინალური პასუხისთვის არ მოვემზადე - „ამაზე ახლოს სკოლა არ გვაქვს“, „ნათესავის სკოლაა და ასე ვეხმარებით - ბავშვები შეგვყავს“, „რელიგიურ-პატრიოტულ ნიადაგზე დაგვყავს“ და ასე შემდეგ, მაგრამ პასუხი მაინც ყოვლად გამაოგნებელი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა - მშობელ-მანდატურმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი (შეიძლება ცაცია იყო, შეიძლება მარცხენა გულთან ახლოსაა) უზარმაზარი ბილბორდისკენ გაიშვირა. ბილბორდი სკოლაში შესვლისთანავე მომხვდა თვალში, მაგრამ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეგონა, მერე  კი მოძმე სკოლის რეკლამის, მაგრამ ბილბორდი ჩემი მასპინძელი სკოლის სარეკლამო დაფა აღმოჩნდა. მასზე რაღაც მოთეთრსახლო შენობა ეხატა, რომლის ეზოც შევარდნაძის მთავრობამდელ დადიანების სასახლის ეზოს ჰგავდა. ეზოში მომღიმარი ბავშვები და მათი მამები დადიოდნენ ლომებთან და ანტილოპებთან ერთად, როგორც ეს რასელისტების ბუკლეტების გარეკანზეა და მთავარი - ბილბორდს უზარმაზარი აკადნუსხურით ეწერა: „ჩვენი სკოლა 2015 წელს!“
რეკლამა რომ საშიში რაღაც იყო კი ვიცოდი აქამდეც - ორჯერ მივქარე და ბანკში ანაბარი გავხსენი რეკლამის გადამკიდე, მაგრამ ასეთი საშიში თუ იქნებოდა, ნაღდად არ ვიფიქრებდი. თავიდან მეგონა, რომ მანდატურ-მშობელი დამცინოდა და მამასხარავებდა, როგორც ცისკარაში დევს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის სრულიად სერიოზული და აღფრთოვანებული იყო, ასეთი აღფრთოვანებული არის ხოლმე ჩვენი პრეზიდენტი, როდესაც ის ბარაკ ობამას ცოცხლად ხედავს.
ამ ამბის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება - შეიძლება სხვა მშობლების აციმციმებული თვალებზე ლაპარაკი, ერთი-ორი უკმაყოფილო მშობელზეც სამიოდე სიტყვის თქმა, რომლების უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ მათი შვილები ამ სკოლას არა სამი, არამედ იმავე წელს ამთავრებენ, მაგრამ ეს უკვე საინტერესო აღარ იქნება. საინტერესო მხოლოდ ეს სინდრომია - მომავლის სკოლის, ქვეყნის იმედით ცხოვრება. ამ სინდრომზე იუმორით ჯერ კიდევ ილფი და პეტროვი წერდნენ და მას თამამად შეიძლება „ვასიუკის სინდრომი“ ვუწოდოთ.
დაპირდე ადამიანს ბევრი და მისცე არაფერი, ეს მართვის კლასიკური მეთოდია, ხოლო სარეკლამო ფანდისთვის საუკეთესო მაგალითი.
იყიდეთ ჩემი წიგნი ახლა, ყოველ ნაყიდ ეგზემპლარზე კი 2245 წელს 45 მილიონი დოლარი დაერიცხება თქვენ შვილს.

როგორი სლოგანია?



Friday, February 10, 2012

წამებანი თბილისის ისტორიული ნაწილისანი




თბილისის ისტორიული ნაწილის პრობლემები ახალი დაწყებული არ არის, თბილისის ისტორიული ნაწილის და ზოგადად თბილისის პრობლემებს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა კანონმდებლობის მოწესრიგებას. და მაინც, თუკი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებობდა და არსებობს, ის მორგებულია კონკრეტული ინდივიდების კერძო ინტერესებს და მასში ძალიან ბევრი გარღვევაა.
ნებისმიერი ქალაქის ისტორიული ნაწილის პრობლემების მოგვარებას რამდენიმე თანმიმდევრული ღონისძიება სჭირდება.
1: საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება.
2: საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა
3: სწორი მენეჯმენტი
4: ინვესტიციების მოზიდვა ან საბიუჯეტო დაფინანსება
5: ინფრასტრუქტურის მოწყობა






საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება
საქართველოში არ არსებობს გამართული კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. არსებული კანონი ვერ/არ ახერხებს უნებართვო/უკანონო მშენებლობების პრევენციას, რადგან კანონის გაუმართავობის შედეგად, ერთსა და იმავე მუხლს შეგვიძლია სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ. (მაგ: მუხლი 36, პუნქტი 6 დ); მუხლი 3 ს1; და ა.შ).
სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულმა განუკითხაობამ წლების მანძილზე იმხელა ზიანი მიაყენა კულტურულ მემკვიდრეობას და კონკრეტულად „თბილისის ისტორიულ ნაწილს“, რომ ამაზე ცუდს ვერც ერთი ბუნებრივი კატაკლიზმა, შემოსევა და ომი ვერ დამართებდა. „თბილისის ისტორიული ნაწილის“ დამახინჯება მთლიანად სახელმწიფო თავმოუბმელობის და კერძოდ კანონის გაუმართავობის ხარჯზეა.
ნათქვამია არის დანაშაული, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელიაო, მაგრამ არის დანაშაული, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
საკანონმდებლო ბაზამ უნდა დაარეგულიროს არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების შეჩერება, გარკვეული მიშენებების დანგრევაც უნდა უზრუნველყოს.



საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა

მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, საზოგადოების ცუდად ინფორმირებულობა და არაჩართულობაა. თბილისის ისტორიული ნაწილის მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში, არათუ უშლიან ხელს ისტორიული ძეგლების დაზიანებას, არამედ თავადვე გვევლინებიან აქტიურ დამანგრევლებად, განაშენიანებისა და შენობების ფონური დამზიანებლებად. ამის მიზეზების სათავეების მოძებნა საზოგადოებრივი აზრის არქონაში, საზოგადოების არაინფორმირებულობაში უნდა დავიწყოთ. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ცხოვრობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიმე უნიკალურ ძეგლში და მისთვის ეს ძეგლი უბრალოდ ძველი, ამორტიზირებული შენობაა და მეტი არაფერი. ამას ზედ ემატება კანონის ინერტულობა (იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ კასპში შემოღობილ 200 კვადრატს ზესტაფონამდე გაზრდის (იყენებს ამ მიწას თუ არა იმისდა მიუხედავად) უკანონო მიშენებების ბუმი, რომელიც შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ დაკანონებებით წაახალისა. ის, რაც შესაძლოა ასე-თუ-ისე ასატანი იყოს გარეუბნებისა და ახალგანაშენიანებული უბნებისათვის, ყოვლად შეუფერებელია თბილისის ისტორიული ნაწილისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული საკუთრება (იმისდამიუხედავად თანხმდება თუ არა საზოგადოება იმ საკითხზე გვჭირდება თუ არა ეს ძეგლი), თბილისის ისტორიული ნაწილი ასევე წარმოადგენს შესანიშნავ ზონას ტურიზმის გასავითარებლად. ინტერესი ამ ზონის მიმართ არა მხოლოდ სახელმწიფოს, მოსახლეობის მხრიდანაც დიდი უნდა იყოს. საამისოდ კი უნდა მოხდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა (გრენადის კონვენციის თანახმად, ეს აუცილებელიც კია) კულტურული მემკვიდრეობის საკითხში. ამ თემას არ შეიძლება „ქართულად“ მივუდგეთ და შედეგები დღესვე მოვიმკათ (შეუძლებელიცაა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს ერთ დღეში შეიცვალოს). პირველ რიგში, აუცილებელია საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ საკითხებს. უნდა მოხდეს „კულტურული მემკვიდრეობის“ სასკოლო საგნად დამატება, დაიბეჭდოს საინფორმაციო ბუკლეტები და უფასოდ დაურიგდეს მოსახლეობას, სადაც ზოგადად იქნება აღწერილი ზოგადი უმნიშვნელოვანესი საკითხები. სახელმწიფო არხზე პერმანენტულად უნდა გაშუქდეს ყველა ის ღონისძიება (ლიტერატურული ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტები) რაც „თბილისის ისტორიულ ნაწილში“ დაიგეგმება სწორედ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს უბრალოდ ნახევრად დანგრეული შენობა კი არაა, ისტორიული ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, დანარჩენი მოსახლეობისათვისაც.










მენეჯმენტი
მენეჯმენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მსოფლიო გამოცდილება, რომლის გამოყენებაც გონივრულად შეგვიძლია. პირველ რიგში (კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გადამუშავების შემდეგ) უნდა მოხდეს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ კონსერვაცია. უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა და აიკრძალოს ყოველგვარი ნებართვის გაცემა ახალი შენობის აშენებაზე (იმის და მიუხედავად, დანგრეულია ეს შენობა, ინგრევა, იწვის თუ ცუნამმა გადაუარა).
შემდეგ  საჭიროა დაიწეროს სწორი მენეჯმენტური გეგმა, პირველ რიგში, რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა (მხატვარი, ისტორიკოსი, არქიტექტორი, რესტავრატორი და ა.შ.) „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ძველი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი ქალაქი გვინდა რომ გვქონდეს და როგორ მოხდება რეკონსტრუქცია.  ამის შემდეგ, „თბილისის ისტორიული ნაწილი“ უნდა დაიყოს რამდენიმე ზონად (ა) უბნები, სადაც ავთენტურობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია; ბ) უბნები, სადაც შერეულია ისტორიული სახლები და ახალი ნაგებობები; გ) უბნები, რომელის ნგრევის პირასაა ან გაყიდულია) გამოიკითხოს მოსახლეობა (იგულისხმება, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ამაღლება) და დადგინდეს, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ რომელი უბანია პოტენციურად ყველაზე უკეთესი ადგილი რევიტალიზაციისათვის (ვგულისხმობ სპეციფიკური ტურიზმის განვითარებას ასეთ უბნებში. ანუ, მოსახლეობა იცხოვრებს საკუთარ სახლებში, რომელიც ამავე დროს სასტუმროების ფუნქციასაც შეითავსებს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი სამუშაო ადგილებსაც გააჩენს, რადგან გაიზრდება ადგილობრივი ხელოსნური/რეწვა). გაირკვევა რომელი უბნები უფრო მეტადაა მოსახერხებელი ბიზნესის მოსაზიდად („თბილისის ისტორიული ნაწილის“ ის უბნები, რომელშიც ძველისა და ახალი შენობების დიდი ნაზავი გვაქვს, მშვენიერი ადგილი იქნება კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად). ინვესტორებს მიეცემათ შეღავათები, რათა მათი ინტერესი ამაღლდეს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არ გაყიდოს სახლები (ან შენობები, რომელიც საცხოვრებელი არ არის და სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება) მთავრობამ უნდა შეთავაზოს უკანონო მიშენებების მონგრევის სანაცვლოდ კომპენსაცია, რათა არ მოხდეს მასობრივი ჯენტრიფიკაცია (ამავე დროს კანონი ისტორიულ ძეგლებზე უკანონოდ მიშენებას გრენადის კონვენციის თანახმად მონგრევით არეგულირებს).
უნდა მოიძებნოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეკონსტრუქციას არა მთელ უბანს, არამედ ცალკეულ სახლებს, მიკროუბნებს და სახლებს აღადგენს (მართალია ეს ხარჯებს გაზრდის, მაგრამ თავიდან ავიცილებთ ფორსირებულ რესტავრაციას და ბუტაფორიული ნაგებობების მთელ წყებას, რომლის სანახავადაც რეალურად ამ ქვეყანაში არავინ ჩამოვა).
„თბილისის ისტორიული ნაწილის“ განვითარებისთვის, საჭიროა სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურები ქალაქის გარეუბნებში იქნეს გადატანილი. ჯერ ერთი ეს ქალაქის დეცენტრალიზაციას მოახდეს, მეორეც, ქუჩები გათავისუფლდება ზეჭარბი ტრანსპორტისგან, რაც თავისთავად გაადვილებს არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ შეამცირებს შენობების ამორტიზაციას და რეაბილიტაციის პროცესს უფრო მობილურს გახდის. და მესამე: თუკი ჩვენ სახელმწიფოს სურს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ტურისტულ ზონად გამოყენება, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნაც (იმის ფონზე რაზეც ზევით ვამბობდი: ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, სასტუმროების ტიპის სახლების გაკეთება, სადაც თეატრალიზირებული იქნება ცხოვრება _ მომსახურე პერსონალი სამუშაო საათებში იცხოვრებს ძველი თბილისის წესებით (ეზოში არყის გამოხდიდან დაწყებული, აივნიდან საპნიანი წლით გადმოღვრით დამთავრებული).
ინვესტიციების მოზიდვა
ხშირად, ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ თავს უფლება მისცენ ქალაქის რეკონსტრუქცია აწარმოონ (მით უფრო, რომ („თბილისის ისტორიულ ნაწილთან“ მიმართებაში, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან აქ არა მხოლოდ აღსადგენია ძეგლები, არამედ რაღაცეები დასანგრევი და თავიდან ასაშენებელიცაა. მთლიანად შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ა.შ.), ამისათვის არსებობს საკმაოდ აპრობირებული გეგმა: ბიზნეს სექტორის დაინტერესება კონკრეტული უბნებით (საგადასახადო კანონის გამკაცრების, ან შერბილების ხარჯზე. გააჩნია ეკონომისტების მიერ წარმოებული კვლევა რას გვანახებს).
ასევე წახალისებული უნდა იქნეს მეცენატობის ინსტიტუტი. შეიქმნას ფონდი, რომელიც უხელძღვანელებს სახსრების მოძიებას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობიდან (მაგალითად, ყველა საჯარო მოხელის ხელფასიდან 5 წლის მანძილზე დაიქვითოს 0.2 % და ეს გამჭვირვალედ მოხდეს, ანუ ყველამ იცოდეს, რომ თანხა უშუალოდ („თბილისის ისტორიული ნაწილის“ რეაბილიტაციას ხმარდება).
რაც შეეხება ქალაქის მენეჯმენტს, არ შეიძლება ცალმხრივად რომელიმე ქალაქის მოდელით მივუდგეთ ამ საკითხს და ავირჩიოთ, ვთქვათ, მხოლოდ BOT მოდელი. იმისდამიხედვით, რომელ უბანს, მიკროუბანს რა სჭირდება, შეიძლება ეს იყოს მართვის კონცესიური ან მენეჯმენტური კონტრაქტის მოდელიც.


დასკვნა

საბოლოოდ, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ გადარჩენა და რეორგანიზაცია მაინც ჩვენი, მოქალაქეების ვალია და თითოეული ძეგლის განადგურება ისევ ჩვენ კისერზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ქალაქის ისტორია საკუთარი ბინის აივანთან არ მთავრდება. კანონს ადამიანები ქმნიან, ის ადამიანები, ვინც იმავე საზოგადოების წევრები არიან, რომელსაც ჩვენ  ვეკუთვნით. რომ არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ „თბილისის ისტორიული ნაწილის“ (და არა მხოლოდ) მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, რომ გავითავისოთ, რომ არის ღირებულებები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება და მოვლა, რადგან მხოლოდ მათი ვიზუალური მხარის აღდგენით საქმე არ კეთდება (იკარგება ის სული, რომელიც თითოეულ ძეგლს, ნაკეთობას, ქვას აქვს), მეეჭვება  მავანთ გაბედონ და კანონის იგნორირებით, საბოლოოდ წაახდინონ ისედაც შელახული ქალაქის იერსახე. იმისდამიუხედავად, იქნება თუ არა „თბილისის ისტორიული ნაწილი“ იუნესკოს ძეგლთა სიაში, ეს ქალაქი თითოეული საქართველოს მოქალაქის კუთვნილებაა და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუაროთ მას.