Friday, January 23, 2015

ისიც მოკლეს (სინოფსისი)

ისიც მოკლეს
სინოფსისი

მოთხრობა კინო სცენარი უფროა, ვიდრე მოთხრობა. შეიძლება რამდენიმე კინოსცენარიც კი ერთად. ყველაფერი კი მარტივად იწყება, ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, როცა ერთ-ერთი გაექცევა და მეზობელს უკბენს, მეზობელი პოლიციას იძახებს, პოლიციელი სადარბაზოდან გამოსულ კაცს იმ ბინის ქურდადა მიიჩნევს, ბოლო თვეები ბინებს რომ ტეხავდა, ქურდი გაიქცევა, რადგან პოლიციელი ცოლის მოგზავნილი დეტექტივი ჰგონია, გაქცეულს მანქანა დაარტყამს, სადაც ჯიბის ქურდი ზის, ეკლესიურად ცხოვრება რომ გადაუწყვეტია და ჯიბგირობასაც ვერ ანებებს თავს, ამიტომ გამოსავალს ტაძარში ჯიბგირობით პოულობს, ჯიბგირი მიატოვებს მოპარულ მანქანას და ნაცნობ დალაქთან დაიმალება, დალაქი უცნაური რამეების გამომგონებელია და ამ გამოგონებებს ლექსად წერს. დალაქს დიდი პრობლემა აქვს - მისი უფროსი შვილი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი დადის...
წრე დაუსრულებლად გრძელდება. თქვენ გაიცნობთ აფერისტ მოლასაც, უშვილო ქალებს რომ აორსულებს და მის მძღოლსაც საკუთარი ცოლი საყვარელი რომ ჰგონია და პირიქით.
ამბები ერთმანეთში უსასრულოდ იხლართება და ბოლოს ისევ იქ მიდის, საიდანაც თხრობა დაიწყო. ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, დედალი დაბადებულია 6 დეკემბერს, მამალი 19 მაისს, როგორც მშობლები, ძაღლებს სახელებიც ნუგოს მშობლებისა ჰქვია: კობა და ნაირა.


სიტყვების რაოდენობა: 6068

ძმები (სინოფსისი)

ძმები
სინოფსისი

მივარდნილ სოფელში ოჯახი ცხოვრობს - დედა, მამა, ორი ძმა. უფროსი შვილი მამის არაა, მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ დედამ იცის, მაგრამ მამაც გუმანით გრძნობს სინამდვილეს და მთელ თავის სიყვარულს უმცროს შვილს ახარჯავს, რომელსაც თავის მხრივ მამა სძულს და მის სიკვდილს ნატრულობს.
უფროს შვილს, ვართანს თავისი პრობლემებიც უამრავი აქვს - მას სექსუალური ცხოვრების შიში აქვს, რაც მშობლების სიახლოვის დანახვის შემდეგ გაუჩნდა. დედა ცდილობს მამასა და შვილებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს, მაგრამ მალევე გარდაიცვლება. ვართანი სრულიად მარტო, ჩაკეტილი და გარიყული რჩება სოფელში. ის გამუდმებული დაცინვის მსხვერპლია ძმისგან, მამისგან და თანასოფლელებისგან. სანადიროდ წასული კაცები მას წყლის მოსატანად აგზავნიან და თოფს არასოდეს ანდობენ.
რამდენიმე წლის მერე, როცა ვართანს ახალშერთულ ცოლთან წარუმატებელი სექსუალური ურთიერთობების ცდა აქვს და ოჯახი დაენგრევა, მის უმცროს ძმას, ლეოს ცოლი მოყავს. გოგო ძალიან გავს ვართანის დედას და ვართანი და მისი რძალი საყვარლები გახდებიან.
გადის წლები და ვართანი თავდაჯერებას გრძნობს, ერთელაც ის ბიძასთან, მამასთან და ძმასთან ერთად სანადიროდ წასვლას გადაწყვეტს, ამჯერად თოფით.
ნადირობისას ვართანს ძმა ირემად ეჩვენება და კლავს.



სიტყვების რაოდენობა: 7812

ბიჭები (სინოფსისი)

ბიჭები
სინოფსისი

მოთხრობის სიუჟეტი ვითარდება თინეიჯერი ბიჭების ირგვლივ. შვიდი მეგობარი, რომელსაც თავისი სხვადასხვა ბავშვური პრობლემა და შიშები აქვს ერთი უბრალო ამბის ირგვლივ ტრიალებენ. შვიდივე განსხვავებულად ყვება ერთმანეთზე ისტორიებს და ამ მონათხრობში მათი მთელი ცხოვრება ჩანს.
დათო, ვისაც ბავშვობაში თავს გადახდენილი სექსუალური ისტორია მოსვენებას არ აძლევს, ლევანი, მშობლების ყოველდღიული ძალადობის ქვეშ რომ იზრდება, რომა, ეთნიკურად რუსულ ოჯახში რომ დაიბადა და ომის შემდეგ თანატოლებისგან ათვალწუნებული რომაა, ნიკა, „იეჰოვას მოწმეების“ ოჯახში რომ ცხოვრობს და ცალკე მეგობრების დაცინვის მსხვერპლია, ცალკე დედის იძულების, გაწყვიტოს ურთიერთობა ყველა განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთან, ირაკლი, მეზობელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი რომ უყვარს და სოსო, საკუთარ თავში ახალ, ზოგადადამიანურ ღირებულებებს რომ აღმოაჩენს, რაც მისი მეგობრებისთვის ცოტა გაუგებარია.




სიტყვების რაოდენობა: 8908

ნესი (სინოფსისი)

ნესი
სინოფსისი

ახალგაზრდა ქალი, ნესი თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. ის უცნაური გოგოა, გაურკვეველი წარმოშობის უთქმელი გოგო, რომელიც ყველა კაცთან წვება, ვინც კი სიახლოვეს სთავაზობს, სანაცვლოდ კი ფულს არასოდეს იღებს. ნესითან ერთად ცხოვრობს მისი ყოფილი საყვარელი, კოჭლი, რომელიც გოგოსთან მოსულ სტუმრებს საჭმელს და სიგარეტს სთხოვს ხოლმე და გოგოს კმაყოფაზეა.
ნესის გაიცნობს ახალგაზრდა კაცი, გურამი, ვისაც დაუოკებელი ინტერესი ამოძრავებს გაარკვიოს რა იმალება ქალის ასეთი უცნაური „გულმოწყალების“ უკან. გურამი იწყებს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლას, არ ერიდება ასტროლოგებთან, ეზოთერიკოსებთან და მაგებთან ვიზიტსაც, რომ გაარკვიოს რა აიძულებს ნესის იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში. ამ ძიების პროცესში, გურამს უყვარდება თავისი უცნაური მეგობარი მეძავი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი, პატრიარქალური საზოგადოების კლიშეები უარს ათქმევინებს სიყვარულზე, რომელიც აქვს. გოგო მისი ცხოვრებიდან ქრება. მოკვდა, მოკლეს, გათხოვდა თუ უცხოეთში გაიქცა ნესი?- რეალური დასასრული მკითხველის ასარჩევია.



სიტყვების რაოდენობა: 5867

გოიმი (სინოფსისი)

გოიმი
სინოფსისი

ვაშლებით მოვაჭრე მატარებელში უცნაურ კაცს ხვდება. კაცი თითქოს უბრალოდ ვინმეა, ბევრსაც არ ლაპარაკობს, ჯიბიდან დროგამოშვებით ქალისა და ბავშვის ფოტოს იღებს და დასცქერის.
ვაშლებით მოვაჭრე თავის გაჭირვებულ ყოფაზე ჩამოაგდებს სიტყვას და თანამგზავრი საფულეს გახსნის და ფულს აჩუქებს. ვაშლით მოვაჭრე კიდევ მოუყვება როგორ ელოდება სახლში მომაკვდავი ცოლი, თანამგზავრი კიდევ აჩუქებს ფულს და ასე გრძელდება გზის გარკვეული ნაწილი. მერე ორივენი ჩუმდებიან. ვაშლებით მოვაჭრე თანამგზავრს უყურებს და ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანებისთვის ადვილია ცხოვრება, რომ მათთვის ის ტკიცინა დოლარები რაც საფულით დააქვთ, გროშებია, თავს ამეტებენ გაჭირვებულ ხალხს და სინამდვილეში, იქნებ ეზიზღებათ კიდეც ისინი. თანამგზავრს სძინავს. ძილზე ეტყობა, რა უშფოთველი ცხოვრებაც აქვს, ალბათ ცხოვრებაში პრობლემაც კი არასოდეს ჰქონია.
და ვაშლით მოვაჭრე თანამგზავრს საფულედან ფულის დარჩენილ ნაწილსაც მოპარავს.

სიტყვების რაოდენობა: 2042

მრავალჯერადი ბოთლები (სინოფსისი)

მრავალჯერადი ბოთლები
სინოფსისი

31 დეკემბერი. ქართული ოჯახი ახალი წლისთვის ემზადება. ვორკაჰოლიკი მამა, რომელიც სამსახურში მიდის, დედა ახალ ყველა დღესასწაულს სილამაზის სალონში რომ ხვდება, უფროსი ბიჭი „ყოფილი ნარკომანი“, შუათანა გოგო, ეკლესიაში ბიჭებთან შესახვედრად რომ დადის, უმცროსი კომპიუტერდამოკიდებული ბიჭი და ბაბუა, საახალწლო სუფრაზე ფიქრში რომ ატარებს დროს.
უფროსი შვილი ნარკორეალიზატორს ხვდება, რომელსაც ცუდი წამალი აქვს გასაყიდი. რამდენიმე ნარკომანი ერთად იკრიბება, რომ დოზის ყიდვა შეძლონ და გაიყონ. მათ შორისაა გოჭების გამყიდველი აფერისტი რაიონიდან, რომელიც წონის მომატების მიზნით გოჭებს უკანალიდან ბოთლებს უტენის.
საბოლოოდ ყველა იკრიბება სახლში ნარკომანი შვილის გარდა, რომელიც მორგში წევს გოჭების გამყიდველ აფერისტთან ერთად. მათ გაკვეთაზე ორი ნარკომანი მუშაობს, რომლებსაც გარდაცვლილები ძალიან გამხდრები ეჩვენებათ და მუცელში ბოთლების ჩალაგებას გადაწყვეტენ.


სიტყვების რაოდენობა: 3088

ფოსტის ყუთი (სინოფსისი)

ფოსტის ყუთი
სინოფსისი

აეროპორტში, საერთო მოხმარების კომპიუტერთან ტურისტს გახსნილი იმეილი რჩება, რომელსაც ნაწარმოების ავტორი კითხულობს. მოთხრობაში სამი ამბავი ერთდროულად ვითარდება, სამივეს მთავარი აზრი კი იუდას ისტორიაა. როგორ გახდა იუდა ის, ვინც გახდა. ვინ იყო და რა მიზნით გასცა ქრისტე? ნარკომანი პილატე, ბარაბა, რომელიც ქრისტეს მაგივრად ჯვარცმას ითხოვს, ციხეში გამომწყვდეული მაფიოზები, შეშლილი გერმანელი პროფესორი დოქტორი ჰაუფმანი, ვისაც სჯერა, რომ უძველესი მანუსკრიპტები აღმოაჩინა. ბიბლიური ისტორიების ფანტასტიკური გარდასახვა „ფოსტის ყუთში“ ჩვეულებრივი მოვლენაა. ესაა პოსტმოდერნისტული სიუჟეტური თამაში, სადაც დრო, სივრცე და თხრობა უცნაურად იხლართება ერთმანეთში.
ნაწარმოები რამდენიმე მიმართულებით იკითხება და ყველა თავისებურად ხსნის ამბავს.

სიტყვათა რაოდენობა: 17201