Friday, January 23, 2015

ევროპელი ხევისბერი (სინოფსისი)

გურამ მეგრელიშვილი
ევროპელი ხევისბერი
სინოფსისი

1999 წელი.
ნიკოლოზი (იგივე ნიკლასი, როგორც მას გერმანიაში ეძახდნენ) მთიან საქართველოში დაბადებული ხევისბერის შთამომავალია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მამის დაჟინებული მეცადინეობით, ნიკოლოზი გერმანიაში სასწავლებლად გაამგზავრეს, სადაც ის დარჩა და ჩვეულებრივი ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრება განაგრძო.
ნიკოლოზმა (ნიკლასმა) საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეხოცნენ, ცოცხალი დარჩა მხოლოდ ხევისბერი ბაბუა, რომელიც ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოების უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მის სოფელში.
ნიკოლოზს გერმანიაში იოლი ცხოვრება არ ჰქონია. იმისათვის, რომ თავი რამენაირად ერჩინა (მშობლების სიკვდილის შემდეგ ის საკუთარი თავის ანაბარა დარჩა), თავის ორ მეგობართან ერთად ყველაფერზე მიდიოდა - დაწყებული პედოფილ კაცებთან ურთიერთობით, დამთავრებული მოპარული მანქანების დაშლით და ნაწილების გაყიდვით. რამდენიმე წლიანი რთული ცხოვრების მერე კი, ქართველმა ემიგრანტმა მოახერხა და სტაბილურ ცხოვრებას მიაღწია - თურქ და გერმანელ მეგობრებთან ერთად ავტოსარემონტო გახსნა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა და სტაბილურადაა. ნიკოლოზი გერმანული პასპორტის მოლოდინშია, მან საბოლოოდ თქვა უარი საკუთარ სამშობლოზე - ის აპირებს გერმანული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, რომელზეც თავის დროზე მამამისიც ოცნებობდა, მაგრამ ავტოსახელოსნოში ორი ქართველი შემოდის. ისინი ნიკოლოზს ეცნობიან და ეუბნებიან, რომ თავადაც ემიგრაციაში ცხოვრობენ, მაგრამ წარმოშობით იმავე მხარიდან არიან, საიდანაც ნიკოლოზია. ხევისბერი, ნიკოლოზის ბაბუა გარდაიცვალა. ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით კი, ხევისბერი მემკვიდრეს თავად ასახელებს. თუ მემკვიდრე უარს იტყვის ხევისბერობაზე, წყევლა მის შთამომავლობაზეც და სოფელზეც გადავა.
ნიკოლოზისთვის ეს ცრურწმენები კარგა ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. მას სამშობლოსთან მოგონებებიც კი აღარ აკავშირებს. მაგრამ სტუმრები ჯიუტად ითხოვენ ნიკოლოზის საქართველოში დაბრუნებას, რადგან თემის გადაწყვეტილება პიროვნულ არჩევანზე გაცილებით დიდია.
თავდაპირველად ნიკოლოზს სასაცილოდ არ ჰყოფნის სტუმრების მოთხოვნაც და მუქარაც, მაგრამ როდესაც მოსულები აქტიურ ქმედებებზე გადადიან (ისინი ევროპაში მცხოვრები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან), ავტოსახელოსნოში დაუწვავენ ორ მანქანას (პოლიციაში ჩივილი საქმეს ვერ ცვლის) და მთლიანად სახელოსნოს გადაბუგვითაც იმუქრებიან, ნიკოლოზი გადაწყვეტს დამორჩილდეს მოსულებს, დროებით დაბრუნდეს საქართველოში, რათა მის გამო მეგობრების წლობით ნაგროვები ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.
მეგობრები, თურქი ბორა და გერმანელი კასპარი (რომელიც ფულს დის ემიგრანტებზე ფიქტიური გათხოვებით  შოულობს) გადაწყვეტენ მოინახულონ ნიკლასი და მოტოციკლეტებით საქართველოში ჩამოდიან.
ნიკლასი შეცვლილია. თუ გერმანიაში ის ცნობილი იყო თავისი პეწენიკობით, ახლა ნახევრად გომურში ცხოვრობს საქონელთან ერთად. ახალგაზრდა კაცს წვერი მოუშვია და საკუთარი პატრიარქალური საზოგადოების ცხოვრებით ცხოვრობს - აღასრულებს ყველა წესს, რაც ევალება ხევისბერს, სხვა დროს კი რიგითი მწყემსია.
ნიკლასს მეგობრების დანახვა დიდად არ უხარია. ოთხი წლის მანძილზე, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, მოახერხა და დაივიწყა ყველაფერი რაც ევროპასთან, გერმანიასთან აკავშირებდა. მისთვის ახლა ეს რეალობაა მნიშვნელოვანი და ცდილობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად იქცეს ფორმალურად მაინც.
მეგობრები ათი დღე აპირებენ ნიკლასთან დარჩენას, მერე კი მის გერმანიაში დაბრუნებაზე ფიქრს ერთად დაიწყებენ. ბორა უკვე გერმანიის მოქალაქეა, ის დაეხმარება ნიკლასს ევროპაში დაბრუნებაში.
მხიარული კასპარი ენობრივი ბარიერის მიუხედავად ადვილად ახერხებს ადგილობრივებთან კომუნიკაციას. ნიკლასი ცდილობს მეგობრები მაქსიმალურად მოაშოროს თანასოფლელებს და რაც შეიძლება მალე გაამგზავროს შინ, რადგან კასპარის სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება იქაურებისთვის დაძაბულობის მიზეზად იქცეს, მაგრამ ერთ-ერთი თანასოფლელი გუჯა ნიკოლოზს და მის სტუმრებს სახლში დაპატიჟებს, სადაც მთვრალი მასპინძელი ბორას აუხირდება ჩემ დას ცუდი თვალით უყურებდიო. ბორა ცდილობს გაერიდოს სიტუაციას და ნიკოლოზის სახლისკენ შეუმჩნევლად წავიდეს.
მთვრალი ბორა გზად გუჯას სათივესთან ჩერდება მოსასაქმებლად. სათივედან კი ქალის კვნესის ხმა ისმის. ბორა ათვალიერებს სათივეს და პირაკრულ, დაბმულ თხუთმეტიოდე წლის გოგოს პოულობს.
გოგო რომელიღაც მომიჯნავე რეგიონიდანაა მოტაცებული. თავის დროზე, გუჯას და იმ მომიჯნავე სოფლიდან მოიტაცეს, მაგრამ ორი კვირის თავზე უკან მოაბრუნეს იმ მიზეზით, რომ გოგო ქალწული არ იყო. გუჯას ოჯახი დიდ სირცხვილშია. მისი და ვეღარასოდეს გათხოვდება, გარდა ამისა, მათ ღირსებას ჩრდილი მიადგა. სამაგიეროდ, გუჯამ იმავე სოფლიდან მართალია სულ სხვა ოჯახის, მაგრამ მაინც გოგო მოიტაცა, რომელსაც ორიოდე კვირის თავზე უკან იმავე მიზეზით დააბრუნებს, რა მიზეზითაც მისი და დაიწუნეს.
ბორა ვერ ბედავს გოგოს გათავისუფლებას, მაგრამ მობრუნებულ ნიკოლოზს სიტუაციაში გარკვევას სთხოვს. ნიკოლოზი ბორას სთხოვს დაივიწყოს ნანახი და მთვრალი მეგობრები იძინებენ.
გამთენიისას თანასოფლელები ცეცხლანთებული მაშხალებით, თოფებით და ავტომატებით შეიარაღებულები მიადგებიან ნიკოლოზის სახლს და დამნაშავის მათთვის გადაცემას ითხოვენ. დამნაშავე კი როგორც აღმოჩნდება, კასპარია, რომელმაც ღამით ჩუმად გაათავისუფლა დაბმული გოგო.
ნიკოლოზი არწმუნებს მოსულებს, რომ მისი მეგობარი არაფერ შუაშია, გოგო თავად გაუშვა. თანასოფლელებს ის მიყავთ დასასჯელად.




სიტყვების რაოდენობა: 3646

ტრილოგია ვასია(უ) (სინოფსისი)

ტრილოგია ვასია(უ)
სინოფსისი

ვასია(უ) არის წარუმატებელი ობივატელი ადამიანის ცხოვრების ქრონოლოგია შეშინებული ბავშვიდან ზრდასრულ მამაკაცამდე, როდესაც გმირი საბოლოოდ გადაწყვეტს გაიზარდოს.
ციკლის პირველი მოთხრობა „როგორ ვერ გახდა ვასია(უ) მანიაკი“ იმაზეა, თუ როგორ ცდილობს მამის ჩრდილში მყოფი ვასია(უ) საკუთარი „მე“-ს დემონსტრირებას, მაგრამ არც ოჯახში გამოსდის ამის დამტკიცება, არც გარეთ. გაბრაზებული კაცი გადაწყვეტს მანიაკი გახდეს და ბნელ ქუჩაში გამოსული მსხვერპლ ქალს თავს დაესხმევა, მაგრამ ესეც არ გამოსდის, ქალი იქით შეაშინებს თავდამსხმელს.

ციკლის მეორე მოთხრობა „როგორ ვერ გახდა ვასია(უ) გმირი“ პროტაგონისტის შინაგან ბრძოლაზე გვიყვება. ვასია(უ)მ გადაწყვიტა რაღაც შეცვალოს ცხოვრებაში, ცოლის ღალატზე თვალი აღარ დახუჭოს, შვილებმა ღირსეულად გასცენ  პასუხი, სამსახურში მჩვარად აღარ ჩათვალონ, მგზავრებმა შეურაცხყოფა აღარ მიაყენონ (ავტობუსის მძღოლია) და ასე შემდეგ. ვასია(უ) ათეისტია, მას კი წმინდა პაფნუტი ესიზმრება ყოველ ღამე. გმირი გაურკვევლობაშია და გადაწყვეტს დახმარებისათვის ეკლესიაში მივიდეს, მაგრამ მისული გაბრაზდება ღმერთზეც და უკან გაბრუნდება.

ციკლის მესამე მოთხრობა „როგორ შეუყვარდა ვასია(უ)ს საკუთარი თავი“ იწყება ამბით, თუ როგორ მოიპოვა პროტაგონისტმა ცოლ-შვილის, მეზობლების კეთილგანწყობა - ის მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს და სასურველი სტუმარია ყველგან. ვასია(უ)მ გადაწყვიტა ის, რაც 50 წლის მანძილზე არ ჰქონდა, აინაზღაუროს, ყიდულობს ძვირადღირებულ ტექნიკას, სახლს, მანქანას (განვადებით) და ცხოვრებით ტკბება, მაგრამ სიზმრების სტუმარი წმინდა პაფნუტი მოსვენებას არ აძლევს და უკიჭინებს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და სიყვარული უმთავრესია. ერთხელ, სამსახურის ხელმძღვანელი შეურაცხყოფას მიაყენებს ვასია(უ)ს. მსგავსი და უარესი შეურაცხყოფა აქამდეც ბევრი ყოფილა, მაგრამ ვასია(უ) გადაწყვეტს აღარ მოითმინოს, ფეხებზე დაიკიდოს ცოლიც, შვილებიც, ვალებიც და ტყეში დასასვენებლად წავიდეს.

სიტყვების რაოდენობა: 9943


ლილი (სინოფსისი)

ლილი
სინოფსისი

მოთხრობა ვარიაცია ჯეიმს ჯოისის ერთ-ერთ ცნობილ მოთხრობაზე „ეველინა“ წიგნიდან „დუბლინელები“.
ლილი გაუთხოვრად დარჩენილი მორწმუნე ქალია, ვისაც ყოველ ღამე სექსუალური აქტი ესიზმრება. ლილი ცდილობს განდევნოს ეს „მაცდური“ აზრები და საკუთარი ძმიშვილებზე ზრუნვით გაატაროს დრო.
ლილის ერთადერთი გასართობი და მეგობარი კი მისი კატა „ჯემალია“, რომელსაც მარხვის პერიოდში თევზს და რძეს უკრძალავს.
ლილი მეტროსადგურში გაიცნობს კაცს, რომელსაც ეჩვენება, რომ ძალიან მოეწონა ქალი, სინამდვილეში კი კაცი ჯიბის ქურდია და ლილის ჩანთას მოპარავს.


სიტყვების რაოდენობა: 1218

Теимураз Оврагов (სინოფსისი)

Теимураз Оврагов
სინოფსისი

მოთხრობა არის ცნობილი რეპრესირებული ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის „ჯაყოს ხიზნები“ გაგრძელებას. ცნობილია, რომ 1937 წელს დახვრეტილ მწერალს ჰქონდა გამოქვეყნებული მოთხრობის გაგრძელების მონახაზი, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო. „ჯაყოს ხიზნების“ სიუჟეტი შიდა ქართლში ვითარდება (ამჟამად კონფლიქტურ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში), სადაც ქართველი თავადი, თეიმურაზ ხევისთავი საკუთარი მოჯამაგირის, ეროვნებით ოსი ჯაყოს ვერაგობის მსხვერპლი ხდება - ჯაყო მის ცოლს გააუპატიურებს, შემდეგ კი თეიმურაზს წაართმევს ცოლსაც, სახლსაც და სახელსაც.
თავის დროზე, მიხეილ ჯავახიშვილმა თავის ეპატაჟურ, პოლიტიკური სატირისა და ქვეტექსტების შემცველ წიგნში, მომავალი საქართველოს უახლოესი ისტორიის ბედი განჭვრიტა, რის გამოც კომუნისტურმა წყობამ ის სიკვდილით დასაჯა.
გურამ მეგრელიშვილის მოთხრობაში „Теимураз Оврагов“ „ჯაყოს ხიზნების“ ასევე პოლიტიკური ქვეტექსტების გაგრძელების ცდაა. თეიმურაზ ხევისთავი, მოჯამაგირისგან ცოლწართმეული და ნამუსშერცხვენილი ახალმოსულ პოლიტიკურ ძალას, ბოლშევიკებს და მათ მიერ შექმნილ კომუნისტურ პარტიას მიეკედლება და იდეოლოგ მწერლად იქცევა. ჯაყო თავადაც მსხვერპლი ხდება, ამჯერად კომუნისტი რაიკომის მდივნის, რომელმაც ახლა თავის მხრივ მას წაართვა ცოლი, მარგო და დასჯის მიზნით ენაც მოაჭრა.
ხევისთავი შეცვლილია, მას სურვილი აქვს საკუთარი კალამი, ძალა გამოიყენოს და კომუნისტი რაიკომის მდივანი დააჭერინოს, ყოფილი ცოლი მარგო კი ამ კუთხით დაიბრუნოს უკან.


სიტყვების რაოდენობა: 2884

ჩემი და, თეკლა (სინოფსისი)

ჩემი და, თეკლა
სინოფსისი

ჩვეულებრივი თბილისური ოჯახი საკუთარი არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების შესახებ ცნობას მესამე დღეს იგებს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ნათესავთან დასასვენებლად წასული ქალიშვილი, ადგილობრივმა ბიჭმა მოიტაცა.
მოტაცება საქართველოში ადამიანის გატაცებასთან არ ასოცირდება, მოტაცება ეს არის ქორწინების სახე-სხვაობა, როდესაც კაცი იძულების წესით, რამდენიმე მეგობრის თანამონაწილეობით მომავალ მეუღლეს გაიტაცებს, ამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს და ამის შემდეგ სთხოვს ცოლობას. როგორც წესი, ასეთი „ხელის თხოვნის“ შემდეგ გოგონები ოჯახში რჩებიან, რადგან საზოგადოებრივი აზრი „მონატაცები“ ქალის სასარგებლოდ არ არის განწყობილი.
თეკლა ასეთი მოტაცებული არასრულწლოვანი გოგოა. მისი საქმრო კონფლიქტური რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ვინც დროებითი სასაზღვრო ზოლის მახლობელ სოფელში ცხოვრობს.
თეკლას ოჯახის წევრები აკითხავენ შვილს და სადღესასწაულო, წინასაქორწილო გასაცნობ სუფრასთან იცნობენ სიძესაც და მის ოჯახსაც. ხურდება ლხინი, მართალი ნაძალადევი, მაგრამ მაინც ლხინი, რომელსაც სიძის მამა არ ესწრება. როგორც ჩანს, კაცს ომის საშინელებები ჯეროვნად ვერ მოუნელებია, ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და საზოგადოებას გაურბის.
მეორე დღეს გამთენიისას, თეკლას ოჯახის წევრებს სამი გასროლის ხმა აღვიძებს. ირკვევა, რომ სიძის მძიმე სულიერ კრიზისში მყოფმა თავადაც ძალადობის მსხვერპლმა მამამ სანადირო თოფით დახოცა ცოლ-შვილიც და ძალადობით მოყვანილი რძალი, თეკლაც.

სიტყვების რაოდენობა: 1585 

ექსკლუზივი (სინოფსისი)

ექსკლუზივი
სინოფსისი

სოხუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება, სადაც ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა აუტიზმის სინდრომით დაავადებული მეცნიერი სიტყვით გამოდის. გუნაი მამედზადე იმ წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილი კანდიდატია, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ახალგაზრდა ადამიანისკენაა მიმართული, ამიტომ თბილისელი ჟურნალისტი ექსკლუზიური ინტერვიუსთვის სოხუმში სპეციალური მივლინებით მიემგზავრება.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალგაზრდა მეცნიერი ცუდად გახდება და სასტუმროს ნომერში განმარტოვდება. ჟურნალისტი ახერხებს გუნაისთან შეხვედრას და მასთან ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ რაღაც ბოლომდე არ თქმულა, მამედზადე ძალიან დაძაბულია, სოხუმმა, საქართველომ მასში ისეთი მოგონებები წამოწია წინ, რისი თქმაც ვინმესთვის აუცილებელია. გუნაი ჟურნალისტს ენდობა და ინტერვიუს შემდეგ ადამიანურად გაეხსნება, მოუყვება თავის ნამდვილ ამბავს, მისი ოჯახის ტრაგედიას და თავისი, როგორც აუტიზმის სინდრომით დაავადებული ბავშვისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას.
მოუთხრობს იმასაც, რომ მისი გვარი (ეთნიკური აზერბაიჯანელის გვარი) სინამდვილეში დედის აკვიატებით მიანიჭეს, როცა ქალი თბილისში გამოიქცა ყარაბახის კონფლიქტური რეგიონიდან. გუნაის დედას სოფლის ტერტერას მკვლელის შვილი, აზერბაიჯანელი უყვარდა, მაგრამ ძმამ, ოჯახის უსიტყვო თანხმობით, მხოლოდ იმიტომ, რომ საძულველ ეროვნებაზე არ გათხოვილიყო, საკუთარი და გააუპატიურა. აზერბაიჯანელ საქმროს ნამუსახდილი ცოლი აღარ სჭირდება, ახალგაზრდა სომეხ ქალს კი საკუთარ ოჯახში აღარ დაედგომება. 90-იანი წლებია და გუნაი მამედზადეს დედა ამერიკაში მიდის.
ჟურნალისტი ახალგაზრდა მეცნიერის ნაამბობს ჩუმად ჩაიწერს და ექსკლუზიურ მასალას სტუდიას აძლევს, სადაც ერთი რიგითი ადამიანის ტრაგედია არაფრად ფასობს.


სიტყვების რაოდენობა: 4882

ისიც მოკლეს (სინოფსისი)

ისიც მოკლეს
სინოფსისი

მოთხრობა კინო სცენარი უფროა, ვიდრე მოთხრობა. შეიძლება რამდენიმე კინოსცენარიც კი ერთად. ყველაფერი კი მარტივად იწყება, ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, როცა ერთ-ერთი გაექცევა და მეზობელს უკბენს, მეზობელი პოლიციას იძახებს, პოლიციელი სადარბაზოდან გამოსულ კაცს იმ ბინის ქურდადა მიიჩნევს, ბოლო თვეები ბინებს რომ ტეხავდა, ქურდი გაიქცევა, რადგან პოლიციელი ცოლის მოგზავნილი დეტექტივი ჰგონია, გაქცეულს მანქანა დაარტყამს, სადაც ჯიბის ქურდი ზის, ეკლესიურად ცხოვრება რომ გადაუწყვეტია და ჯიბგირობასაც ვერ ანებებს თავს, ამიტომ გამოსავალს ტაძარში ჯიბგირობით პოულობს, ჯიბგირი მიატოვებს მოპარულ მანქანას და ნაცნობ დალაქთან დაიმალება, დალაქი უცნაური რამეების გამომგონებელია და ამ გამოგონებებს ლექსად წერს. დალაქს დიდი პრობლემა აქვს - მისი უფროსი შვილი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი დადის...
წრე დაუსრულებლად გრძელდება. თქვენ გაიცნობთ აფერისტ მოლასაც, უშვილო ქალებს რომ აორსულებს და მის მძღოლსაც საკუთარი ცოლი საყვარელი რომ ჰგონია და პირიქით.
ამბები ერთმანეთში უსასრულოდ იხლართება და ბოლოს ისევ იქ მიდის, საიდანაც თხრობა დაიწყო. ნუგო ძაღლებს ავარჯიშებს, დედალი დაბადებულია 6 დეკემბერს, მამალი 19 მაისს, როგორც მშობლები, ძაღლებს სახელებიც ნუგოს მშობლებისა ჰქვია: კობა და ნაირა.


სიტყვების რაოდენობა: 6068