Friday, February 10, 2012

წამებანი თბილისის ისტორიული ნაწილისანი




თბილისის ისტორიული ნაწილის პრობლემები ახალი დაწყებული არ არის, თბილისის ისტორიული ნაწილის და ზოგადად თბილისის პრობლემებს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა კანონმდებლობის მოწესრიგებას. და მაინც, თუკი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებობდა და არსებობს, ის მორგებულია კონკრეტული ინდივიდების კერძო ინტერესებს და მასში ძალიან ბევრი გარღვევაა.
ნებისმიერი ქალაქის ისტორიული ნაწილის პრობლემების მოგვარებას რამდენიმე თანმიმდევრული ღონისძიება სჭირდება.
1: საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება.
2: საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა
3: სწორი მენეჯმენტი
4: ინვესტიციების მოზიდვა ან საბიუჯეტო დაფინანსება
5: ინფრასტრუქტურის მოწყობა






საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება
საქართველოში არ არსებობს გამართული კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. არსებული კანონი ვერ/არ ახერხებს უნებართვო/უკანონო მშენებლობების პრევენციას, რადგან კანონის გაუმართავობის შედეგად, ერთსა და იმავე მუხლს შეგვიძლია სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ. (მაგ: მუხლი 36, პუნქტი 6 დ); მუხლი 3 ს1; და ა.შ).
სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულმა განუკითხაობამ წლების მანძილზე იმხელა ზიანი მიაყენა კულტურულ მემკვიდრეობას და კონკრეტულად „თბილისის ისტორიულ ნაწილს“, რომ ამაზე ცუდს ვერც ერთი ბუნებრივი კატაკლიზმა, შემოსევა და ომი ვერ დამართებდა. „თბილისის ისტორიული ნაწილის“ დამახინჯება მთლიანად სახელმწიფო თავმოუბმელობის და კერძოდ კანონის გაუმართავობის ხარჯზეა.
ნათქვამია არის დანაშაული, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელიაო, მაგრამ არის დანაშაული, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
საკანონმდებლო ბაზამ უნდა დაარეგულიროს არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების შეჩერება, გარკვეული მიშენებების დანგრევაც უნდა უზრუნველყოს.



საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა

მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, საზოგადოების ცუდად ინფორმირებულობა და არაჩართულობაა. თბილისის ისტორიული ნაწილის მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში, არათუ უშლიან ხელს ისტორიული ძეგლების დაზიანებას, არამედ თავადვე გვევლინებიან აქტიურ დამანგრევლებად, განაშენიანებისა და შენობების ფონური დამზიანებლებად. ამის მიზეზების სათავეების მოძებნა საზოგადოებრივი აზრის არქონაში, საზოგადოების არაინფორმირებულობაში უნდა დავიწყოთ. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ცხოვრობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიმე უნიკალურ ძეგლში და მისთვის ეს ძეგლი უბრალოდ ძველი, ამორტიზირებული შენობაა და მეტი არაფერი. ამას ზედ ემატება კანონის ინერტულობა (იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ კასპში შემოღობილ 200 კვადრატს ზესტაფონამდე გაზრდის (იყენებს ამ მიწას თუ არა იმისდა მიუხედავად) უკანონო მიშენებების ბუმი, რომელიც შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ დაკანონებებით წაახალისა. ის, რაც შესაძლოა ასე-თუ-ისე ასატანი იყოს გარეუბნებისა და ახალგანაშენიანებული უბნებისათვის, ყოვლად შეუფერებელია თბილისის ისტორიული ნაწილისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული საკუთრება (იმისდამიუხედავად თანხმდება თუ არა საზოგადოება იმ საკითხზე გვჭირდება თუ არა ეს ძეგლი), თბილისის ისტორიული ნაწილი ასევე წარმოადგენს შესანიშნავ ზონას ტურიზმის გასავითარებლად. ინტერესი ამ ზონის მიმართ არა მხოლოდ სახელმწიფოს, მოსახლეობის მხრიდანაც დიდი უნდა იყოს. საამისოდ კი უნდა მოხდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა (გრენადის კონვენციის თანახმად, ეს აუცილებელიც კია) კულტურული მემკვიდრეობის საკითხში. ამ თემას არ შეიძლება „ქართულად“ მივუდგეთ და შედეგები დღესვე მოვიმკათ (შეუძლებელიცაა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს ერთ დღეში შეიცვალოს). პირველ რიგში, აუცილებელია საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ საკითხებს. უნდა მოხდეს „კულტურული მემკვიდრეობის“ სასკოლო საგნად დამატება, დაიბეჭდოს საინფორმაციო ბუკლეტები და უფასოდ დაურიგდეს მოსახლეობას, სადაც ზოგადად იქნება აღწერილი ზოგადი უმნიშვნელოვანესი საკითხები. სახელმწიფო არხზე პერმანენტულად უნდა გაშუქდეს ყველა ის ღონისძიება (ლიტერატურული ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტები) რაც „თბილისის ისტორიულ ნაწილში“ დაიგეგმება სწორედ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს უბრალოდ ნახევრად დანგრეული შენობა კი არაა, ისტორიული ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, დანარჩენი მოსახლეობისათვისაც.










მენეჯმენტი
მენეჯმენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მსოფლიო გამოცდილება, რომლის გამოყენებაც გონივრულად შეგვიძლია. პირველ რიგში (კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გადამუშავების შემდეგ) უნდა მოხდეს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ კონსერვაცია. უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა და აიკრძალოს ყოველგვარი ნებართვის გაცემა ახალი შენობის აშენებაზე (იმის და მიუხედავად, დანგრეულია ეს შენობა, ინგრევა, იწვის თუ ცუნამმა გადაუარა).
შემდეგ  საჭიროა დაიწეროს სწორი მენეჯმენტური გეგმა, პირველ რიგში, რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა (მხატვარი, ისტორიკოსი, არქიტექტორი, რესტავრატორი და ა.შ.) „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ძველი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი ქალაქი გვინდა რომ გვქონდეს და როგორ მოხდება რეკონსტრუქცია.  ამის შემდეგ, „თბილისის ისტორიული ნაწილი“ უნდა დაიყოს რამდენიმე ზონად (ა) უბნები, სადაც ავთენტურობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია; ბ) უბნები, სადაც შერეულია ისტორიული სახლები და ახალი ნაგებობები; გ) უბნები, რომელის ნგრევის პირასაა ან გაყიდულია) გამოიკითხოს მოსახლეობა (იგულისხმება, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ამაღლება) და დადგინდეს, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ რომელი უბანია პოტენციურად ყველაზე უკეთესი ადგილი რევიტალიზაციისათვის (ვგულისხმობ სპეციფიკური ტურიზმის განვითარებას ასეთ უბნებში. ანუ, მოსახლეობა იცხოვრებს საკუთარ სახლებში, რომელიც ამავე დროს სასტუმროების ფუნქციასაც შეითავსებს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი სამუშაო ადგილებსაც გააჩენს, რადგან გაიზრდება ადგილობრივი ხელოსნური/რეწვა). გაირკვევა რომელი უბნები უფრო მეტადაა მოსახერხებელი ბიზნესის მოსაზიდად („თბილისის ისტორიული ნაწილის“ ის უბნები, რომელშიც ძველისა და ახალი შენობების დიდი ნაზავი გვაქვს, მშვენიერი ადგილი იქნება კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად). ინვესტორებს მიეცემათ შეღავათები, რათა მათი ინტერესი ამაღლდეს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არ გაყიდოს სახლები (ან შენობები, რომელიც საცხოვრებელი არ არის და სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება) მთავრობამ უნდა შეთავაზოს უკანონო მიშენებების მონგრევის სანაცვლოდ კომპენსაცია, რათა არ მოხდეს მასობრივი ჯენტრიფიკაცია (ამავე დროს კანონი ისტორიულ ძეგლებზე უკანონოდ მიშენებას გრენადის კონვენციის თანახმად მონგრევით არეგულირებს).
უნდა მოიძებნოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეკონსტრუქციას არა მთელ უბანს, არამედ ცალკეულ სახლებს, მიკროუბნებს და სახლებს აღადგენს (მართალია ეს ხარჯებს გაზრდის, მაგრამ თავიდან ავიცილებთ ფორსირებულ რესტავრაციას და ბუტაფორიული ნაგებობების მთელ წყებას, რომლის სანახავადაც რეალურად ამ ქვეყანაში არავინ ჩამოვა).
„თბილისის ისტორიული ნაწილის“ განვითარებისთვის, საჭიროა სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურები ქალაქის გარეუბნებში იქნეს გადატანილი. ჯერ ერთი ეს ქალაქის დეცენტრალიზაციას მოახდეს, მეორეც, ქუჩები გათავისუფლდება ზეჭარბი ტრანსპორტისგან, რაც თავისთავად გაადვილებს არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ შეამცირებს შენობების ამორტიზაციას და რეაბილიტაციის პროცესს უფრო მობილურს გახდის. და მესამე: თუკი ჩვენ სახელმწიფოს სურს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ტურისტულ ზონად გამოყენება, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნაც (იმის ფონზე რაზეც ზევით ვამბობდი: ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, სასტუმროების ტიპის სახლების გაკეთება, სადაც თეატრალიზირებული იქნება ცხოვრება _ მომსახურე პერსონალი სამუშაო საათებში იცხოვრებს ძველი თბილისის წესებით (ეზოში არყის გამოხდიდან დაწყებული, აივნიდან საპნიანი წლით გადმოღვრით დამთავრებული).
ინვესტიციების მოზიდვა
ხშირად, ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ თავს უფლება მისცენ ქალაქის რეკონსტრუქცია აწარმოონ (მით უფრო, რომ („თბილისის ისტორიულ ნაწილთან“ მიმართებაში, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან აქ არა მხოლოდ აღსადგენია ძეგლები, არამედ რაღაცეები დასანგრევი და თავიდან ასაშენებელიცაა. მთლიანად შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ა.შ.), ამისათვის არსებობს საკმაოდ აპრობირებული გეგმა: ბიზნეს სექტორის დაინტერესება კონკრეტული უბნებით (საგადასახადო კანონის გამკაცრების, ან შერბილების ხარჯზე. გააჩნია ეკონომისტების მიერ წარმოებული კვლევა რას გვანახებს).
ასევე წახალისებული უნდა იქნეს მეცენატობის ინსტიტუტი. შეიქმნას ფონდი, რომელიც უხელძღვანელებს სახსრების მოძიებას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობიდან (მაგალითად, ყველა საჯარო მოხელის ხელფასიდან 5 წლის მანძილზე დაიქვითოს 0.2 % და ეს გამჭვირვალედ მოხდეს, ანუ ყველამ იცოდეს, რომ თანხა უშუალოდ („თბილისის ისტორიული ნაწილის“ რეაბილიტაციას ხმარდება).
რაც შეეხება ქალაქის მენეჯმენტს, არ შეიძლება ცალმხრივად რომელიმე ქალაქის მოდელით მივუდგეთ ამ საკითხს და ავირჩიოთ, ვთქვათ, მხოლოდ BOT მოდელი. იმისდამიხედვით, რომელ უბანს, მიკროუბანს რა სჭირდება, შეიძლება ეს იყოს მართვის კონცესიური ან მენეჯმენტური კონტრაქტის მოდელიც.


დასკვნა

საბოლოოდ, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ გადარჩენა და რეორგანიზაცია მაინც ჩვენი, მოქალაქეების ვალია და თითოეული ძეგლის განადგურება ისევ ჩვენ კისერზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ქალაქის ისტორია საკუთარი ბინის აივანთან არ მთავრდება. კანონს ადამიანები ქმნიან, ის ადამიანები, ვინც იმავე საზოგადოების წევრები არიან, რომელსაც ჩვენ  ვეკუთვნით. რომ არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ „თბილისის ისტორიული ნაწილის“ (და არა მხოლოდ) მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, რომ გავითავისოთ, რომ არის ღირებულებები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება და მოვლა, რადგან მხოლოდ მათი ვიზუალური მხარის აღდგენით საქმე არ კეთდება (იკარგება ის სული, რომელიც თითოეულ ძეგლს, ნაკეთობას, ქვას აქვს), მეეჭვება  მავანთ გაბედონ და კანონის იგნორირებით, საბოლოოდ წაახდინონ ისედაც შელახული ქალაქის იერსახე. იმისდამიუხედავად, იქნება თუ არა „თბილისის ისტორიული ნაწილი“ იუნესკოს ძეგლთა სიაში, ეს ქალაქი თითოეული საქართველოს მოქალაქის კუთვნილებაა და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუაროთ მას.


No comments: