Tuesday, September 14, 2010

რეცენზია წიგნზე "მრავალჯერადი ბოთლები"


ლელა კოდალაშვილი


არც თუ ისე სერიოზული, მაგრამ აშკარად საინტერესო


დღეს, როცა ლიტერატურა სულ უფრო პოპულარული ხდება, მისით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი იზრდება და მწერალთა რაოდენობაც საეჭვოდ მატულობს, მით უფრო აქტუალური ხდება ხარისხის ახალი შტრიხების ძებნა და ამავე დროს, ძველი ფასეულობების სწორი დოზით შენარჩუნება, რადგან ახლადშექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებების საკმაოდ დიდი ნაწილი ძველი და დრომოჭმული საშუალებების, ფორმების, სათქმელების და იდეების კიდევ ერთხელ გადამღერებაა. Mმაგრამ თუ ხედვის არეში არა მწერალთა კონკრეტულ ჯგუფს, არამედ ლიტერატურულ ეპოქებს მოვაქცევთ, მარტივად გამოჩნდება, რომ ასეთი ნაწარმოებები ერთგვარი ნეშომპალის ფუნქციასაც კი ასრულებს, რომ მერე ნაყოფისმომცემ მწერალთა წარმოჩენისთვის უფრო კარგი პირობები შეიქმნას. თუ ვინაა ნეშომპალა, ვინ ყლორტი და საერთოდ, ვისი სახელი რამდენ წელს იცოცხლებს, ეს ყველა კანონზომიერებით დროის საკითხია, მაგრამ სანამ დრო გავა, გაცილებით ძნელად, მაგრამ მაინც მოხდება გადარჩევა.

ყოველ შემთხვევაში, გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების პირველი კრებული ვერ ვიტყვი, რომ უსერიოზულესი, მაგრამ აშკარად საყურადღებო განაცხადია ქართული ლიტერატურისთვის. არც პრეტენზიული ლიტერატორის წარბშეკრულობით და არც ,,პოპსავიკური” გემოვნებით ამ წიგნზე აზრის გამოთქმა არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან შემფასებელს ორივე შემთხვევაში უკიდურესობაში გადავარდნა ელის. ჯობს, საშუალო მოთხოვნილებების მქონე ადამიანის პოზიციიდან წავიკითხოთ და შედარებით ობიექტური სურათის დახატვაც შესაძლებელი გახდება.

აღნიშნული წიგნის დიზაინი რატომღაც მიგანიშნებთ, რომ თუკი მის ყიდვას გადაწყვეტთ, სასურველია ეკუთვნოდეთ თინეიჯერთა თაობას, რადგან აუცილებლად ამოიკითხავთ თქვენთვის საინტერესო ამბებს თქვენსავე თანატოლებზე, წიგნის დიზაინი მიგანიშნებთ იმაზეც, რომ თქვენს წინაშეა ბოევიკურ-დეტექტიურ-სათავგადასავლო ხასიათის ლიტერატურა, სადაც ხშირადაა ნახსენები ნარკოტიკები, მკვლელობები, უბანში საქმის გარჩევები და ამასთან ერთად ყველა ის ჟარგონი, რაც კი შეიძლება ახლდეს თანამედროვე თინეიჯერის ცხოვრებას. გიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ ავტორი პრაგმატული სამყაროს კარგი მცოდნეა და ზედმეტი წიაღსვლებით, სხვადასხვა სიღრმეების ქექვით ტვინს არ გაგიბურღავთ. და თუ არც თინეიჯერი ხართ, არც დეტექტივები და ბოევიკები გიყვართ, მაგრამ მაინც გარისკეთ და იყიდეთ ეს წიგნი, რომელსაც, სხვათა შორის, ,,მრავალჯერადი ბოთლები” ჰქვია, ნელ-ნელა აღმოაჩენთ, რომ გარეკანმა ისევე მოგატყუათ, როგორც ზოგიერთი გაზეთის საპირველგვერდე ანონსი ტყუის ხოლმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სხვას ელი და სულ სხვა რამ შეგრჩა.

ასე რომ, მინუს ერთი ქულა წიგნის გარეკანს.

და მაინც, საინტერესოა, რა შეგრჩება ხელთ, როცა ამ კრებულს წაიკითხავ? ეს არის ნახევრად სატირული, ნახევრად ინტელექტუალური თხრობის სტილი, სადაც პერსონაჟებიც შესაბამისად ნახევრად შარჟებად, ნახევრად გრაფიკულ ნამუშევრებად წარმოგვიდგებიან. Aარც ერთი მათგანი არ წარმოადგენს თავის თავს, თითოეული იმისთვისაა შექმნილი, რომ მოგაწოდოს კონკრეტული სიმბოლო,Aრაც საბოლოო ჯამში ავტორის იდეის გახსნას ემსახურება. ბევრ პროზაიკოსს წასძლევს ხოლმე სული, ბარემ ესა თუ ის ამბავიც მოგვითხროს ისე, უბრალოდ, თავისი ,,ჭიის” გასახარად. ,,მრავალჯერადი ბოთლების” ავტორი ასეთი მომენტების წინაშე არ გვაყენებს. Mმას, როგორც ჩანს, არც ისე რბილი ხასიათი აქვს. ცდილობს იყოს ლაკონური და ყველა აღწერა, ყველა ჩამონათვალი, ყველა შტრიხი მოახმაროს არარსებული სიმბოლო-ტიპაჟების შექმნას, რომლებიც თავის მხრივ ხან პრობლემის გადაჭრის გზას ეძებენ, ხან კი თავადვე ჭრიან პრობლემას.

გურამ მეგრელიშვილი 27 წლისაა. თითქოსდა ეს ის ასაკია, როცა წერენ თავის გარშემო მომხდარ ამბებზე იმავე ლექსიკით, რომელიც წამდაუწუმ ესმით. მაგრამ ეს ვარაუდი მის არცერთ მოთხრობაში არ მართლდება. Gდრო, გარემო, სასაუბრო ენა – არაფერი Aარ მიგანიშნებთ რაიმე კონკრეტულზე, გმირები ერთდროულად ძველმოდურებიც არიან და თანამედროვენიც, სასაუბრო ენაში ავტორი არქაულ გამონათქვამებსაც ხშირად გამოურევს და ჟარგონსაც თითქოს ალაგ-ალაგ, ზრდილობის გამო იყენებს. ეს ალბათ მისი მეთოდია (თუმცა კი, მე ვიტყოდი, საკმაოდ მოძველებული მეთოდი), პერსონაჟი ყველა თაობის წარმომადგენლად დაგვიხატოს.

თითქმის ყველა ფსიქოტიპი, რომელსაც ამ წიგნში შეხვდებით, არასრულფასოვნების კომპლექსითაა დატანჯული და თითოეულს აქვს უდიდესი სურვილი, როგორმე თავი დააღწიოს ამ პრობლემას. ასეთია ყველა პერსონაჟი მოთხრობაში ,,ძმები”. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოკვეთილად სხვა დატვირთვის მატარებელი ნაწარმოებია გმირების ფსიქოლოგიის ღრმა წვდომით და იმის აღიარებით, რომ ძალიან ხშირად პრობლემები გვერევიან და გვიმორჩილებენ. ვართანი, ლეო, მათი მშობლები, ლეოს ცოლი – ყველანი ჩათრეული არიან საბედისწერო თამაშში, ყველა თავის წილ ტყუილს დებს იმისათვის, რომ საბოლოოდ მაინც დამარცხება მომწიფდეს და არა გამარჯვება.

,,არა, ვართანი ქმრისგან არ იყო, მაგრამ მისმა უჟმურმა, უცხვირპირო მეუღლემ არ იცოდა, უფროსი ერთი ღამის მოპარული სიყვარულის ნაყოფი რომ იყო. Aარ იცოდა და არც იყო საჭირო რომ გაეგო. რადგან მეორე შვილის შეძენის მერე ისედაც რაღაცნაირი ცუდი თვალით დაუწყო ვართანს ყურება. Qქალს იმისი კი არ ეშინოდა, რომ ქმარი მოკლავდა, იმის შიში უფრო ჰქონდა, რომ უფროსი შვილი სამუდამოდ დაეღუპებოდა. Aამიტომაც დუმდა მთელი რვა წელი და მერეც, სიკვდილამდე”.
ასე ტყუის ვართანისა და ლეოს დედა, მან არ იცის, რომ სიყალბე ბედნიერებას ვერ მოუტანს მის ოჯახს, მან არ იცის, რომ მის მიერ ამორჩეული გზა იმ კოშკს აშენებს, მერე ყველას ერთად რომ დაემუქრება დანგრევითა და დაღუპვით. Aასე ტყუის მისი ქმარიც, ასე ტყუის მოგვიანებით ვართანი, ლეოს ცოლი, რომელიც მაზლთან გაზიარებული სიყვარულის ფონზე მაინც კარგად ამჩნევს, თუ რა განხეთქილებებია მის გარშემო და მაინც არ ჩერდება რადგან ეს ინერცია გაცილებით ადრეა დაწყებული, თვითონ კი მხოლოდ ერთ-ერთი კენჭი, რომელიც ტყუილის დიდ ლოდთან ერთად ძალაუნებურად დაგორდა. Mმე ვიტყოდი, რომ ეს მოთხრობა გამორჩეულად საინტერესოა მთელ წარმოდგენილ კრებულში, რადგან ავტორი აქ ნაკლებად იყენებს შარჟისთვის დამახასიათებელ შტრიხებს, პრობლემის სიმძაფრე აკარგვინებს ხალისს, დადგეს თავის აღწერილ საკითხებზე უფრო მაღლა, და როგორც სჩვევია, გაიღიმოს თვითონაც და გააღიმოს მკითხველიც.

სამაგიეროდ მოთხრობების ერთგვარი ციკლი ვასია(უ)ს შესახებ, სადაც საკმაოდ საინტერესოდ არის დახატული როგორც მთავარი პერსონაჟი, ისე მისი ტკივილები, განცდები და მცდელობები, გახდეს სხვანაირი ადამიანი, მეგრელიშვილს დაწერილი აქვს თავისი ჩვეული, ნახევრად სატირული ჟანრის გამოყენებით. აქ თხრობა ზედმეტად მსუბუქიც კია, თითქოსდა არ თავსდება იქ აღწერილი საკითხის სერიოზულ განწყობაში. Mმაგრამ გულდასმით წამკითხავი ადამიანი მიხვდება, რომ ეს ისევ და ისევ მწერლური ხერხია – არ შეგაშინოს, არ დაგტვირთოს, პირველ რიგში შეგიქმნას ხალისიანი განწყობა და ასეთ განწყობაზე მყოფი მკითხველი მერე ადვილად, მწერალთან ერთად გადაჭრის ურთულეს პრობლემებსაც კი. Aამ სიმსუბუქის ფონზე გაწვდის რეალობას, რომელიც თვალის გასასწორებლად არც ისე იოლია. ,,მერე ის პატარა გოგო დაინახა, მძღოლებს მინეტს რომ უკეთებდა ხოლმე ორ ლარად. მთლად ბავშვი იყო, ასე, თექვსმეტი- ჩვიდმეტი წლის, დაინახა და უცბად მოუნდა, ძალიან ცუდი ყოფილიყო. Aამ გოგოსთვის მაინც ყოფილიყო ცუდი და დაუძახა. Gგოგო სხარტად ამოვიდა. Eეტყობოდა მიჩვეული იყო ავტობუსში ამის კეთებას. გასვლამდე ოცი წუთი რჩებოდა. Mმოასწრებდა, კარგად დაემცირებინა. Mმერე რა რომ ბავშვი იყო, სამაგიეროდ მოასწრებდა, ორ ლარად რასაც უნდა, იმას უზამდა”. მაგრამ არ გამოუვა ვასია(უ)ს ,გახდეს ძალიან ცუდი. Aარ გამოუვა არც გმირობა, არც რაიმე სხვა. თუმცა კი არ იშურებს ძალისხმევას. Aავტორი კი დაუნდობელია თავისი პერსონაჟების მიმართ. იგი აქუცმაცებს გმირის განცდებს, ნამცეც-ნამცეც, ლუკმა-ლუკმა გვაწვდის რომ კარგად დავაგემოვნოთ, სად გემრიელია , სად კი გადამლაშებული. იგი ადამიანებს ყველაზე ინტიმურ, ყველაზე ბინძურ ნიუანსებს უქექავს. კითხულობ და ხანდახან გაოცებულიც კი ხარ, ავტორი მეტისმეტად პატარა ხომ არ არის, საიდან იცნობს ამდენ ადამიანს... მაგრამ მერე, როცა დინჯად აანალიზებ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩვენშივეა, მთავარია, შევძლოთ და გამოვამზეუროთ, მთავარია, მოვახერხოთ გულწრფელობა.
P პრობლემა, რომელსაც მწერალი გვიხატავს და მერე ცდილობს, თავისეული გამოსავალი შემოგვთავაზოს, აუცილებლად უნდა უსწრებდეს წინ საზოგადოების ძირითად ფენებში გაბატონებულ მენტალიტეტს. Aამ მხრივ ხანდახან ღალატობს გემოვნება და ალღო გურამ მეგრელიშვილს. ისეთი ადამიანების ტკივილები და ვნებები, რომლებიც დღეს Mძალიან ცოტანი დარჩნენ, აქტუალური აღარ არის. ,,თუმცა მასტურბირება ისეც არ მომწონს, მეტიც, მეზიზღება და ძალიან უკიდურეს შემთხვევევში მივმართავ ეგოიზმის ამ მკვეთრად გამოხატულ ფორმას. სიგარეტის მოწევა კიდევ უფრო რთულია, მთელი ტანსაცმელი ნიკოტინის სუნით იჟღინთება... როდემდე შეიძლება იცხოვროს 35 წლის სტომატოლოგმა ქალმა ასე?’(,,დიაგნოზი: შვილი”). ან ,,ორმოცდაათი წლისა გახლდათ, შვილი არა ჰყავდა კი არა, კაცის კოცნაც არ იცოდა” (,,ლილი”). Aმწერალს მიაჩნია, რომ ამ მოთხრობებით ამხილა პრობლემა, შემდეგ ჩვეული ირონიით მოგვითხრო და მიგვანიშნა, რომ ეს დასაგმობია, რომ ეს სიმახინჯეა და ასე შემდეგ. თუმცა კი, ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი თემატიკა აქტუალური იქნებოდა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ. დღეს კი დაგვაფიქრო იმაზე, რაზეც დიდი ხანია, აღარ ფიქრობენ, მწერლისგან აშკარად ღია კარის მტვრევაა.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ერთი მომენტი, რასაც საგანგებო ყურადღებას აქცევს გურამ მეგრელიშვილი. Eეს არის ნაწარმოების გრაფიკა. ის ცდილობს, ყოველი მოთხრობა, მიუხედავად იმისა, საინტერესოდ მოგეჩვენებათ თუ უინტერესოდ წაკითხვის შემდგომ, შეფუთოს განსხვავებულად და ამისათვის მცირე, არც თუ ისე თვალშისაცემ ექსპერიმენტებს იყენებს. დასაწყისშივე გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მოთხრობის წასაკითხად კი არა, თამაშის წესების გასაცნობად აიღეთ წიგნი ხელში, და თანაც თქვენ თვითონ უნდა იქცეთ ამ თამაშის მონაწილედ. Aასე ,,გიტყუებთ” ავტორი და ,,გაიძულებთ”, წაიკითხოთ მისი ნაწარმოები. რომ არა მოწვდის ასეთი ფორმა, ალბათ ბევრი რამ დააკლდებოდა ამ ნაწარმოებებს. თუმცა კი, ვერანაირი შეფუთვა ვერ აქცევს საინტერესოდ ისეთ ტექსტს, რომელიც სხვა მართლაც გამორჩეული ნაფიქრის გვერდით მართლაც რომ ბევრი არაფერია. ასეთების რიცხვში შედის ვთქვათ, წეღან ნახსენები ,,ლილი” ან თუნდაც ,,მრავალჯერადი ბოთლები”. Eეს უკანასკნელი, წიგნის სახელწოდებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესით იკითხება, თუმცა კი, ცოტა ხანში განხიბლული ფიქრობ – ,,კი, ბატონო, მაგრამ მერა რა”.. ძალაუნებურად გექმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი თითქოს აჩქარდა და ამის გამო მან ვერ დაასრულა ისედაც არც თუ ისე საინტერესო ამბავი, ჩაითრია უმნიშვნელო იდეამ და საბოლოო ჯამში ვერ განავრცო, , ვერ გამოაცხო”.

ამას ვერ იტყვი, ვთქვათ მოთხრობაზე ,,მწერალი,” რომელიც მოთხრობას არც კი ჰგავს, უფრო სკეჩია, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავდა რომელიმე იუმორისტი, ვთქვათ ჟვანეცკი და ეს ტექსტი გახდებოდა ძალიან პოპულარული. Eეს არის ანტი მანიფესტი – როგორი არ უნდა იყო და როგორი ხარ სინამდვილეში. Uეკონომიური პრობლემა მარტო მწერალთა ფენის თავშისაცემი არ არის, მაგრამ ავტორი მწერალს ირჩევს თავისი ნაწარმოების პერსონაჟად, რითიც ამბობს, რომ ისეთი მაღალინტელექტუალური ფენაც კი, როგორსაც მწერალი წარმოადგენს, იყიდება და რაკი ინტელექტუალი იყიდება, სხვა ყველა ფეხდაფეხ მისდევს დაწყებული პედაგოგიდან, დამთავრებული ინჟინრით. ავტორი აქაც საკმაოდ დაურიდებლად, თანაგრძნობის გარეშე არცხვენს მწერალს და მასთან ერთად მთელ სოციუმს. Mმატერიალური კეთილდღეობა ნარკოტიკივით მოქმედებს ყველა პერსონაჟზე, თანდათან მეტი და მეტი დოზა სჭირდებათ, შესაბამისად თანდათან მეტი და მეტის დათმობაა საჭირო ამისთვის. ადამიანი ყველაფერს კარგავს, ჯერ პროფესიას, იმიჯს, პრესტიჟს, მერე თავმოყვარეობას, ღირსებას, ბოლოს კი ზოგადად ,ადამინურ სახეს.

,,- მოშარდვისას უნდა დამიჭირო ხოლმე.

მე სიცილი ამივარდა, გრძელი და ცვალებადსიხშირიანი სიცილი, მაგრამ ამჯერად ყვირილი აღარ დამიწყია რატომღაც ჩემი დასაბადებელი შვილი, საყიდელი ბინა და მანქანა, დასასვენებლად წასასვლელი ზღვა და მთა გამახსენდა და ტუჩები მაღლა ავწიე.”

თუმცა კი ავტორმა ყოველთვის არ იცის გამოსავალი. ხანდახან, თუნდაც როგორც ეს ,,მწერალის” შეთხვევაშია, გმირს იქვე ტოვებს, თავს ანებებს მასზე ზრუნვას, ალბათ მიიჩნევს, რომ არაფერი არ გამოუვა. ხანდახან კი, როცა ძალიან უნდა, პერსონაჟი გზაზე დააყენოს, მას მაინცდამაინც ეკლესიაში, მოძღვართან უშვებს. ვფიქრობ, რომ ასე ცალსახად გამოსახული ბილიკი, რომელზეც მწერალი გმირს საიდანღაც, ხანდახან ყოველგვარი ლოგიკის გარეშე დაასკუპებს ხოლმე, გამოსავლის ვერპოვნას უფრო ჰგავს. Aიქმნება შტაბეჭდილება, რომ ავტორმა ასეთ მომენტში თავად არ იცის, რა ქნას და როგორ მოიქცეს, არ იცის, რომ მოძღვართან მისვლა არ არის პრობლემათა პანაცეა, რომ ღმერთის იდეა ჯობს სხვანაირად შემსწავლელური კუთხით დააყენოს, სადაც თვითონაც აღმოჩნდება ჭიდილსა და წინააღმდეგობაში. შადაც მკითხველი ბრალს არ დასდებს ზერელობასა და ზედაპირულობაში.Dამის შემდეგ კი უფრო მოსალოდნელი იქნება, პერსონაჟებსაც სწორი გამოსავალი შესთავაზოს.

საბოლოო ჯამში გურამ მეგრელიშვილის პირველი წიგნი, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, უფრო იმედისმომცემია, ვიდრე გვერდზე გადასადები, რადგან მასში შეტანილი ნაწარმოებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა, რომელთა ნაწილზე ზემოთ ვისაუბრე და ნაწილზე კი არ გავამახვილე ყურადრება იმის გამო, რომ არ შემეტანა ზედმეტი დისონანსი იმ საზეიმო განწყობაში, პირველი წიგნის გამოსვლას რომ ახლავს ხოლმე თან, აშკარად იგრძნობა ის საწყისი, რომელმაც მომავალში საინტერესო მწერალი უნდა ჩამოაყალიბოს. თუ გავითვალისწინებთ ავტორის მცირე გამოცდილებას, გასაგები გახდება ის გავლენებიც, რომელსაც ჯერჯერობით განიცდის სხვა მწერლებისგან, გასაგები გახდება თუნდაც გაუმართავი ლიტერატურული ენა და ხანდახან მოუზომავი და გადაჭარბებული ძალისხმევა თითქოსდა იუმორის სასარგებლოდ, სინამდვილეში კი მისსავე საზიანოდ. სამაგიეროდ, გურამ მეგრელიშვილის პროდუქტიული მუშაობა, საინტერესო ფანტაზიის უნარი ნაწარმოების კარკასის შედგენისას, ძირითად შემთხვევაში რბილი და სადა იუმორი და, რაც მთავარია, მეჩხერი, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი სწრაფვა ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური ძიებებისკენ, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ბევრად უფრო სანტერესო მწერლად აქცევს მას, ვიდრე დღეს არის.

No comments: