Monday, September 27, 2010

“ჩვენ მოვიგებთ ომს” რეცენზია წიგნზე “iratta.ru” მერაბ მაღალაშვილი

გურამ მეგრელიშვილის ახალ რომანს თავისუფლად შეგვეძლო მეორე სათაურიც “ჩვენ მოვიგებთ ომს” დაგვერქმია, რადგან ალტერნატიული სიუჟეტის სტილში დაწერილი რომანი სწორედაც იმაზეა, როგორ მოვიგეთ, თუ როგორ უნდა (ან შეიძლება) მოგვეგო 2008 წლის ომი, მაგრამ ვინაიდან უკვე ვიცით, რომ “ორი სათაური საჭირო არაა”, შეგვიძლია უარი ვთქვათ ირაკლი ჩარკვიანის ამ ცნობილ ფრაზაზე და რომანი ნათლობის სახელით “iratta.ru” მოვიხსენიოთ.

მართალია რომანს ორი სახელი არ აქვს, მაგრამ ორი ავტორი კი ნამდვილად გააჩნია და მეორე ავტორი საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი თამაზ დემეტრაშვილია. არ ვიცი ეს გურამ მეგრელიშვილის გამოგონილი ალტერ-ავტორია (ამ მწერალს ზოგადად ახასიათებს მკითხველთან თამაში, მისი გაბაიბურება, სხვადასხვა ფსევდონიმით წიგნებისა და მოთხრობების წერა და ა.შ.) თუ ბუნებაში ნამდვილად არსებობს ვინმე მწერალი თამაზ დემეტრაშვილი, რომელსაც ალბათ შესანიშნავი დებიუტი შეგვიძლია მივულოცოთ.
“iratta.ru” გურამ მეგრელიშვილის მეოთხე (წინა სამიდან ერთი ამავე სახელ-გვარით, ორი კი ფსევდონიმით “ზემხა” გამოსცა) წიგნია და კონცეპტუალურადაც და ენობრივადაც სრულიად განსხვავდება წინა სამისაგან. თუკი აქამდე გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში ავტორი ერთგვარად მაინც წვალობს საკუთარი სტილი იპოვოს, საკუთარი ენა დაამკვიდროს (რასაც კარგად ახერხებდა იმის ხარჯზე, რომ უპრეტენზიო ენით წერდა), ახალ წიგნში მისი ლიტერატურული ენა უკვე მკვეთრად ისმის, თუმცა ლიტერატურული ენა ცოტა ნამეტანია, ახალ რომანში პერსონაჟებიც და მთხრობელიც ისევე საუბრობენ, როგორც ილაპარაკებდნენ ვთქვათ ავტობუსში, პურის რიგში ან საფეხბურთო მოედანზე. მწერალი უარს ამბობს საუბრის დახვეწილ მანერაზე და მკითხველთან ძალიან ფამილარული ხდება. ეს არ ეხება მთელ რომანს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ასეთი ენით დაწერილი ტექტსების გვერდით გვხვდება ნახევრად სამხედრო, მშრალად მკაცრი მოკლე ანონსებად გადმოცემული წინადადებები იმაზე თუ სად რა ხდება, სად როგორ უტევს ქართული ჯარი და სად იცავს თავს.

“iratta.ru” რუსულ-ქართულ კონფლიქტზე დაწერილი წიგნია, რომელსაც ყავს ოთხი მთავარი და ათეული მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. წიგნის დასაწყისშივე ავტორ(ებ)ი სათითაოდ გაგვაცნობს თითოეულ მათგანს და ამას კინოხერხით აკეთებს (ზოგადად მწერალ გურამ მეგრელიშვილისთვის დამახასიათებელია კინოხერხების ლიტერატურაში შემოტანა, ე.წ. კინოხედვა, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი კინო სცენარისტობის შედეგია).

მიშა ბარჯაძე, გორელი კაცი, რომელიც ბიძაშვილის ქორწილზე თბილისშია ჩამოსული და თოთო ბავშვი ცხინვალში, სიდედრთან ყავს დატოვებული, თავისდა უნებურად მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება, თან აღმოჩნდება ისე, რომ ცოლის ღალატთან ერთად შესაძლოა სამშობლოს ღალატიც დაბრალდეს.
“ქოთანა” _ ოცდაცამეტი წლის ბერბიჭა, რომელმაც უარი თქვა გარესამყაროსთან ურთიერთობაზე და ბოლო ხუთი წელია თავისი ვაზისუბნის ბინიდან გარეთ არ გასულა. უნებურად ისიც მონაწილეა განვითარებული მოვლენების, მაგრამ მონაწილეა პასიურად, შორიდან თვალთვალით და არა ჩარევით და ეს პასიურობა იმას იწვევს, რომ ბოლოს თავი თვითმკვლელობამდეც კი მიყავს.

ტატო _ ორმოცდაათიოდე წლის სამხედრო მოსამსახურე, თავისი აკვიატებული შიშებით წარსულიდან და დანაშაულის მოუცილებელი გრძნობით ცოლ-შვილის წინაშე, რომელიც მის გამო აფხაზეთის ომში დაიხოცა მთელი ნაწარმოები სულიერ ტრანსფორმაციას ცდილობს და მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ თუ ტატოებში მოხდა გარდატეხა, გარდაქმნა, ომის ბედიც შემოტრიალდება, რადგან სწორედ ტატოზე და მისნაირებზე დგას ქართული ჯარი.
ალტონ ჰენდერსონი _ ამერიკული სპეცსამსახურის თანამშრომელი, ომის დაწყებისთანავე სამხედრო მრჩეველად ჩამოდის საქართველოში და ყველაზე ნაკლებად რაც ადარდებს სწორედ ეს ომია, რადგან გადაუწყვეტელი პრობლემები აქვს ოჯახთანაც და საკუთარ თავთანაც. თითოეული დღე, თითოეული საათი რომელსაც ის საქართველოში ატარებს, საფუძველი ხდება მისი გარდაქმნისა (ზოგადად რომანი გარდაქმნებზეა, ადამიანურ გარდაქმნებზე, რომელიც ვითარებებსაც ცვლის საკუთარი თავის გარშემო).
და ბოლოს, ებრაელი გადამდგარი ჯარისკაცი შორი ცადიკი, რომელიც თითქოს ერთგვარ კოსმოპოლიტად გვევლინება და ვისაც “ადგილი არ აქვს, სადაცა თავი მიიდრიკოს”. ყველაზე დადებით პერსონაჟი მაინც სწორედ ეს ებრაელი გამომყვანი, ანუ “სტალკერაა”, როგორც მას მეტსახელად უწოდებენ. შორი ცადიკი ფულს იმით შოულობს, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან ძვირფასი ნივთები, გარდაცვლილის ძვლები და ა.შ. გამოაქვს. ის უპრეტენზიო, უთქმელი კაცია, რომელსაც შეუძლია თვალის დაუხამხამებლად სამი კაციც მოკლას და სხვის მაგივრად თავიც გაწიროს (არ ვიცი რამდენად დამაჯერებელი სახეა ებრაელი ჯარისკაცისთვის ასეთი თავგანწირვა). სწორედ “სტალკერას” ევალება ხუთი თვის ბავშვის გამოყვანა დასაბომბად გამზადებული ცხინვალიდან. “სტალკერა” ანაფორას გადაიცვამს და რომანიც მოგვითხრობს მის მოგზაურობას და თავგადასავლებს ამ ქალაქში.

ამის პარალელურად, წიგნში აღწერილია რიგითი ჯარისკაცების ამბები სანგარში თუ ბრძოლის ველზე, გამოგონილი ტერორისტები რუსეთიდან, რომლებიც ცენტრალური ვაგზლის აფეთქებას გეგმავენ და ა.შ. საინტერესოა ხერხი, რითაც ავტორი გაბნეულ სიუჟეტებს აერთიანებს: ყველა მოვლენას თავისი კავშირი აქვს უმთავრეს მოვლენებთან ბრძოლის ველზე. თითქოს ქართული ჯარის პულსზე უდევს თითი ყველა პერსონაჟს ვინც კი რომანში გვხვდება. ყველაზე ჩაკეტილი “ქოთანაც” კი შინაგანად გრძნობს ომის მიმართულებას და მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის მიმდინარეობაზე მხოლოდ ინტერნეტ საიტებიდან და დედის მოთქმა-გოდებიდან იგებს, თითქოს აქტიურად ერთვება პროცესებში, მაგრამ ეს ერთადერთი აქტივობა (დროში ემთხვევა ქართული მხარის გააქტიურებას და საბოლოო შეტევას სამაჩაბლოს რეგიონზე) წარუმატებელია, რადგან ჩანასახშივე მცდარია, ავტორ(ებ)ი აშკარად ერევა საკუთარი პერსონაჟის ცხოვრებაში და ხაზგასმით ანახებს მკითხველს, სწორედაც როგორი არ უნდა იყოს ერი საკუთარი შვილებთან მიმართებაში. “არ გეშინია ვინმე რომ შემოგივარდეს, შენ ხომ ოსი ხარ?” – ეკითხება მეზობელს “ქოთანა” და გადაკვრით ახსენებს მასაც და ჩვენც პერიოდს, როცა ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციები მართლაც არსებობდა ქვეყანაში, ახსენებს და იქვე გვიხატავს სცენებს, სადაც ახლა ოსურად გვარგადაკეთებულ ქართველებს “ჩაგრავენ” სამაჩაბლოში. ქართველი ხარ? _ ესე იგი მტერი ხარ, მტერი რომლის ჯიშ-ჯილაგიც უნდა ამოიძირკვოს, რათა ამ მიწაზე პრეტენზია აღარასოდეს ქონდეთ.
ავტორ(ებ)ი ფრთხილობს, იცის რომ ტექსტი და თემატიკა საფრთხილოა და ფრთხილობს. ერთგან თუ ტყვე დათო მაჩაბელი ხმამაღლა ყვირის ჩემი მიწებია ესო და ოდნავ მოტკბილოდ სენტიმენტალური პასაჟით გულს გვიჩუყებს, იქვე არანაკლებ სენტიმენტალური პასაჟით ოსი პალა ცკაევის განცდებს გვანახებს, როცა ის შეშინებული თანასოფლელი მოხუცების დახოცვაზე ფიქრობს. მთელი ნაწარმოების მანძილზე, ერთი იდეის პარალელურად ყოველთვის ჩნდება მეორეც, მისი საპირისპირო და შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ავტორ(ებ)ი მკითხველის ყველანაირ კატეგორიას ითვალისწინებს. ყველაზე კარგად ეს ჩანს ფორუმულ “ჩატში”, სადაც რიგითი მოქალაქეები ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ. აზრი აქაც იყოფა (შინაგანი დუალიზმი აქვს რომანს მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი კარგად და ორგანულადაა გამთლიანებული) ერთი მხარე მიმტევებლობაზე საუბრობს, მეორე მოითხოვს სამაჩაბლოში მცხოვრები ყველა მეომარი ოსის ერთიანად განადგურებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე საუბარი. რომელი მხარეა მართალი? ამის გადაწყვეტას ავტორ(ებ)ი მკითხველს მიანდობს.

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მართლაც საინტერესო სიუჟეტის, კარგად დახატული (ზოგან ძალიან კარგადაც _ იგივ “ქოთანას” შემთხვევაში) ხასიათების მიღმა, ავტორი, (თუ ავტორები) ცდილობს ძალიან შეფარულად მიგვანიშნოს სტრატეგიაზე, რომელიც უკეთესი იქნებოდა ამ ომის მოსაგებად. ავტორ(ებ)ი გვაიძულებს მძიმე, სამხედრო ექსპერტის სტილში დაწერილი ჩანართები წაგვაკითხოს, მსუბუქი, მწერლის მიერ დაწერილი პასაჟებით, სენტიმენტალური ადგილებით, ბატალური სცენების დეტალური აღწერით (ზოგან ისეც კი, რომ ეკრანზე ხედავ) და გამოგონილი ტერაქტების განეიტრალებებით ისე, რომ დაღლა არ ვიგრძნოთ და ის, რასაც თითქოს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროებისათვის გასაგები იქნება, რიგითმა მკითხველმაც კარგად გავიგოთ და გავიაზროთ.

მიუხედავად იმისა, რომ რომანი მთლიანად ომითაა გაჟღენთილი, ის მაინც ძალიან პაციფისტურ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ყოველ ქმედებაში, ყოველ ციტატაში კარგად ჩანს რა საშინელებაა ომი, თუნდაც ომი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ ამავე დროს, იქვე მაღალმხატვრულად და ერთგვარი სიამოვნებითაც კი გვთავაზობს ასეთი ომების მოგების ხელოვნებას _ რაც შეუძლებელია რეალობაში, შესაძლებელია ფურცელზე, ამბობს ავტორ(ებ)ი და მწერალი გურამ მეგრელიშვილი ისევ გვეთამაშება, მხატვრულად შეფუთულ “iratta.ru”-თი (საკმაოდ პრეტენზიულ) სამხედრო სტრატეგიას გვახვევს თავს და თანაც ისე, რომ შესაძლოა წიგნს ისტორიულ რეალობაზე გაუჩნდეს პრეტენზია წლების მერე, რადგან მკითხველი ხომ მხოლოდ იმ “მოხდას” იჯერებს რაც კარგად დაწერილ წიგნში წერია და არა იმ “მოხდას”, რასაც ისტორიკოსები თავიანთ უბის წიგნაკებში ჩაინიშნავენ. ავტორი ისევ გვეთამაშება (ამჯერად ალტერ-ავტორის, ან ნამდვილი მწერლის თამაზ დემეტრაშვილის დახმარებით) და ეს თამაში ძალიან სახიფათოა, აკი აწერია კიდეც წიგნს ყდაზე: “წიგნი შეიცავს უცენზურო ლექსიკას და ძალადობის სცენებს. არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის მკითხველისათვის”.

მერაბ მაღალაშვილი
ედინბურგი 2010 წლის სექტემბერი

No comments: