Monday, May 14, 2012

ჩხაპელია სააგენტო





ჩემი ბავშვობის წლებში მაგარი პოპულარული წიგნი იყო „რა გქვია შენ“. აი, ასეთი, სქელი, მჟავე ყავისფერი ყდა ჰქონდა და იყო დაახლოებით 200 გვერდიანი.
შიგნით კომუნისტური რეჟიმისთვის შესაფერისი მოკრძალებით ეწერა სახელები და მათი განმარტებები. რატომღაც ქართული წარმოშობის სახელების განმარტება კი ყველაზე ცოტა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა სიმღერიდანაა, მთავარს მივადგები: მაშინ, ჩემ წარმოდგენაში, ადამიანებს მხოლოდ ის სახელები ერქვათ, რაც ამ წიგნში ეწერა, იქ კი ეწერა ყოვლად უცნაური დომენტი, ჯვებე, ელვირა, ლესტამბერიც კი. ეს წიგნი კარგა გვარიანად იყო გაცვეთილი, ათასხელგამოვლილი და ათას თაროზე გადამხტარი ვინმე იყო, ეტყობოდა. ყველა პატრონს მისთვის სანუკვარი თუ საინტერესო სახელი გაეხაზა, ზოგს წითელი, ზოგს შავი კალმით და იქვე ველზე ორი-სამი „შენ გენაცვალე კაკალ გულში“, „იასამანს დაეკარგა ფერი“, „ბავშვს დავარქვათ ვალენტინი“ ეწერა. მე ერთგვარი ჰობი მქონდა, შეიძლება ამას ჰობი კი არა აკვიატებაც დავარქვათ, თუ უფრო თვითკრიტიკული ვიქნებით, შიზოიდური გამოხდომაც კი ვუწოდოთ, კერძოდ კი, ეს გამოხდომა შემდეგში მდგომარეობდა: თუკი გოგო მომეწონებოდა, ვიკვლევდი მის სახელს, გვარს, ნუმეროლოგიურ მნიშვნელობას, ზოდიაქოს ნიშანს, ჭამის მანერას და ასე შემდეგ. მთელი სისტემაც კი მქონდა შექმნილი, ვისთან როგორ უნდა მელაპარაკა და მოკლედ ვიყავი ამ თვითზომბირებაში კაი ხანი გაჭედილი. მერე აკვიატებებთაგან ზოგიერთი მოვიშორე და დამრჩა მხოლოდ ნაწილი, სახელებზე მაქვს გართულება - ყველაზე დიდხანს ნაწარმოების გმირების სახელზე ვფიქრობ ხოლმე. გარდა მათი სემანტიკური მნიშვნელობისა, ჟღერადობა და სახელის შემადგენელი ასოების რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ კალისტრატე და სოფიკო ან ლუკა და მზექალა. ასეთი წყვილების უმრავლესობა სახელების ერთმანეთზე მორგებას იწყებენ ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი ურთიერთობის გახანგძლივების გარანტია (კალისტრატე ტატო ხდება, ხოლო მზექალა მზიკო), არადა თავისთავად, სახელის შეცვლა დანაშაული თუ არა, მისტიკური აქტი ნამდვილად არის. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ შეუცვლიდნენ სახელს მორჩილს, რომელიც ბერად აღეკვეცება? რატომ აიღო ბატონმა იოსებმა ფსევდონიმად „სტალინი“, ეს ხომ თვითგანწყობის შექმნასაც ემსახურება?
სახელებს მოდაც აქვთ, თუ ოცი წლის წინ ლუკა ლამის სასირცხილო სახელი იყო, ახლა ძალიან პოპულარულია, როგორც ერთდროს ესოდენ წარმატებული სახელი თენგიზი, ახლა იშვიათობაა, მოდაში აღარაა ბელადების სახელების გაერთიანებაც თუ ადრე რომელიმე აღტკინებული კომუნისტი სიხარულით დაარქმევდა შვილს „ლესტამბერს“ (ლენინი, სტალინი, ბერია), არანაკლებ აღტკინებული „ნაციონალი“ არაფრისდიდებით არ იკადრებს შვილს „მიგიჯვანო“ (მიხეილი, გიგი, ჯორჯბუში, ვანო) დაარქვას. ყველაფერს თავისი დრო და ეპოქა აქვს.
მაგრამ დღემდე მოდაშია შვილებისთვის პოპულარული ადამიანების სახელების დარქმევა. რეესტრში გატარებულ ახალშობილებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ უცბად მიხვდე ადამიანი - ქვეყანაში რელიგიური აღტკინება პიკშია - მათე, ლუკა, იოანე, პეტრე, ნიკოლოზი, ბარბარე და ა.შ. ყველაზე დარქმევადი სახელებია, მაშინ როდესაც არანაკლებ რელიგიური დატვირთვის პავლეს, პორფირიოსს, ზევინს, ფილაგრეს ან თუნდაც ცაცოს (ხსენების დღე 24.12) შვილებს არავინ არქმევს.
არადა ქართველები რომ უკიდურესობების ხალხი ვართ, ამას ფიცი-მტკიცი არ ჭირდება - ადვილად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერ შემოსულს და შემოვარდნილს.
რატომ მოვყევი ეს ამბები და ახლა ისევ სახელებზე, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ლიტერატურული პერსონაჟების და ზოგადად პერსონაჟების გავლენით სახელების დარქმევის ტენდენცია არახალია, მაგრამ განსაკუთრებით კომიკურ ელფერს იძენს ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამეტებასთან გვაქვს საქმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გიორგი გერსამიამ მომიყვა ამბავი, რომ მის სოფელში (აბაშის რაიონია) თანასოფლელებს უცნაური სახელები ერქვათ. სინამდვილეში, იქნებ სულაც არ ერქვათ უცნაური სახელები, მაგრამ ჩვენ გვეუცნაურებოდა. რა ერქვათ და ათოსი, პორთოსი, არამისი. მამა ყოლიათ დიუმას დიდი მოტრფიალე და დ’არტანიანის მუღამში დაუწყია შვილებისთვის სახელების დარქმევა. ვინმე იკითხავს, რატომ პირდაპირ არ დაარქვა რაც უნდოდაო და ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მეც გამიჩნდა იგივე კითხვა და ჩემითვე მივაგენი პასუხს - ერთი ნაცნობი მყავდა, ხორციან საჭმელს როდესაც ჭამდა წვენს უცბად შეხვრიპავდა და ხორცს ბოლოსკენ მოიტოვებდა ხოლმე, მარილს მოაყრიდა და ნება-ნება ჭამდა. რაღაც ამდაგვართან გვაქვს ალბათ საქმე, მაგრამ ამ ამბის დასასრული ასეთია: დიუმას მოტრფიალე მამამ ცოლმა მეოთხე შვილს არგელოდი დაარქვა (გოგო გაჩნდა) და მეხუთეს კი ვეღარ მოესწრო.
ცოტა უცნაური სახელი თუ გქვიათ, აუცილებლად გამოიკითხეთ ვის, ან რის გამო დაგარქვეს და შეიძლება თქვენი სახელი „ელშუქი“ სულაც არ იყოს სასაცილო - ის 90-იანი წლების უშუქობის პერიოდისას სინათლის მონატრება და არავითარ შემთხვევაში ლუციფერის (ლათ. lux ferre - სინათლის მომტანი) გადაძახილი არ იყოს.

Saturday, May 12, 2012

სლოგანების სახელმწიფო




ამას წინათ ერთ სკოლაში მომიწია მისვლა. სკოლის შენობა ყოვლად უვარგისია - ტუალეტი და ბუფეტი ერთ ოთახშია, სამასწავლებლო და ფიზკულტურის დარბაზი ერთში, სკოლის დირექტორი კი ღამით დარაჯად მუშაობს საკუთარ სკოლაშივე. იქ ორასამდე ბავშვი სწავლობს და ძალიან გამიკვირდა რა აიძულებთ მშობლებს ატარონ შვილები ასეთ ყოვლად უვარგის სკოლაში. თავიდან ვიფიქრე, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციაა მაღალი, მაგრამ როდესაც მათ ბიბლიოთეკარს გამოველაპარაკე (ყავთ ასეთიც, რომელიც იმავე დროს ექთანიცაა და ფუნთუშებსაც აცხობს და აბარებს ბუფეტში), მივხვდი, რომ ეს სკოლა და მაღალი სტანდარტები ისევე არიან ერთმანეთთან, როგორც ჩემი მეგობარი ოთარ მუზაშვილი იტყოდა მხატვრულად „როგორც თხა და ბასანოჩკები“. აბა რატომ იხდიან მშობლები არც თუ ისე დაბალ ფასს საკმაოდ დაბალ დონეში (სწავლა ამ სკოლაში დაახლოებით 120 ლარია თვეში)? 
როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, მეც დავდიოდი ფასიან კლასში, მაგრამ მაშინ ყრუობა იყო, რევოლუცია არ გვენახა, მასწავლებლები მეზობელ სკოლაში გვაგზავნიდნენ პარკეტის მოსაპარად, რომ გავთბარიყავით (ოღონდ გვიშვებდნენ მხოლოდ იმათ, ვინც პირობას დავდებდით, რომ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს და რისკი ღირდა იმად, რომ ქიმია ან ფიზიკა გაგვეცდინა) და ნავთი სახლიდან მიგვქონდა სკოლაში, რომ ღუმელი დაგვენთო (მოსანთებად სკოლის წიგნებიც არაერთხელ გამოგვიყენებია), მაგრამ ის რაც თემქის ერთ-ერთ სკოლაში ვნახე, ყველაზე ჭირ-ვარამ-სკოლა გამოცვლილსაც კი გააკვირვებდა.
სანამ დირექტორს ველოდებოდი, მანდატურს გამოველაპარაკე - აღმოჩნდა, რომ მანდატური ერთ-ერთი მშობელია. მე გულწრფელად ვკითხე რატომ დაყავთ ამ სკოლაში შვილები, თუ ეს შვილები მართლა საკუთარია და რამე სადისტურ-მანიაკალურ მიდრეკილებებს არ აქვს ადგილი და რანაირი ბანალური თუ ორიგინალური პასუხისთვის არ მოვემზადე - „ამაზე ახლოს სკოლა არ გვაქვს“, „ნათესავის სკოლაა და ასე ვეხმარებით - ბავშვები შეგვყავს“, „რელიგიურ-პატრიოტულ ნიადაგზე დაგვყავს“ და ასე შემდეგ, მაგრამ პასუხი მაინც ყოვლად გამაოგნებელი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა - მშობელ-მანდატურმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი (შეიძლება ცაცია იყო, შეიძლება მარცხენა გულთან ახლოსაა) უზარმაზარი ბილბორდისკენ გაიშვირა. ბილბორდი სკოლაში შესვლისთანავე მომხვდა თვალში, მაგრამ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეგონა, მერე  კი მოძმე სკოლის რეკლამის, მაგრამ ბილბორდი ჩემი მასპინძელი სკოლის სარეკლამო დაფა აღმოჩნდა. მასზე რაღაც მოთეთრსახლო შენობა ეხატა, რომლის ეზოც შევარდნაძის მთავრობამდელ დადიანების სასახლის ეზოს ჰგავდა. ეზოში მომღიმარი ბავშვები და მათი მამები დადიოდნენ ლომებთან და ანტილოპებთან ერთად, როგორც ეს რასელისტების ბუკლეტების გარეკანზეა და მთავარი - ბილბორდს უზარმაზარი აკადნუსხურით ეწერა: „ჩვენი სკოლა 2015 წელს!“
რეკლამა რომ საშიში რაღაც იყო კი ვიცოდი აქამდეც - ორჯერ მივქარე და ბანკში ანაბარი გავხსენი რეკლამის გადამკიდე, მაგრამ ასეთი საშიში თუ იქნებოდა, ნაღდად არ ვიფიქრებდი. თავიდან მეგონა, რომ მანდატურ-მშობელი დამცინოდა და მამასხარავებდა, როგორც ცისკარაში დევს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის სრულიად სერიოზული და აღფრთოვანებული იყო, ასეთი აღფრთოვანებული არის ხოლმე ჩვენი პრეზიდენტი, როდესაც ის ბარაკ ობამას ცოცხლად ხედავს.
ამ ამბის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება - შეიძლება სხვა მშობლების აციმციმებული თვალებზე ლაპარაკი, ერთი-ორი უკმაყოფილო მშობელზეც სამიოდე სიტყვის თქმა, რომლების უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ მათი შვილები ამ სკოლას არა სამი, არამედ იმავე წელს ამთავრებენ, მაგრამ ეს უკვე საინტერესო აღარ იქნება. საინტერესო მხოლოდ ეს სინდრომია - მომავლის სკოლის, ქვეყნის იმედით ცხოვრება. ამ სინდრომზე იუმორით ჯერ კიდევ ილფი და პეტროვი წერდნენ და მას თამამად შეიძლება „ვასიუკის სინდრომი“ ვუწოდოთ.
დაპირდე ადამიანს ბევრი და მისცე არაფერი, ეს მართვის კლასიკური მეთოდია, ხოლო სარეკლამო ფანდისთვის საუკეთესო მაგალითი.
იყიდეთ ჩემი წიგნი ახლა, ყოველ ნაყიდ ეგზემპლარზე კი 2245 წელს 45 მილიონი დოლარი დაერიცხება თქვენ შვილს.

როგორი სლოგანია?