Monday, May 14, 2012

ჩხაპელია სააგენტო





ჩემი ბავშვობის წლებში მაგარი პოპულარული წიგნი იყო „რა გქვია შენ“. აი, ასეთი, სქელი, მჟავე ყავისფერი ყდა ჰქონდა და იყო დაახლოებით 200 გვერდიანი.
შიგნით კომუნისტური რეჟიმისთვის შესაფერისი მოკრძალებით ეწერა სახელები და მათი განმარტებები. რატომღაც ქართული წარმოშობის სახელების განმარტება კი ყველაზე ცოტა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა სიმღერიდანაა, მთავარს მივადგები: მაშინ, ჩემ წარმოდგენაში, ადამიანებს მხოლოდ ის სახელები ერქვათ, რაც ამ წიგნში ეწერა, იქ კი ეწერა ყოვლად უცნაური დომენტი, ჯვებე, ელვირა, ლესტამბერიც კი. ეს წიგნი კარგა გვარიანად იყო გაცვეთილი, ათასხელგამოვლილი და ათას თაროზე გადამხტარი ვინმე იყო, ეტყობოდა. ყველა პატრონს მისთვის სანუკვარი თუ საინტერესო სახელი გაეხაზა, ზოგს წითელი, ზოგს შავი კალმით და იქვე ველზე ორი-სამი „შენ გენაცვალე კაკალ გულში“, „იასამანს დაეკარგა ფერი“, „ბავშვს დავარქვათ ვალენტინი“ ეწერა. მე ერთგვარი ჰობი მქონდა, შეიძლება ამას ჰობი კი არა აკვიატებაც დავარქვათ, თუ უფრო თვითკრიტიკული ვიქნებით, შიზოიდური გამოხდომაც კი ვუწოდოთ, კერძოდ კი, ეს გამოხდომა შემდეგში მდგომარეობდა: თუკი გოგო მომეწონებოდა, ვიკვლევდი მის სახელს, გვარს, ნუმეროლოგიურ მნიშვნელობას, ზოდიაქოს ნიშანს, ჭამის მანერას და ასე შემდეგ. მთელი სისტემაც კი მქონდა შექმნილი, ვისთან როგორ უნდა მელაპარაკა და მოკლედ ვიყავი ამ თვითზომბირებაში კაი ხანი გაჭედილი. მერე აკვიატებებთაგან ზოგიერთი მოვიშორე და დამრჩა მხოლოდ ნაწილი, სახელებზე მაქვს გართულება - ყველაზე დიდხანს ნაწარმოების გმირების სახელზე ვფიქრობ ხოლმე. გარდა მათი სემანტიკური მნიშვნელობისა, ჟღერადობა და სახელის შემადგენელი ასოების რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ კალისტრატე და სოფიკო ან ლუკა და მზექალა. ასეთი წყვილების უმრავლესობა სახელების ერთმანეთზე მორგებას იწყებენ ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი ურთიერთობის გახანგძლივების გარანტია (კალისტრატე ტატო ხდება, ხოლო მზექალა მზიკო), არადა თავისთავად, სახელის შეცვლა დანაშაული თუ არა, მისტიკური აქტი ნამდვილად არის. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ შეუცვლიდნენ სახელს მორჩილს, რომელიც ბერად აღეკვეცება? რატომ აიღო ბატონმა იოსებმა ფსევდონიმად „სტალინი“, ეს ხომ თვითგანწყობის შექმნასაც ემსახურება?
სახელებს მოდაც აქვთ, თუ ოცი წლის წინ ლუკა ლამის სასირცხილო სახელი იყო, ახლა ძალიან პოპულარულია, როგორც ერთდროს ესოდენ წარმატებული სახელი თენგიზი, ახლა იშვიათობაა, მოდაში აღარაა ბელადების სახელების გაერთიანებაც თუ ადრე რომელიმე აღტკინებული კომუნისტი სიხარულით დაარქმევდა შვილს „ლესტამბერს“ (ლენინი, სტალინი, ბერია), არანაკლებ აღტკინებული „ნაციონალი“ არაფრისდიდებით არ იკადრებს შვილს „მიგიჯვანო“ (მიხეილი, გიგი, ჯორჯბუში, ვანო) დაარქვას. ყველაფერს თავისი დრო და ეპოქა აქვს.
მაგრამ დღემდე მოდაშია შვილებისთვის პოპულარული ადამიანების სახელების დარქმევა. რეესტრში გატარებულ ახალშობილებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ უცბად მიხვდე ადამიანი - ქვეყანაში რელიგიური აღტკინება პიკშია - მათე, ლუკა, იოანე, პეტრე, ნიკოლოზი, ბარბარე და ა.შ. ყველაზე დარქმევადი სახელებია, მაშინ როდესაც არანაკლებ რელიგიური დატვირთვის პავლეს, პორფირიოსს, ზევინს, ფილაგრეს ან თუნდაც ცაცოს (ხსენების დღე 24.12) შვილებს არავინ არქმევს.
არადა ქართველები რომ უკიდურესობების ხალხი ვართ, ამას ფიცი-მტკიცი არ ჭირდება - ადვილად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერ შემოსულს და შემოვარდნილს.
რატომ მოვყევი ეს ამბები და ახლა ისევ სახელებზე, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, ლიტერატურული პერსონაჟების და ზოგადად პერსონაჟების გავლენით სახელების დარქმევის ტენდენცია არახალია, მაგრამ განსაკუთრებით კომიკურ ელფერს იძენს ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამეტებასთან გვაქვს საქმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გიორგი გერსამიამ მომიყვა ამბავი, რომ მის სოფელში (აბაშის რაიონია) თანასოფლელებს უცნაური სახელები ერქვათ. სინამდვილეში, იქნებ სულაც არ ერქვათ უცნაური სახელები, მაგრამ ჩვენ გვეუცნაურებოდა. რა ერქვათ და ათოსი, პორთოსი, არამისი. მამა ყოლიათ დიუმას დიდი მოტრფიალე და დ’არტანიანის მუღამში დაუწყია შვილებისთვის სახელების დარქმევა. ვინმე იკითხავს, რატომ პირდაპირ არ დაარქვა რაც უნდოდაო და ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მეც გამიჩნდა იგივე კითხვა და ჩემითვე მივაგენი პასუხს - ერთი ნაცნობი მყავდა, ხორციან საჭმელს როდესაც ჭამდა წვენს უცბად შეხვრიპავდა და ხორცს ბოლოსკენ მოიტოვებდა ხოლმე, მარილს მოაყრიდა და ნება-ნება ჭამდა. რაღაც ამდაგვართან გვაქვს ალბათ საქმე, მაგრამ ამ ამბის დასასრული ასეთია: დიუმას მოტრფიალე მამამ ცოლმა მეოთხე შვილს არგელოდი დაარქვა (გოგო გაჩნდა) და მეხუთეს კი ვეღარ მოესწრო.
ცოტა უცნაური სახელი თუ გქვიათ, აუცილებლად გამოიკითხეთ ვის, ან რის გამო დაგარქვეს და შეიძლება თქვენი სახელი „ელშუქი“ სულაც არ იყოს სასაცილო - ის 90-იანი წლების უშუქობის პერიოდისას სინათლის მონატრება და არავითარ შემთხვევაში ლუციფერის (ლათ. lux ferre - სინათლის მომტანი) გადაძახილი არ იყოს.

Saturday, May 12, 2012

სლოგანების სახელმწიფო




ამას წინათ ერთ სკოლაში მომიწია მისვლა. სკოლის შენობა ყოვლად უვარგისია - ტუალეტი და ბუფეტი ერთ ოთახშია, სამასწავლებლო და ფიზკულტურის დარბაზი ერთში, სკოლის დირექტორი კი ღამით დარაჯად მუშაობს საკუთარ სკოლაშივე. იქ ორასამდე ბავშვი სწავლობს და ძალიან გამიკვირდა რა აიძულებთ მშობლებს ატარონ შვილები ასეთ ყოვლად უვარგის სკოლაში. თავიდან ვიფიქრე, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციაა მაღალი, მაგრამ როდესაც მათ ბიბლიოთეკარს გამოველაპარაკე (ყავთ ასეთიც, რომელიც იმავე დროს ექთანიცაა და ფუნთუშებსაც აცხობს და აბარებს ბუფეტში), მივხვდი, რომ ეს სკოლა და მაღალი სტანდარტები ისევე არიან ერთმანეთთან, როგორც ჩემი მეგობარი ოთარ მუზაშვილი იტყოდა მხატვრულად „როგორც თხა და ბასანოჩკები“. აბა რატომ იხდიან მშობლები არც თუ ისე დაბალ ფასს საკმაოდ დაბალ დონეში (სწავლა ამ სკოლაში დაახლოებით 120 ლარია თვეში)? 
როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, მეც დავდიოდი ფასიან კლასში, მაგრამ მაშინ ყრუობა იყო, რევოლუცია არ გვენახა, მასწავლებლები მეზობელ სკოლაში გვაგზავნიდნენ პარკეტის მოსაპარად, რომ გავთბარიყავით (ოღონდ გვიშვებდნენ მხოლოდ იმათ, ვინც პირობას დავდებდით, რომ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს და რისკი ღირდა იმად, რომ ქიმია ან ფიზიკა გაგვეცდინა) და ნავთი სახლიდან მიგვქონდა სკოლაში, რომ ღუმელი დაგვენთო (მოსანთებად სკოლის წიგნებიც არაერთხელ გამოგვიყენებია), მაგრამ ის რაც თემქის ერთ-ერთ სკოლაში ვნახე, ყველაზე ჭირ-ვარამ-სკოლა გამოცვლილსაც კი გააკვირვებდა.
სანამ დირექტორს ველოდებოდი, მანდატურს გამოველაპარაკე - აღმოჩნდა, რომ მანდატური ერთ-ერთი მშობელია. მე გულწრფელად ვკითხე რატომ დაყავთ ამ სკოლაში შვილები, თუ ეს შვილები მართლა საკუთარია და რამე სადისტურ-მანიაკალურ მიდრეკილებებს არ აქვს ადგილი და რანაირი ბანალური თუ ორიგინალური პასუხისთვის არ მოვემზადე - „ამაზე ახლოს სკოლა არ გვაქვს“, „ნათესავის სკოლაა და ასე ვეხმარებით - ბავშვები შეგვყავს“, „რელიგიურ-პატრიოტულ ნიადაგზე დაგვყავს“ და ასე შემდეგ, მაგრამ პასუხი მაინც ყოვლად გამაოგნებელი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა - მშობელ-მანდატურმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი (შეიძლება ცაცია იყო, შეიძლება მარცხენა გულთან ახლოსაა) უზარმაზარი ბილბორდისკენ გაიშვირა. ბილბორდი სკოლაში შესვლისთანავე მომხვდა თვალში, მაგრამ ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეგონა, მერე  კი მოძმე სკოლის რეკლამის, მაგრამ ბილბორდი ჩემი მასპინძელი სკოლის სარეკლამო დაფა აღმოჩნდა. მასზე რაღაც მოთეთრსახლო შენობა ეხატა, რომლის ეზოც შევარდნაძის მთავრობამდელ დადიანების სასახლის ეზოს ჰგავდა. ეზოში მომღიმარი ბავშვები და მათი მამები დადიოდნენ ლომებთან და ანტილოპებთან ერთად, როგორც ეს რასელისტების ბუკლეტების გარეკანზეა და მთავარი - ბილბორდს უზარმაზარი აკადნუსხურით ეწერა: „ჩვენი სკოლა 2015 წელს!“
რეკლამა რომ საშიში რაღაც იყო კი ვიცოდი აქამდეც - ორჯერ მივქარე და ბანკში ანაბარი გავხსენი რეკლამის გადამკიდე, მაგრამ ასეთი საშიში თუ იქნებოდა, ნაღდად არ ვიფიქრებდი. თავიდან მეგონა, რომ მანდატურ-მშობელი დამცინოდა და მამასხარავებდა, როგორც ცისკარაში დევს, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის სრულიად სერიოზული და აღფრთოვანებული იყო, ასეთი აღფრთოვანებული არის ხოლმე ჩვენი პრეზიდენტი, როდესაც ის ბარაკ ობამას ცოცხლად ხედავს.
ამ ამბის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება - შეიძლება სხვა მშობლების აციმციმებული თვალებზე ლაპარაკი, ერთი-ორი უკმაყოფილო მშობელზეც სამიოდე სიტყვის თქმა, რომლების უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ მათი შვილები ამ სკოლას არა სამი, არამედ იმავე წელს ამთავრებენ, მაგრამ ეს უკვე საინტერესო აღარ იქნება. საინტერესო მხოლოდ ეს სინდრომია - მომავლის სკოლის, ქვეყნის იმედით ცხოვრება. ამ სინდრომზე იუმორით ჯერ კიდევ ილფი და პეტროვი წერდნენ და მას თამამად შეიძლება „ვასიუკის სინდრომი“ ვუწოდოთ.
დაპირდე ადამიანს ბევრი და მისცე არაფერი, ეს მართვის კლასიკური მეთოდია, ხოლო სარეკლამო ფანდისთვის საუკეთესო მაგალითი.
იყიდეთ ჩემი წიგნი ახლა, ყოველ ნაყიდ ეგზემპლარზე კი 2245 წელს 45 მილიონი დოლარი დაერიცხება თქვენ შვილს.

როგორი სლოგანია?



Friday, February 10, 2012

წამებანი თბილისის ისტორიული ნაწილისანი




თბილისის ისტორიული ნაწილის პრობლემები ახალი დაწყებული არ არის, თბილისის ისტორიული ნაწილის და ზოგადად თბილისის პრობლემებს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა კანონმდებლობის მოწესრიგებას. და მაინც, თუკი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არსებობდა და არსებობს, ის მორგებულია კონკრეტული ინდივიდების კერძო ინტერესებს და მასში ძალიან ბევრი გარღვევაა.
ნებისმიერი ქალაქის ისტორიული ნაწილის პრობლემების მოგვარებას რამდენიმე თანმიმდევრული ღონისძიება სჭირდება.
1: საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება.
2: საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა
3: სწორი მენეჯმენტი
4: ინვესტიციების მოზიდვა ან საბიუჯეტო დაფინანსება
5: ინფრასტრუქტურის მოწყობა






საკანონმდებლო სისტემის მოწესრიგება
საქართველოში არ არსებობს გამართული კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. არსებული კანონი ვერ/არ ახერხებს უნებართვო/უკანონო მშენებლობების პრევენციას, რადგან კანონის გაუმართავობის შედეგად, ერთსა და იმავე მუხლს შეგვიძლია სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ. (მაგ: მუხლი 36, პუნქტი 6 დ); მუხლი 3 ს1; და ა.შ).
სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულმა განუკითხაობამ წლების მანძილზე იმხელა ზიანი მიაყენა კულტურულ მემკვიდრეობას და კონკრეტულად „თბილისის ისტორიულ ნაწილს“, რომ ამაზე ცუდს ვერც ერთი ბუნებრივი კატაკლიზმა, შემოსევა და ომი ვერ დამართებდა. „თბილისის ისტორიული ნაწილის“ დამახინჯება მთლიანად სახელმწიფო თავმოუბმელობის და კერძოდ კანონის გაუმართავობის ხარჯზეა.
ნათქვამია არის დანაშაული, რომლის გამოსწორებაც უკვე შეუძლებელიაო, მაგრამ არის დანაშაული, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
საკანონმდებლო ბაზამ უნდა დაარეგულიროს არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების შეჩერება, გარკვეული მიშენებების დანგრევაც უნდა უზრუნველყოს.



საზოგადოების ინფორმირებულობა/ჩართულობა

მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, საზოგადოების ცუდად ინფორმირებულობა და არაჩართულობაა. თბილისის ისტორიული ნაწილის მცხოვრებლები ხშირ შემთხვევაში, არათუ უშლიან ხელს ისტორიული ძეგლების დაზიანებას, არამედ თავადვე გვევლინებიან აქტიურ დამანგრევლებად, განაშენიანებისა და შენობების ფონური დამზიანებლებად. ამის მიზეზების სათავეების მოძებნა საზოგადოებრივი აზრის არქონაში, საზოგადოების არაინფორმირებულობაში უნდა დავიწყოთ. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ცხოვრობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიმე უნიკალურ ძეგლში და მისთვის ეს ძეგლი უბრალოდ ძველი, ამორტიზირებული შენობაა და მეტი არაფერი. ამას ზედ ემატება კანონის ინერტულობა (იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი კაცის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ კასპში შემოღობილ 200 კვადრატს ზესტაფონამდე გაზრდის (იყენებს ამ მიწას თუ არა იმისდა მიუხედავად) უკანონო მიშენებების ბუმი, რომელიც შევარდნაძის პერიოდში დაიწყო, რევოლუციის შემდგომმა მთავრობამ დაკანონებებით წაახალისა. ის, რაც შესაძლოა ასე-თუ-ისე ასატანი იყოს გარეუბნებისა და ახალგანაშენიანებული უბნებისათვის, ყოვლად შეუფერებელია თბილისის ისტორიული ნაწილისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული საკუთრება (იმისდამიუხედავად თანხმდება თუ არა საზოგადოება იმ საკითხზე გვჭირდება თუ არა ეს ძეგლი), თბილისის ისტორიული ნაწილი ასევე წარმოადგენს შესანიშნავ ზონას ტურიზმის გასავითარებლად. ინტერესი ამ ზონის მიმართ არა მხოლოდ სახელმწიფოს, მოსახლეობის მხრიდანაც დიდი უნდა იყოს. საამისოდ კი უნდა მოხდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა (გრენადის კონვენციის თანახმად, ეს აუცილებელიც კია) კულტურული მემკვიდრეობის საკითხში. ამ თემას არ შეიძლება „ქართულად“ მივუდგეთ და შედეგები დღესვე მოვიმკათ (შეუძლებელიცაა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს ერთ დღეში შეიცვალოს). პირველ რიგში, აუცილებელია საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ საკითხებს. უნდა მოხდეს „კულტურული მემკვიდრეობის“ სასკოლო საგნად დამატება, დაიბეჭდოს საინფორმაციო ბუკლეტები და უფასოდ დაურიგდეს მოსახლეობას, სადაც ზოგადად იქნება აღწერილი ზოგადი უმნიშვნელოვანესი საკითხები. სახელმწიფო არხზე პერმანენტულად უნდა გაშუქდეს ყველა ის ღონისძიება (ლიტერატურული ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტები) რაც „თბილისის ისტორიულ ნაწილში“ დაიგეგმება სწორედ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს უბრალოდ ნახევრად დანგრეული შენობა კი არაა, ისტორიული ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისთვის, დანარჩენი მოსახლეობისათვისაც.










მენეჯმენტი
მენეჯმენტზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მსოფლიო გამოცდილება, რომლის გამოყენებაც გონივრულად შეგვიძლია. პირველ რიგში (კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ გადამუშავების შემდეგ) უნდა მოხდეს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ კონსერვაცია. უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა და აიკრძალოს ყოველგვარი ნებართვის გაცემა ახალი შენობის აშენებაზე (იმის და მიუხედავად, დანგრეულია ეს შენობა, ინგრევა, იწვის თუ ცუნამმა გადაუარა).
შემდეგ  საჭიროა დაიწეროს სწორი მენეჯმენტური გეგმა, პირველ რიგში, რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა (მხატვარი, ისტორიკოსი, არქიტექტორი, რესტავრატორი და ა.შ.) „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ძველი და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი ქალაქი გვინდა რომ გვქონდეს და როგორ მოხდება რეკონსტრუქცია.  ამის შემდეგ, „თბილისის ისტორიული ნაწილი“ უნდა დაიყოს რამდენიმე ზონად (ა) უბნები, სადაც ავთენტურობა მეტნაკლებად შენარჩუნებულია; ბ) უბნები, სადაც შერეულია ისტორიული სახლები და ახალი ნაგებობები; გ) უბნები, რომელის ნგრევის პირასაა ან გაყიდულია) გამოიკითხოს მოსახლეობა (იგულისხმება, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის ამაღლება) და დადგინდეს, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ რომელი უბანია პოტენციურად ყველაზე უკეთესი ადგილი რევიტალიზაციისათვის (ვგულისხმობ სპეციფიკური ტურიზმის განვითარებას ასეთ უბნებში. ანუ, მოსახლეობა იცხოვრებს საკუთარ სახლებში, რომელიც ამავე დროს სასტუმროების ფუნქციასაც შეითავსებს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი სამუშაო ადგილებსაც გააჩენს, რადგან გაიზრდება ადგილობრივი ხელოსნური/რეწვა). გაირკვევა რომელი უბნები უფრო მეტადაა მოსახერხებელი ბიზნესის მოსაზიდად („თბილისის ისტორიული ნაწილის“ ის უბნები, რომელშიც ძველისა და ახალი შენობების დიდი ნაზავი გვაქვს, მშვენიერი ადგილი იქნება კერძო ბიზნესის დასაინტერესებლად). ინვესტორებს მიეცემათ შეღავათები, რათა მათი ინტერესი ამაღლდეს.
მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არ გაყიდოს სახლები (ან შენობები, რომელიც საცხოვრებელი არ არის და სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოიყენება) მთავრობამ უნდა შეთავაზოს უკანონო მიშენებების მონგრევის სანაცვლოდ კომპენსაცია, რათა არ მოხდეს მასობრივი ჯენტრიფიკაცია (ამავე დროს კანონი ისტორიულ ძეგლებზე უკანონოდ მიშენებას გრენადის კონვენციის თანახმად მონგრევით არეგულირებს).
უნდა მოიძებნოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეკონსტრუქციას არა მთელ უბანს, არამედ ცალკეულ სახლებს, მიკროუბნებს და სახლებს აღადგენს (მართალია ეს ხარჯებს გაზრდის, მაგრამ თავიდან ავიცილებთ ფორსირებულ რესტავრაციას და ბუტაფორიული ნაგებობების მთელ წყებას, რომლის სანახავადაც რეალურად ამ ქვეყანაში არავინ ჩამოვა).
„თბილისის ისტორიული ნაწილის“ განვითარებისთვის, საჭიროა სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურები ქალაქის გარეუბნებში იქნეს გადატანილი. ჯერ ერთი ეს ქალაქის დეცენტრალიზაციას მოახდეს, მეორეც, ქუჩები გათავისუფლდება ზეჭარბი ტრანსპორტისგან, რაც თავისთავად გაადვილებს არა მხოლოდ მოძრაობას, არამედ შეამცირებს შენობების ამორტიზაციას და რეაბილიტაციის პროცესს უფრო მობილურს გახდის. და მესამე: თუკი ჩვენ სახელმწიფოს სურს „თბილისის ისტორიული ნაწილის“ ტურისტულ ზონად გამოყენება, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნაც (იმის ფონზე რაზეც ზევით ვამბობდი: ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, სასტუმროების ტიპის სახლების გაკეთება, სადაც თეატრალიზირებული იქნება ცხოვრება _ მომსახურე პერსონალი სამუშაო საათებში იცხოვრებს ძველი თბილისის წესებით (ეზოში არყის გამოხდიდან დაწყებული, აივნიდან საპნიანი წლით გადმოღვრით დამთავრებული).
ინვესტიციების მოზიდვა
ხშირად, ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ თავს უფლება მისცენ ქალაქის რეკონსტრუქცია აწარმოონ (მით უფრო, რომ („თბილისის ისტორიულ ნაწილთან“ მიმართებაში, საქმე კიდევ უფრო რთულადაა, რადგან აქ არა მხოლოდ აღსადგენია ძეგლები, არამედ რაღაცეები დასანგრევი და თავიდან ასაშენებელიცაა. მთლიანად შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ა.შ.), ამისათვის არსებობს საკმაოდ აპრობირებული გეგმა: ბიზნეს სექტორის დაინტერესება კონკრეტული უბნებით (საგადასახადო კანონის გამკაცრების, ან შერბილების ხარჯზე. გააჩნია ეკონომისტების მიერ წარმოებული კვლევა რას გვანახებს).
ასევე წახალისებული უნდა იქნეს მეცენატობის ინსტიტუტი. შეიქმნას ფონდი, რომელიც უხელძღვანელებს სახსრების მოძიებას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობიდან (მაგალითად, ყველა საჯარო მოხელის ხელფასიდან 5 წლის მანძილზე დაიქვითოს 0.2 % და ეს გამჭვირვალედ მოხდეს, ანუ ყველამ იცოდეს, რომ თანხა უშუალოდ („თბილისის ისტორიული ნაწილის“ რეაბილიტაციას ხმარდება).
რაც შეეხება ქალაქის მენეჯმენტს, არ შეიძლება ცალმხრივად რომელიმე ქალაქის მოდელით მივუდგეთ ამ საკითხს და ავირჩიოთ, ვთქვათ, მხოლოდ BOT მოდელი. იმისდამიხედვით, რომელ უბანს, მიკროუბანს რა სჭირდება, შეიძლება ეს იყოს მართვის კონცესიური ან მენეჯმენტური კონტრაქტის მოდელიც.


დასკვნა

საბოლოოდ, „თბილისის ისტორიული ნაწილის“ გადარჩენა და რეორგანიზაცია მაინც ჩვენი, მოქალაქეების ვალია და თითოეული ძეგლის განადგურება ისევ ჩვენ კისერზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ქალაქის ისტორია საკუთარი ბინის აივანთან არ მთავრდება. კანონს ადამიანები ქმნიან, ის ადამიანები, ვინც იმავე საზოგადოების წევრები არიან, რომელსაც ჩვენ  ვეკუთვნით. რომ არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ „თბილისის ისტორიული ნაწილის“ (და არა მხოლოდ) მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, რომ გავითავისოთ, რომ არის ღირებულებები, რომელთაც აუცილებლად სჭირდება შენარჩუნება და მოვლა, რადგან მხოლოდ მათი ვიზუალური მხარის აღდგენით საქმე არ კეთდება (იკარგება ის სული, რომელიც თითოეულ ძეგლს, ნაკეთობას, ქვას აქვს), მეეჭვება  მავანთ გაბედონ და კანონის იგნორირებით, საბოლოოდ წაახდინონ ისედაც შელახული ქალაქის იერსახე. იმისდამიუხედავად, იქნება თუ არა „თბილისის ისტორიული ნაწილი“ იუნესკოს ძეგლთა სიაში, ეს ქალაქი თითოეული საქართველოს მოქალაქის კუთვნილებაა და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუაროთ მას.


Friday, January 13, 2012

რა არ გვაქვს ქართველებს

ბოლო ბოლო ერთხელაც გადავაბიჯე „გრუზინობას“ და ჩემ თავს ვკითხე, რა არის ისეთი რაც ქართველებს არ გვაქვს, რადგან ზეციური სამოთხიდან დაწყებული, განკითხვის დღის სამეტყველო ენით დამთავრებული გვაქვს. გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო მეტრო და აეროპორტი, სხვადასხვა ზომის და წყალწყვის შადრევანი, ყველა დღესასწაული 2-2 ჯერ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა სრულყოფილებას ხომ აქვს რაღაც ნაკლი. დავფიქრდი, რომ ალბათ იყო ისეთი რამეებიც, რაც ქართველებს, თვით ქართველებსაც კი არ გვაქვს. ჩემით მხოლოდ ის გამახსენდა, რომ ქართველებს არ გვაქვს ცუნამი. ქვეყანას, რომელსაც თავისი „ხმელთაშა ზღვა“, “საჰარა“ და „ალპები“ აქვს. ცუნამი იქით იყოს და ტაიფუნიც კი არ ყოფილა, ან ტორნადო, რა გახდა ერთი ნორმალური ტორნადო ასეთი მრავლისმნახველი ქვეყნისათვის? მერე გადავწყვიტე რაღაც მინი გამოკითხვასავით ჩამეტარებინა და ახლობელ, ნაცნობ, უცნობებში გავიკითხე რას ფიქრობდნენ რა არ გვაქვს ქართველებს. აღმოჩნდა, რომ რაღაც-რუღაცეები მაინც არ გვქონია და აი, რა: ჩემი მეზობელი არტაშ გრეგორიანი, აქ დაბადებულ-აღზრდილი, სულით-გულით ქართველი კაცი ფიქრობს, რომ არ გვაქვს ერთი ნორმალური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას ერთ სამას-ოთხას კაცს მიასიკვდილებდა. არ გვაქვს ნორმალური ადგილობრივი ლუდი, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სასმელი წყლის დიდი არჩევანი, მამაჩემი ფიქრობს. ერთი ჩემი თანაფორუმელის აზრით, არ გვაქვს რადიაციული კერის მქონე ერთი კაი, ჯანსაღი ობიექტი. სოლომონ გელაშვილი, ჩემი მამიდაშვილი (დამთავრებული აქვს მენეჯმენტის კურსები ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტში) ამბობს, რომ ნამდვილად არ გვაქვს მახათის ქარხანა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნა ძალიან დიდია. ქსენია გოგოლაშვილის აზრით (უბრალოდ ქსენია გოგოლაშვილია), არ გვაქვს ქიმიური იარაღის საწარმო, რათა ერთხელაც ამ საწარმოდან ბიოქიმიურმა ნივთიერებებმა გაჟონოს და დედაბუდიანად ამოგვწყვიტოს. მე გამახსენდა კიდევ, რომ არ გვაქვს 60 გრადუსიანი ყინვა და 65 გრადუსიანი სიცხე. ჩემი მასაჟისტი ასკვნის, რომ არ გვაქვს შიდსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის შემთხვევა. ვლასა კორიფაძემ მომწერა ახლა, ამ წამს, მსოფლიო საოცრება არ გვაქვს არც ერთიო და როგორ გინდა არ დაეთანხმო კაცს? გვაქვს და ვმალავთ თუ? ბიძაჩემმა დამირეკა ციხიდან და მოვასწარი კითხვა. ის ფიქრობს, რომ ამდენი დამსახურებული საზოგადო/საჯარო პირის არსებობის პირობებში არ გვაქვს ერთი ფალოსის ქანდაკებაც კი, მაშინ, როცა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ის დგას. ბაჩი მეშველიანი ამტკიცებს, არ გვქონია ერთი ნორმალური მეწყერი და ზვავი, ისეთი საშუალო ზომის წყალტუბო რომ დაფაროს, რომელზეც მერე რომელიმე ლაზიკას ააშენებენ. ირაკლი გელაშვილი, ეისიდ ბარის მენეჯერი, ასევე ჩემი ძმაკაცი, რომელსაც შეუძლია 4 კბილი ერთდროულად ამოიღოს უანესთეზიოდ და ეგვიპტეში ზედიზედ სამჯერ წავიდეს, ფიქრობს, რომ არ გვაქვს არც ერთი მოქმედი ვულკანი, ისლანდიას ის რამდენიმე ათეული აქვს, ჩვენ არც ერთი. არ გვაქვს ატომური ბომბი, რომელსაც რომელიმე გაბრაზებული პრეზიდენტი თავზე დაგვაფეთქებდა, ჩვენი ნანა იტყოდა, რომ მეკითა, მაგრამ არ ვეკითხები. არ გვაქვს არც ერთი სექსშოპი (ჩემი მოსწავლე, 5 კლასი), აქ არაა ბურგერ კინგი და სტარბაქსი, ჰარდროკ კაფე (ჩემი ცოლისძმა), კენზოს, ჯორჯ რეჩის და გეპის ოფიციალური მაღაზიები - ჩემი ცოლი ამბობს ამას. (მადლობა ღმერთს ვამბობ მე). არ გვაქვს ჩვენი საამაყო „ვეფხისტყაოსნის“ სისტემური და კლასიკური, სრულყოფილი კვლევა. მუსიკოსი ხათუნა მაკალათიას აზრით, არ გვაქვს შემოქმედებითი წერის კურსები მაშინ, როდესაც ყოველ მესამე ქართველს ეწერინება. ლიტერატურათმცოდნე თამარ სუხიაშვილი გაკვირვებულია, რომ არ გვაქვს ჰორორის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები. არ გვაქვს ბუდისტური ტაძარი - გვამცნობს საქართველოს ტურისტული ცნობარი. ხოლო თუ გადახედავ მაღაზიების თაროებს, აღმოაჩენ, რომ არ გვაქვს ეროვნული წარმოების თეთრი შოკოლადი. არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რადგან თანამედროვე ხელოვნებას ყოველთვის რამდენიმე ათეული წლით ჩამოვრჩებით. არ გვაქვს სერვისი, რადგან ყველა ქართველი ბუნებით კლიენტია და არა მომსახურე პერსონალი. კინომონსტრი ია ვეკუა დაგვიდასტურებს, რომ არ გვაქვს ეროვნული წარმოების პორნოგრაფიული ფილმი და არ გვაქვს კონტრკულტურა. მორწმუნე რადიკალთა ულტრამემარჯვენე ფრთა აღფრთოვანებულია, რომ არ გვაქვს გეი პარადის ხილვის უზომო ბედნიერება. ყველა მოქმედი იურისტი დამეთანხმება - კანონმდებლობაში არ გვაქვს არც ერთი მუხლი ანტროფოფაგიის შესახებ. კითხეთ კინო „რუსთაველისა“ და „ამირანის“ ადმინისტრაციას, რატომ არ გვაქვს კინო ღია ცის ქვეშ. და საერთოდ, რატომ არ გვაქვს საიდუმლო ლაბორატორიები, სადაც (თავი გავანებოთ ადამიანებს), ცხოველებზე ჩაატარებდნენ სერიოზულ კვლევას. არ გვაქვს პროჭით კაკლის ტეხვის სამამულო ტექნოლოგია (კობა კენჭაძე. ზემო ონი. სოფელი ცხმორი. სჯობდა არ დამერეკა) (ნეტავ რატომ) არ გვაქვს ჩატარებული კვლევა უნდა თუ არა ერს ევროკავშირში შესვლა და იქ მოხვედრის არანაირი შანსიც არ გვაქვს. მხოლოდ ერთი ჩავლაც კი საკმარისია, რომ დავადგინოთ - არ გვაქვს რუსთაველის გამზირზე არც ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი და არც უფლება მიტინგის დროს ქუჩაში მოვკუკოთ. არ გვაქვს გენეტიკური კვლევის ლაბორატორია. ჩემი სიძის ბებიას შურას რომ კითხო, არ გვაქვს ნამუსი, თორემ დიდი ხნის წინ გადავშენდებოდით.