Thursday, February 27, 2014

პრაგმატულობის ფილოსოფია





ნევროზის კლასიკურ განმარტებას თუ ავიღებთ, ესაა ემოციური პრობლემების შეგრძნება, უკეთ თუ ვიტყვით პრობლემების ემოციური შეგრძნება (ინტერპრეტაცია), რომელიც სათავეს შეუგნებელი შინაგანი კონფლიქტებიდან იღებს. ეს „შეუგნებელი“ კონფლიქტები ხშირად „დავიწყებული“ გადატანილი სტრესია, არაიშვიათად ვერმიღებული რეალობა, ნაწილობრივ კი ქცევის მიღებულ ნორმებს  და ინდივიდის სურვილებს შორის დაუნდობელი და დაუღალავიც ბრძოლა.
ჰოდა, რაც გამოდის ამ ფორმულირებიდან, იმის რეალურ შედეგს კი ვხედავთ აღრენილ ხალხში, გაღიზიანებულ საზოგადოებაში, გავეშებულ ბრბოში, თუკი არ ვიქნები მთლად ძალიანაც კი მოკრძალებული.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ყოველ შემთხვევაში, იმ მინუს ოც პროცენტზე მცხოვრები ადამიანები, ჩემი დაკვირვებით, ანალიზით და ჭვრეტით (მომწონს ეს სიტყვა, წონას მმატებს საკუთარ თავში) ახლა და სწორედ ახლა ვდგავართ გასაყართან და რისი? ღირებულებების არჩევანის. ერთის მხრივ, (არ ვიცი ეს ასე ზეპირად ვინ გადმოსცა და რა არ დაგვავიწყდა ამდენი ხანი და ვაიუშველებელუწყვეტი ტრადიცია გახდა) ეგრეთ წოდებული ეროვნული ფასეულობების თაობიდან თაობაზე გადაცემა, სარწმუნოებრივი (ძირითადად მართლმადიდებლური) თვითშეგნებისა და მოდი ჩავაკვეხებ - პლატფორმის დაცვა, მეორეს მხრივ კი სურვილები, სურვილები, სურვილები.
არადა ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ უნდა ავირჩიოთ გზა, რომელიც ჩვენივე მომავლის განვითარებას ხელს შეუწყობს. ეს გზა კი სხვა არაფერია, თუ არა (დავარქვათ ასე) პრაგმატულობის ფილოსოფია.



აქვე რეცეპტიც: ავიღოთ ცოტა ლოკი, შევურიოთ მცირედად ჰობსი, ზევიდან მოვაბნიოთ (გემოვნებით) რუსო, მოვაყაროთ წვრილად გახეხილი მაკიაველი და კარგად შევახვიოთ ნიცშეში (ისე, რომ ორთქლი არ დაიკარგოს). შემდეგ ყველაფერი ეს შევდგათ ისტორიის ღუმელში და დაველოდოთ სანამ ერთი სრული თაობა არ გამოიცვლება (სურვილისამებრ, შეიძლება პროცესების დაჩქარება, რაზეც ქვევით წაიკითხავთ).
ჩვენი რელიგიური (თავსმოხვეული და სხვა სიტყვა ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან სხვა შემთხვევაში, სხვაგვარი ცხოვრების ნირი გვექნებოდა) გრძნობები, ეთიკური ნორმები და ქცევის მიღებული წესიც და ზოგადადამიანური, შესაბამისად კი მეტად პრაგმატული სურვილები რომ აშკარად წინააღმდეგობრივია, ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. ეს წინააღმდეგობა კი, მით უფრო, როცა ეს ზემოთხსენებული რელიგიური გრძნობებიც ყალბია (სახარების მიხედვით „შენ გაიხადე სხვას ჩააცვის“ პრინციპი სრულიად უქმდება, როცა თუნდაც ზიარების რიგში დგანან მლოცველების დიდი უმეტესობა და ერთმანეთს ხილულად თუ უხილავად თავპირს ამტვრევენ რათა უფრო ადრე მიეახლონ სიწმინდეს) იწვევს შინაგან დისკომფორტს, აგრესიას, ზიზღს, დაუნდობლობას და საბოლოო ჯამში, სწორედ რომ უმეტეს კაცთმოძულეობას. და ისევ ამ პრაგმატული ფილოსოფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, ვართ ქრისტიანები უქრისტეოდ, ანუ მთელი ჯაფა წყალში იყრება და ლოგიკისა და პრაგმატიკის კანონების მიხედვით, ის წესები, რასაც ასე განუხრელად მივსდევთ და ვიცავთ, არაფრის მომცემია - ანუ არაფრისთვის ვშრომობთ.
თუკი თავს ქრისტიანებად ვასაღებთ (არადა ამ ეტაპზე მომგებიანიც კი არაა ქრისტიანობა, ამაში არავინ არაფერს იხდის), ან უბრალოდ ვპატიოსანმოქალაქეობთ, ან  სულაც მაჩვენებლობით ვოხრავთ მავანზე და რაღაცებზეც, ქცევით კი ამის საწინააღმდეგოდ ვიქცევით და განვითარების არც ერთ ფორმას არ მივსდევთ საბოლოოდ (ვგულისხმობ სულიერ ან მატერიალურ განვითარებას, არჩევანი მარტივი და ლოგიკურია), ვრჩებით სადღაც გზაჯვარედინთან გაჩხერილები და სანამ აქეთ იქით ვიყურებით, ათასი სხვა სახელმწიფო ისე ჩაგვიქროლებს, დასახელების წაკითხვასაც ვეღარ ვასწრებთ.
განა უფრო მარტივი არ იქნებოდა აცტეკებივით ჩვენი, დამოუკიდებელი განვითარების გზა აგვერჩია და შედეგებით ევროპა კი არა, თვით უფალი ღმერთიც კი გაგვეოცებინა?
რითი და პრაგმატული ფილოსოფიით.



მაგალითად, ერთი ამოსუნთქვის ამბავია, თორემ, თუ დაფიქრდები კაცი, ვის რა ჩემ ფეხებად ჭირდება 25 000 (ახლა უკვე 12 500) პატიმარი? თავისუფლად შეგვიძლია დავუდოთ ხელშეკრულება და პირობა დავადებინოთ, რომ აღარასოდეს საქართველოში აღარ დაბრუნდებიან, გამოვუშვათ ციხიდან და შევუშვათ, მაგალითად მეზობელ რუსეთში ან სომხეთში (თურქები გაქექილი ხალხია და არ მიიღებენ). ამით დავზოგავთ რამდენიმე მილიონ მუქთამჭამელში გადაყრილ ლარს და ცოტა ქრისტიანულადაც მოვიქცევით, რადგან ცოდვას ავაცილებთ ბადრაგებს, ვინც ნებით თუ უნებლიედ, დამნაშავეების უკანალისკენ ცოცხით მიიწევს და მიექანება.
შუბლის ძარღვის ამბავია, თორემ რა საჭიროა ავადმყოფი, ინვალიდი და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოხუცების (ამათი თავიდან მოშორება თაობათა ცვლის, ზემოთხსენებულ პროცესებს დააჩქარებს) შენახვა? ან მათ რას ვტანჯავთ, ან ჩვენ რატომ ვხარჯავთ ნერვებსა და ფინანსებს?
და ახლა უპატრონო ბავშვებზე არ იკითხავთ? იზრდებიან ამ გაავებული (ხშირ შემთვევაში, თორემ ალბათ კვალიფიცირებულს (ისემც) რა დალევს) აღმზრდელების ხელში, ადამიანური სითბო მათ არ აქვთ და არიან ღმერთის ანაბარად მიტოვებულები, საზოგადოებას ისინი მაინც არაფერში ჭირდება და არგია და მათი შენახვაც, წლიდან წლამდე ზარალი უფროა, ვიდრე მოგება - თუკი ადრეული ასაკიდან უცხოელებზე გავაშვილებთ, აბორტების რაოდენობაც მოიკლებს (ვის არ უნდა შვილი ამერიკის მოქალაქედ იხილოს) და ქვეყანასაც კარგი გემრილი შემოსავალი ექნება (ავიღოთ ფილიპინების მაგალითი). იმათ კი, ვისაც მოწიფულობამდე არავინ წაიყვანს, მოგვიანებით, ტრანსპლანტატორებად გავყიდით ან ადგილობრივ ბაზარზე მოვიხმართ მაინც.
ახლა ვინმე იტყვის, ამდენი უპატრონო ბავშვი სად გვყავს, კიდევ უცხო ქვეყნები ვამარაგოთო - გვყავს და მერე ცოტა? და თუ ცოტაა, მოვამრავლებთ. როგორ და მივცეთ ლეგალიზება პროსტიტუციას, დავუწესოთ პატიოსანი 20 % და ამით მათაც ავარიდებთ მოპარვის ცოდვას (გადასახადების დამალვა ხომ იგივე მოპარვაა) და თანაც მორალურად მაინც მეძაობას გავუმართლებთ და დავუკანონებთ. წარმოიდგინეთ, რეგიონში პირველები ვიქნებით, სადაც პროსტიტუციის გამო არავინ დაგვიჭერს არც მომხმარებელს, არც მოხმარებულს და (ქვეყნის გარეთ გაშვებას აქვე ადგილზე დატოვება არ სჯობს? იმის არ იყოს, წარმოებაც და პროდუქტიც (აქ უკანონო ბავშვები) ისევ ჩვენ არ დაგვრჩება?) რაკი ერთხელ აქ შემოვიტყუებთ ამძუვნებულ კაცებს, ბარემ სხვა მომგებიანი სერვისიც დავახვედროთ, მე შენ გეტყვი და რეგიონალური ჩამორჩენილობის წყალობით რომელიმე ბიზნესია განვითარებული თუ რა? მაგალითად ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია - მარტივი ფსიქოლოგიური ამბავია, აკრძალვა სტრესის მოხსნას იწვევს, ჩვენ კი ამასობაში დალხინებული ცხოვრებაც გვექნება და რა სჯობს ამჩემფეხებსგანწყობაზე წამოკოტრიალებულს მამალი გალის „ჭითა პლანის“ გაბოლებას? უცხოელებს უფრო მძიმეც შეიძლება ვატაკოთ, თუ მოკვდებიან და გადასვენების ხარჯების თანხები ისევ ქვეყანაში არ შემოვა? ახლა სათამაშო ბიზნესი? ვარდების მთავრობა იყო და 10 წელი 100 საწარმოს გვპირდებოდა და არ გვაღირსეს, ახლები მოვიდნენ და ახლა ისინი ფაფხურობენ რაღაცებს - 100 საწარმო და ოფლის ღვრა ვის რა ჯანდაბად უნდა? ავაშენოთ 100 კაზინო ყველა რეგიონში - სამუშაო ადგილებიც ბევრი იქნება და შემოსავალიც - ჩამოსულ ტურისტებს დასაძინებელიც ხომ ჭირდებათ, სტრესის მოსახსნელად ღვინო (ნარკოტიკი), დუდუკი (შოუბიზნესი, ათასი სხვა ტაშ-ფანდურა), ქალები (ნუ კაცებიც, მე ამცდეს და ფული მოიტანოს).
ახლა საზღვრებზეც - ნახევარი საქართველო მისი დაუსახლებელი სასაზღვრო ზოლია. არის ადგილები, სადაც მესაზღვრეებიც კი ალაგ-ალაგ დადიან, მივყიდოთ ეს მიწები ჩინელებს და ტერიტორიის დაკარგვის შემთხვევაში, ჩინეთმა იმტვრიოს თავი მეზობელ ქვეყნებთან ომზე.
მე მაინც განსაკუთრებულად ქვეყნიდან გამავალი მდინარეების მოწამვლის იდეა მხიბლავს - წარმოიდგინეთ, სადღაც გაჩიანის ქვევით, ან უფრო ქვევით, წითელ ხიდთან წამლავ მტკვარს და მეზობელ აზერბაიჯანს აიძულებ ნავთობი გაგიიაფოს, ან სულაც განავლიან მტკვარს ერთი-ერთში ცვლი თუნდაც დაბალი ოქტანობის ბენზინში.
მეზობლებზე გამახსენდა და სომხეთს სახმელეთო გასასვლელი მხოლოდ საქართველოსთან რომ აქვს, ამოვუქოლოთ საზღვარი და ორ ათეულ წელში, რაც დასავლეთით დავკარგეთ, შეთხელებულ არმენიაში ჩავიჩოჩებთ ბევრი დავიდარაბის გარეშე.
ფეხბურთში წარმატებას აგრესიული გულშემატკივრით უნდა მივაღწიოთ - წელიწადში 2-3 მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს მოკლავ და შენ მოედანზე თამაში ყველას შეეშინდება.
კინოინდუსტრია პორნოგრაფიით უნდა ამოიქაჩოს - სამოყვარულო კამერა ლამის ყველა ოჯახში დევს და სექსის ცოდნით კი ისედაც მოგვაქვს თავები.
განათლება უფრო მეტად მიზნობრივი უნდა გახდეს - მეტი თანხა საინფორმაციო ტექნოლოგიებში უნდა ჩაიდოს და სკოლის მოსწავლეებიც კი მოახერხებენ ინტერნეტით ჯიბის ფულის შოვნას.
რწმენას რაც შეეხება, გამოვაცხადოთ საქართველო თავისუფალ რელიგიურ ზონად და მსოფლიოს ყველა სექტანტს და მცირე თუ დიდი რელიგიური კონფესიის ადამიანს მივცეთ საშუალება ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ ამა თუ იმ მხარეში დასახლდეს. ამით საზღვრებსაც გავიმაგრებთ და დებორდერიზაციის შემთხვევაში საერთაშორისო ჭყლოპინსაც ავტეხთ, რელიგიურ უმცირესობებს გვიჩაგრავენო. მთელი მსოფლიო ფეხზე დაგვიდგება.
და ასე შემდეგ. დაუსრულებლივ.
დრო არ ითმენს მეგობრებო, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ვექტორი პოლიტიკური კურსის მიხედვით კი არა, ფასეულობათა გადაფასების მიხედვით უნდა მივმართოთ სიახლისკენ.
მთავარი ხომ პრაგმატული აზროვნებაა.