Tuesday, September 14, 2010

რეცენზია წიგნისთვის "მრავალჯერადი ბოთლები"

გამარჯობა, სიახლევ!

როგორც ამბობენ, “ფეხბურთის სამი ძირითადი კანონიდან, პირველი ამბობს: - გოლის გასატანად საჭიროა ბრძოლაო”. ფეხბურთის არ ვიცი და, მხატვრული ტექსტმა უნდა შეძლოს მკითხველის დაინტერესება – ეს არც კანონია, არც აქსიომა, ეს ასე უნდა იყოს. საერთოდ, ლიტერატურისთვის ორთბრძოლები და შეჯიბრებები შეუფერებელია, მაგრამ თუ მაინცდამაინც, ამათუიმ ავტორის შემოქმედებამ უნდა მოიპოვოს ადგილი მრავალსაუკუნოვან მწერლობაში... განზოგადებული თეორიები იქით იყოს და, ამჟამად, ერთი ავტორის ერთ კონკრეტულ ტექსტზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა, რიტორიკაში სწერია, ყველაფერი შესავლით იწყებაო და ჩვენც შესავლით დავიწყოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი-ორი სიტყვით ავტორის შემოქმედებაზეც რამე უნდა ითქვას. ზემხა იგივე გურამ მეგრელიშვილი აგერ უკვე ექვსი წელიწადია ქართულ თანამედროვე პროზაში ჩანს და უდაოა, თავისი მკითხველიც ჰყავს.

მკითხველის ყურადღებას კი, აუცილებლად ორი რამ მიიპყრობდა: გურამ მეგრელიშვილის პერსონაჟთა სიუხვე თუ უცნაური ხასიათები, რაც რასაკვირველია, ავტორის ფანტაზიის, გამოცდილებისა თუ დაკვირვების დამსახურება და კარგი შედეგია; და მეორე, ტექსტების რიტმი თუ თხრობის სწრაფი ტემპი, რაც რასაკვირველია, წაკითხვის ტემპსაც განსაზღვრავს და და ყოველგვარი დაღლის თუ გაჭინაურების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით იკითხება მოთხრობა.
ტექსტები ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ “მთავარია ფინიში”, ხელში რა შეგრჩება – მარტივი განცდა, სინანულის გრძნობა, პერსონაჟის სიბრალული თუ უბრალოდ, რამის წაკითხვის სურვილის დაკმაყოფილება...

ერთგან გურამ მეგრელიშვილს ასეთი ფრაზა უწერია: ”დროებით, P-Fიცტიონ-ების მწერალო!” ეს შეიძლება თვითირონიად ჩაითვალოს ანდა, ზოგად განცხადებად – მაკულატურა დროებითია. პირველ ვერსიას, რომ დავუბრუნდეთ ზემოთქმული ფრაზა თვითირონიაა, რადგანაც ზოგადად ირონია და საკუთარი ტექსტების (და არამხოლოდ) პაროდირებაც თანამედროვეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ის რომ, ავტორმა საკუთარ შემოქმედებას მაკულატურა უწოდოს თვითპაროდიად ჩაითვლება, მაგრამ იგივე იმ თანამედროვეობის სხვა ნიშნით თუ ვიმსჯელებთ, მაკულატურა ყველაზე კითხვადია დღესდღეობით. ამ მოსაზრების თვითმიზანი, რასაკვირველია, შეურაცხყოფა არაა, არც მკითხველის, არც ავტორის და მითუმეტეს, არც ტექსტის, რომელიც არანაკლებ ცოცხალი ორგანიზმია.

გურამ მეგრელიშვილის პერსონაჟებს, რაც შეეხებათ, ყველა საყურადღებო ტიპია, თითქოს ყველა იბრძვის, მაგრამ მებრძოლის სულისკვეთება არცერთს გააჩნია და, რომც გააცნდეს ესეც პაროდია იქნება, მებრძოლი სულისკვეთების ქონაც თანამედროვეობის სისტემიდან ამოვარდნაა, რადგანაც დეჰეროიზაციის ეპოქა ჯერ არ დასრულებულა მწერლობაში (და არამხოლოდ). გურამ მეგრელიშვილის შემოქმედებაში ძირეული იდენტობის პრობლემაა, რისი დასკვნის საფუძველსაც სწორედ პერსონაჟები იძლევიან, ისინი ვერ ახერხებენ იდენტიფიკაციას დროსთან (მაგ: ვასიაუ) და ვერც საკუთარ ქვეყანასთან, როგორც მაგალითად ყვიბისელი ბესო გრიგალაშვილი. შწორედ მასზე წაიკითხავთ შემდეგ გვერდებზე მოთხრობას სათაურით “Hello ამერიკა!”

მოთხრობა ირონიით იწყება და პაროდირებით გრძელდება, რაც ავტორიტეტების მაგალითებითა და გამოთქმებით კეთდება ანუ ყვიბისელი ბესოი (არა ბორჯომელი ბესო, არამედ სწორედაც რომ, ყვიბისელი ბესოი. ასეთი დაკონკრეტება პოსტმოდერნისტულ დეცენტრაციასაც გააკვირვებდა). Fფრანგი მეცნიერის ბლეზ პასკალის, ფეხბურთელ პასკალ შიმბონდას, ჰოლივუდელი მსახიობის ჯეკ ნიკოლსონისა და პავლე მოციქულის შეგონებებით იმოძღვრავს თავს, რაც საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო სჭირდება, ვიდრე საკუთარი ინტელექტის აფიშირებისთვის. პაროდირების მაგალითია ბესოსგან საკუთარი თავის შედარების მცდელობა ლიტერატურულ გმირთან არსუკიძესთან, ერთის მარჯვენა თუ ხუროთმოძღვრების ძეგლს აგებდა, მეორის მარჯვენა ცოდვას ჩადიოდა ჩუკენობის, იგივე ონანიზმის სახით.

ბესო გრიგალაშვილის მთავარი გასაჭირი თვითდამკვიდრების პრობლემაა და იმ ღირსების გამოყენების სურვილი, რაც ბუნებისგან ჰქონდა ნაბოძები. მართალია, საფეხბურთო მოედანზეც ვერ ივარგა, მაგრამ ფეხბურთელთა საშხაპეში გამოამზეურა თავისი მთავარი ღირსება, რამაც სახელი მოუხვეჭა. ბრძოლის სულიკვეთებისა არ იყოს, ღირსებაც მთლიანად გაშიშვლებულია, არსგამოცლილი და მარტივ არსებით სახელად დარჩენილი, ანდა გენიტალიებამდე დაყვანილი, მაგრამ ესეც “სისტემის” ერთ-ერთი დეტალია. ყვიბისელ გაგრიას სახელი კი გაუვარდა, მაგრამ მაინც “პატარა კაცად” დარჩა თავისი კომპლექსებისა და გამოუცდელობის გამო. მთავარი იმედგაცრუება კი, ქორწინება აღმოჩნდა და სწორედ ამ იმედგაცრუების ფონზე იწყებს გრიგალაშვილი (ისევ პაროდირება – კომპლექსებისგან დაბეჩავებულ ადამიანს რა უნდა ჰქონდეს გრიგალისებური, ხასიათი თუ გონებაგამჭრიახობა?!) ახალ ცხოვრებას – სამშობლოს ტოვებს და უცხო ქვეყანას მიაშურებს. აქ კი, შეიძლება ივარაუდოს, რომ ყვიბისელ ვაჟიშვილში რაღაც გარდატეხა მოხდა, კერძოდ, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ბედისმაძიებელი ხდება. ამერიკაში მიემგზავრება თავისი დიდი პენისით (ღირსებით), კეთილი გულით და თვით ამერიკის იმედით. შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის იმედით და პატივისცემა (რომელზეც ამბობდა, რომ მაქვსო, მაგრამ ბუნდოვანი იყო, რაში გამოიხატებოდა) გაუჩნდა.

მოთხრობას “ორმაგი დასასრული” აქვს: მკითხველმა უნდა დაასკვნას, ბესოიდან რა დარჩება და რა გამოვა, ხოლო ბოლო ორი აბზაცის მიხედვით, ბესო გრიგალაშვილი საკუთარი თავის გათავისუფლების პროცესშია და მიდის ამერიკაში ანუ ქვეყანაში, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდაა ქცეული. საფინალო ფრაზაც – “მე საქართველოში მიმბრუნებელი აღარ ვარ!” “ორმაგადაა კოდირებული” ანუ გათავისუფლების პროცესში მყოფ ბესოს აღარ აქვს მარწუხების დადების სურვილი (მარწუხებში იგულისხმება საქართველო) ანდა, მან ვერ მოახერხა საკუთარ სამშობლოსთან იდენტობა და ამიტომ სხვა ქვეყანას მიაშურა. მარტივად თუ ვიმსჯელებთ, მოთხრობის ერთ-ერთი ძირითადი არსი ემიგრაციის კიდევ ერთი მიზეზის გამოვლინებაა.
დაბოლოს, ასეა თუ ისე, ყვიბისელი ბიჭი მაინც გამოძვრა “პატარა ადამიანის” ტყავიდან და დიდი იმედით (ამერიკისხელა იმედით) შეუდგა ახალ ცხოვრებას.
Hello, ამერიკა! – გამარჯობა სიახლევ!

ანუკი იმნაიშვილი

No comments: