ჩემი ბავშვობის წლებში მაგარი პოპულარული წიგნი იყო
„რა გქვია შენ“. აი, ასეთი, სქელი, მჟავე ყავისფერი ყდა ჰქონდა და იყო დაახლოებით
200 გვერდიანი.
შიგნით კომუნისტური რეჟიმისთვის შესაფერისი მოკრძალებით
ეწერა სახელები და მათი განმარტებები. რატომღაც ქართული წარმოშობის სახელების განმარტება
კი ყველაზე ცოტა იყო, მაგრამ ეს სულ სხვა სიმღერიდანაა, მთავარს მივადგები: მაშინ,
ჩემ წარმოდგენაში, ადამიანებს მხოლოდ ის სახელები ერქვათ, რაც ამ წიგნში ეწერა, იქ
კი ეწერა ყოვლად უცნაური დომენტი, ჯვებე, ელვირა, ლესტამბერიც კი. ეს წიგნი კარგა გვარიანად
იყო გაცვეთილი, ათასხელგამოვლილი და ათას თაროზე გადამხტარი ვინმე იყო, ეტყობოდა. ყველა
პატრონს მისთვის სანუკვარი თუ საინტერესო სახელი გაეხაზა, ზოგს წითელი, ზოგს შავი კალმით
და იქვე ველზე ორი-სამი „შენ გენაცვალე კაკალ გულში“, „იასამანს დაეკარგა ფერი“, „ბავშვს
დავარქვათ ვალენტინი“ ეწერა. მე ერთგვარი ჰობი მქონდა, შეიძლება ამას ჰობი კი არა აკვიატებაც
დავარქვათ, თუ უფრო თვითკრიტიკული ვიქნებით, შიზოიდური გამოხდომაც კი ვუწოდოთ, კერძოდ
კი, ეს გამოხდომა შემდეგში მდგომარეობდა: თუკი გოგო მომეწონებოდა, ვიკვლევდი მის სახელს,
გვარს, ნუმეროლოგიურ მნიშვნელობას, ზოდიაქოს ნიშანს, ჭამის მანერას და ასე შემდეგ.
მთელი სისტემაც კი მქონდა შექმნილი, ვისთან როგორ უნდა მელაპარაკა და მოკლედ ვიყავი
ამ თვითზომბირებაში კაი ხანი გაჭედილი. მერე აკვიატებებთაგან ზოგიერთი მოვიშორე და
დამრჩა მხოლოდ ნაწილი, სახელებზე მაქვს გართულება - ყველაზე დიდხანს ნაწარმოების გმირების
სახელზე ვფიქრობ ხოლმე. გარდა მათი სემანტიკური მნიშვნელობისა, ჟღერადობა და სახელის
შემადგენელი ასოების რაოდენობაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვერ წარმომიდგენია, როგორ
შეიძლება ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ კალისტრატე და სოფიკო ან ლუკა და მზექალა. ასეთი
წყვილების უმრავლესობა სახელების ერთმანეთზე მორგებას იწყებენ ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ
და ჩემი აზრით, სწორედ ესაა მათი ურთიერთობის გახანგძლივების გარანტია (კალისტრატე
ტატო ხდება, ხოლო მზექალა მზიკო), არადა თავისთავად, სახელის შეცვლა დანაშაული თუ არა,
მისტიკური აქტი ნამდვილად არის. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ შეუცვლიდნენ სახელს მორჩილს,
რომელიც ბერად აღეკვეცება? რატომ აიღო ბატონმა იოსებმა ფსევდონიმად „სტალინი“, ეს ხომ
თვითგანწყობის შექმნასაც ემსახურება?
სახელებს მოდაც აქვთ, თუ ოცი წლის წინ ლუკა ლამის სასირცხილო
სახელი იყო, ახლა ძალიან პოპულარულია, როგორც ერთდროს ესოდენ წარმატებული სახელი თენგიზი,
ახლა იშვიათობაა, მოდაში აღარაა ბელადების სახელების გაერთიანებაც თუ ადრე რომელიმე
აღტკინებული კომუნისტი სიხარულით დაარქმევდა შვილს „ლესტამბერს“ (ლენინი, სტალინი,
ბერია), არანაკლებ აღტკინებული „ნაციონალი“ არაფრისდიდებით არ იკადრებს შვილს „მიგიჯვანო“
(მიხეილი, გიგი, ჯორჯბუში, ვანო) დაარქვას. ყველაფერს თავისი დრო და ეპოქა აქვს.
მაგრამ დღემდე მოდაშია შვილებისთვის პოპულარული ადამიანების
სახელების დარქმევა. რეესტრში გატარებულ ახალშობილებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია,
რომ უცბად მიხვდე ადამიანი - ქვეყანაში რელიგიური აღტკინება პიკშია - მათე, ლუკა, იოანე,
პეტრე, ნიკოლოზი, ბარბარე და ა.შ. ყველაზე დარქმევადი სახელებია, მაშინ როდესაც არანაკლებ
რელიგიური დატვირთვის პავლეს, პორფირიოსს, ზევინს, ფილაგრეს ან თუნდაც ცაცოს (ხსენების
დღე 24.12) შვილებს არავინ არქმევს.
არადა ქართველები რომ უკიდურესობების ხალხი ვართ, ამას
ფიცი-მტკიცი არ ჭირდება - ადვილად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერ შემოსულს და შემოვარდნილს.
რატომ მოვყევი ეს ამბები და ახლა ისევ სახელებზე, ერთი
ამბავი მინდა მოგიყვეთ, ლიტერატურული პერსონაჟების და ზოგადად პერსონაჟების გავლენით
სახელების დარქმევის ტენდენცია არახალია, მაგრამ განსაკუთრებით კომიკურ ელფერს იძენს
ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამეტებასთან გვაქვს საქმე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გიორგი
გერსამიამ მომიყვა ამბავი, რომ მის სოფელში (აბაშის რაიონია) თანასოფლელებს უცნაური
სახელები ერქვათ. სინამდვილეში, იქნებ სულაც არ ერქვათ უცნაური სახელები, მაგრამ ჩვენ
გვეუცნაურებოდა. რა ერქვათ და ათოსი, პორთოსი, არამისი. მამა ყოლიათ დიუმას დიდი მოტრფიალე
და დ’არტანიანის მუღამში დაუწყია შვილებისთვის სახელების დარქმევა. ვინმე იკითხავს,
რატომ პირდაპირ არ დაარქვა რაც უნდოდაო და ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მეც გამიჩნდა
იგივე კითხვა და ჩემითვე მივაგენი პასუხს - ერთი ნაცნობი მყავდა, ხორციან საჭმელს როდესაც
ჭამდა წვენს უცბად შეხვრიპავდა და ხორცს ბოლოსკენ მოიტოვებდა ხოლმე, მარილს მოაყრიდა
და ნება-ნება ჭამდა. რაღაც ამდაგვართან გვაქვს ალბათ საქმე, მაგრამ ამ ამბის დასასრული
ასეთია: დიუმას მოტრფიალე მამამ ცოლმა მეოთხე შვილს არგელოდი დაარქვა (გოგო გაჩნდა)
და მეხუთეს კი ვეღარ მოესწრო.
ცოტა უცნაური სახელი თუ გქვიათ, აუცილებლად გამოიკითხეთ
ვის, ან რის გამო დაგარქვეს და შეიძლება თქვენი სახელი „ელშუქი“ სულაც არ იყოს სასაცილო
- ის 90-იანი წლების უშუქობის პერიოდისას სინათლის მონატრება და არავითარ შემთხვევაში
ლუციფერის (ლათ. lux ferre - სინათლის
მომტანი) გადაძახილი არ იყოს.