Wednesday, May 15, 2013

ბაცაცები


ბაცაცები

დაფიქრებულხართ იმაზე, რომ საქართველოში გოგოს მხრიდან მოფარებულ ადგილზე შეყვარებულთან ჩახუტება უფრო დიდ სირცხვილად ითვლება, ვიდრე ამავე გოგოსგან (ჩავთვალოთ, რომ რომელიმე მარკეტში კონსულტანტი, ან მოლარეა) მომხმარებლის ან დამქირავებლის წონაში, ფასში მოტყუება, ანუ პარვა.

არ ვიცი, მართლა კომუნისტური წყობილების ბრალია (მაშინ რატომ არ აქვთ იგივე მიდრეკილება რუსებს), თუ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებით მგრძნობიარე მსგავსი სენის მიმართ და უცბად შეგვეყარა, მაგრამ ფაქტია, რომ ლამის ყველანი დაავადებულები ვართ.

აბა რა პარვაა, ავტობუსში ბილეთის არ აღება? ან გაზის, ელექტროენერგიის მრიცხველის გაჩერება (თუ შანსი გვაქვს), ან მომხმარებლის წონაში მოტყუება (100 გრამი ვის დააქცევს?), ოფისიდან ყავა-ჩაის, კალმების, ფურცლების, ფლომასტერების, სტეპლერების, ხანდახან უფრო მსხვილის - ორგანაიზერის სახლში წაღება? რანაირი მოპარვაა, კონსულტანტანტად მომუშავე, სადმე საბითუმოში ნაყიდ სასმელს რომ შეიტან დამქირავებლის მაღაზიაში და ჩუმად გაყიდი? მეზობლის ანტენაზე დაჯდომა პარვა რანაირადაა, არ გადამრიოთ, იმას აკლდება რამე თუ რა? ნუ, ბენზინგასამართ სადგურზე მილიგრამების აცანცვლა, შეიძლება მთლად კარგი არაა, მაგრამ პარვასაც ვერ დავარქმევთ - საწვავი ორთქლდება და მერე ვინ უნდა იხადოს ის სხვაობა?

არადა მორწმუნეები ვართ, ან არ ვართ, მაგრამ მორალის კითხვა გვიყვარს, ვმსჯელობთ სახელმწიფო მოწყობა საპრეზიდენტო მმართველობის უნდა იყოს თუ საპარლამენტო? ამერიკას სირიისთვის უნდა დაერტყა, თუ ჯერ ადრე იყო? მასონები მოდიან თუ არ მოდიან? პასპორტი ჩიპიანი უნდა ავიღოთ თუ უჩიპო? ბოლოსდაბოლოს, ეშველება საწყალ, ცოდვილ იაპონიას თუ არა?

რამდენიმე წლის წინ სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად. სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მაღალსაც კლასელებს ხშირად ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ქუჩაში ნაგვის დაგდება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მათემატიკის ამოცანის ვერ ამოხსნა, რადგან ამ ამოცანას ადრე თუ გვიან ამოხსნი, აი ქუჩაში ნაგვის გადაგდების ჩვევის აღმოფხვრას კი შეიძლება სიცოცხლე შეალიო. ვლაპარაკობდით, ვმსჯელობდით იმაზე, არის თუ არა ქურდობა ტრანსპორტში ბილეთის არ აღება და ბოლოს, ბავშვებთან ერთად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ რაც არ გეკუთვნის, იმის აღება, პარვაა.

ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს. რომ არა გაგრძელება, ერთი სენტიმენტალური გულზე მჯიღი ამბავია: - სკოლაში მოდის, ერთი მოსწავლის მშობელი და ჩივის, რომ ბავშვებს მორალურად ვრყვნი. სასწრაფოდ ადგენენ, ხელებს ხომ არავის ვუფათურებ, ეროტიკულ ფოტოებს ხომ არ ვაჩვენებ, ნარკოტიკი და სასმელი ხომ არ შემაქვს, სიგარეტს ხომ არ ვასაღებ ღერებზე და როცა ჩემი (ამ მხრივ) უდანაშაულობა დგინდება, ირკვევა, რომ ხელოვნების გაკვეთილების გარდა, ჩემ მოსწავლეებს ეთიკურად „ვამუშავებ“, რაც რიგი მშობლებისთვის მიუღებელია. თურმე მისი ღირებულებები სხვანაირია, ის ასწავლის შვილს, რომ (ვაღიარებ ფინანსურადაც უსაბუთებს) სახელმწიფო იმდენად მაღალ გადასახადებს გვიწესებს, ბილეთის არ აღება (მთავარია კონტროლიორმა არ წაგასწროს) არათუ დანაშაული, მოვალეობაა! გაზის მოპარვა? ამ გათახსირებულ რუსებს (ყაზტრანსგაზი მათია) გაზი უნდა მოპარო კი არა, ჯიბიდან ფული ამოაცალო - მადლია!
ჩემმა მეგობარმა, სანატრელი ერთ კვირიანი შვებულება აიღო და გაფლანგა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი წარმატებული სადაზღვევო კომპანიისთვის დაემტკიცებინა - დაზღვევის მიხედვით, წამლებში გადახდილი თანხა, შეთანხმების მიხედვით უნდა ანაზღაურდეს. თანხა კი სასაცილოდ ცოტა იყო - 20 ლარი. მაგრამ ხვდებით, აქ პრინციპზე იყო ლაპარაკი.

ხშირად მიფიქრია, კუთვნილი ხურდის (ერთი, ორი, ხუთი ათი) თეთრის არ მოთხოვნა ან არგამორთმევა ამ ადამიანის მორალური გარყვნა ხომ არაა? ხომ არ ვაჩვევთ და ხომ არ ვეჩვევით, ხომ არ ვეგუებით საზოგადოება, რომ რაც არ გეკუთვნის იმის მითვისება (თუ ის ვთქვათ არც კონკრეტული ვინმეს საკუთრებაცაა) პარვაა? არის თუ არა ეს სენი სენი და მეტიც - დანაშაული. უნდა გაიკიცხოს თუ არა მპარავი, თუ უნდა წახალისდეს?
დაკვირვებიხართ? როდესაც ავტობუსში კონტროლიორი უბილეთო მგზავრს ჯარიმას უწერს, ხალხი მგზავრის მხარეს იჭერს, უნებურად, მაგრამ მაინც, ემოციურად, მაგრამ მაინც.

გერმანიაში, მეტროსთან სოლიდურად ჩაცმულმა გერმანელმა 2 ევრო მთხოვა მეტროსთვის. მე ქართულად გადავთარგმნე, ცრუობს-მეთქი, ვიფიქრე, ჩვენებური მათხოვრების დარად (თუ დაკვირვებიხართ, ფული უნდათ აუცილებლად მომაკვდავი შვილისთვის, დედისთვის - და არასოდეს რატომღაც მამისთვის) მიზეზს იგონებს, გაამართლოს მათხოვრობა, (რადგან გერმანიაში მეტროში შესასვლელად არანაირი ბარიერის გადალახვა არ გჭირდება. ბილეთი გაქვს, ან არ გაქვს - ეს შენი მორალის გადასაწყვეტია) მაგრამ ჩემმა თანამგზავრმა ამიხსნა, რომ შეიძლება ამ კაცს მართლა ამ მიზეზით უნდა ეს 2 ევროო. ცდად ღირდა, მივეცი ფული მან კი ჩემ თვალწინ ერთჯერადი ბილეთი იყიდა და ვაგონში ჩაჯდა. კარგა ხანი ვფიქრობდი, რამ აიძულა ემათხოვრა და არ ემგზავრა უბილეთოდ? ალბათ ის საკუთარ თავში მიძინებულ მპარავს ებრძოდა!

 ბრძენ ინდოელს უთქვამს, ქალი რა ერთხელ გახსნის საგანძურს, მერე ადგება და მიმოაპნევსო! იმედია თქვენც მეთანხმებით, რომ ეს ანდაზა მხოლოდ გოგოს შეყვარებულთან მოფარებულში ჩახუტებას არ ეხება!



No comments: