Friday, January 23, 2015

ევროპელი ხევისბერი (სინოფსისი)

გურამ მეგრელიშვილი
ევროპელი ხევისბერი
სინოფსისი

1999 წელი.
ნიკოლოზი (იგივე ნიკლასი, როგორც მას გერმანიაში ეძახდნენ) მთიან საქართველოში დაბადებული ხევისბერის შთამომავალია. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მამის დაჟინებული მეცადინეობით, ნიკოლოზი გერმანიაში სასწავლებლად გაამგზავრეს, სადაც ის დარჩა და ჩვეულებრივი ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრება განაგრძო.
ნიკოლოზმა (ნიკლასმა) საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაეხოცნენ, ცოცხალი დარჩა მხოლოდ ხევისბერი ბაბუა, რომელიც ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოების უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მის სოფელში.
ნიკოლოზს გერმანიაში იოლი ცხოვრება არ ჰქონია. იმისათვის, რომ თავი რამენაირად ერჩინა (მშობლების სიკვდილის შემდეგ ის საკუთარი თავის ანაბარა დარჩა), თავის ორ მეგობართან ერთად ყველაფერზე მიდიოდა - დაწყებული პედოფილ კაცებთან ურთიერთობით, დამთავრებული მოპარული მანქანების დაშლით და ნაწილების გაყიდვით. რამდენიმე წლიანი რთული ცხოვრების მერე კი, ქართველმა ემიგრანტმა მოახერხა და სტაბილურ ცხოვრებას მიაღწია - თურქ და გერმანელ მეგობრებთან ერთად ავტოსარემონტო გახსნა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა და სტაბილურადაა. ნიკოლოზი გერმანული პასპორტის მოლოდინშია, მან საბოლოოდ თქვა უარი საკუთარ სამშობლოზე - ის აპირებს გერმანული ცივილიზაციის ნაწილი გახდეს, რომელზეც თავის დროზე მამამისიც ოცნებობდა, მაგრამ ავტოსახელოსნოში ორი ქართველი შემოდის. ისინი ნიკოლოზს ეცნობიან და ეუბნებიან, რომ თავადაც ემიგრაციაში ცხოვრობენ, მაგრამ წარმოშობით იმავე მხარიდან არიან, საიდანაც ნიკოლოზია. ხევისბერი, ნიკოლოზის ბაბუა გარდაიცვალა. ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით კი, ხევისბერი მემკვიდრეს თავად ასახელებს. თუ მემკვიდრე უარს იტყვის ხევისბერობაზე, წყევლა მის შთამომავლობაზეც და სოფელზეც გადავა.
ნიკოლოზისთვის ეს ცრურწმენები კარგა ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. მას სამშობლოსთან მოგონებებიც კი აღარ აკავშირებს. მაგრამ სტუმრები ჯიუტად ითხოვენ ნიკოლოზის საქართველოში დაბრუნებას, რადგან თემის გადაწყვეტილება პიროვნულ არჩევანზე გაცილებით დიდია.
თავდაპირველად ნიკოლოზს სასაცილოდ არ ჰყოფნის სტუმრების მოთხოვნაც და მუქარაც, მაგრამ როდესაც მოსულები აქტიურ ქმედებებზე გადადიან (ისინი ევროპაში მცხოვრები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან), ავტოსახელოსნოში დაუწვავენ ორ მანქანას (პოლიციაში ჩივილი საქმეს ვერ ცვლის) და მთლიანად სახელოსნოს გადაბუგვითაც იმუქრებიან, ნიკოლოზი გადაწყვეტს დამორჩილდეს მოსულებს, დროებით დაბრუნდეს საქართველოში, რათა მის გამო მეგობრების წლობით ნაგროვები ნაშრომი წყალში არ ჩაიყაროს.
მეგობრები, თურქი ბორა და გერმანელი კასპარი (რომელიც ფულს დის ემიგრანტებზე ფიქტიური გათხოვებით  შოულობს) გადაწყვეტენ მოინახულონ ნიკლასი და მოტოციკლეტებით საქართველოში ჩამოდიან.
ნიკლასი შეცვლილია. თუ გერმანიაში ის ცნობილი იყო თავისი პეწენიკობით, ახლა ნახევრად გომურში ცხოვრობს საქონელთან ერთად. ახალგაზრდა კაცს წვერი მოუშვია და საკუთარი პატრიარქალური საზოგადოების ცხოვრებით ცხოვრობს - აღასრულებს ყველა წესს, რაც ევალება ხევისბერს, სხვა დროს კი რიგითი მწყემსია.
ნიკლასს მეგობრების დანახვა დიდად არ უხარია. ოთხი წლის მანძილზე, რაც ის საქართველოში დაბრუნდა, მოახერხა და დაივიწყა ყველაფერი რაც ევროპასთან, გერმანიასთან აკავშირებდა. მისთვის ახლა ეს რეალობაა მნიშვნელოვანი და ცდილობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად იქცეს ფორმალურად მაინც.
მეგობრები ათი დღე აპირებენ ნიკლასთან დარჩენას, მერე კი მის გერმანიაში დაბრუნებაზე ფიქრს ერთად დაიწყებენ. ბორა უკვე გერმანიის მოქალაქეა, ის დაეხმარება ნიკლასს ევროპაში დაბრუნებაში.
მხიარული კასპარი ენობრივი ბარიერის მიუხედავად ადვილად ახერხებს ადგილობრივებთან კომუნიკაციას. ნიკლასი ცდილობს მეგობრები მაქსიმალურად მოაშოროს თანასოფლელებს და რაც შეიძლება მალე გაამგზავროს შინ, რადგან კასპარის სექსუალური ორიენტაცია, შეიძლება იქაურებისთვის დაძაბულობის მიზეზად იქცეს, მაგრამ ერთ-ერთი თანასოფლელი გუჯა ნიკოლოზს და მის სტუმრებს სახლში დაპატიჟებს, სადაც მთვრალი მასპინძელი ბორას აუხირდება ჩემ დას ცუდი თვალით უყურებდიო. ბორა ცდილობს გაერიდოს სიტუაციას და ნიკოლოზის სახლისკენ შეუმჩნევლად წავიდეს.
მთვრალი ბორა გზად გუჯას სათივესთან ჩერდება მოსასაქმებლად. სათივედან კი ქალის კვნესის ხმა ისმის. ბორა ათვალიერებს სათივეს და პირაკრულ, დაბმულ თხუთმეტიოდე წლის გოგოს პოულობს.
გოგო რომელიღაც მომიჯნავე რეგიონიდანაა მოტაცებული. თავის დროზე, გუჯას და იმ მომიჯნავე სოფლიდან მოიტაცეს, მაგრამ ორი კვირის თავზე უკან მოაბრუნეს იმ მიზეზით, რომ გოგო ქალწული არ იყო. გუჯას ოჯახი დიდ სირცხვილშია. მისი და ვეღარასოდეს გათხოვდება, გარდა ამისა, მათ ღირსებას ჩრდილი მიადგა. სამაგიეროდ, გუჯამ იმავე სოფლიდან მართალია სულ სხვა ოჯახის, მაგრამ მაინც გოგო მოიტაცა, რომელსაც ორიოდე კვირის თავზე უკან იმავე მიზეზით დააბრუნებს, რა მიზეზითაც მისი და დაიწუნეს.
ბორა ვერ ბედავს გოგოს გათავისუფლებას, მაგრამ მობრუნებულ ნიკოლოზს სიტუაციაში გარკვევას სთხოვს. ნიკოლოზი ბორას სთხოვს დაივიწყოს ნანახი და მთვრალი მეგობრები იძინებენ.
გამთენიისას თანასოფლელები ცეცხლანთებული მაშხალებით, თოფებით და ავტომატებით შეიარაღებულები მიადგებიან ნიკოლოზის სახლს და დამნაშავის მათთვის გადაცემას ითხოვენ. დამნაშავე კი როგორც აღმოჩნდება, კასპარია, რომელმაც ღამით ჩუმად გაათავისუფლა დაბმული გოგო.
ნიკოლოზი არწმუნებს მოსულებს, რომ მისი მეგობარი არაფერ შუაშია, გოგო თავად გაუშვა. თანასოფლელებს ის მიყავთ დასასჯელად.




სიტყვების რაოდენობა: 3646

No comments: