Friday, January 16, 2015

ადამიანის ქალაქი

ადამიანის ქალაქი

დორისი დილიდანვე შეუძლოდ იყო და მსახურებს ლაპარაკი აეკრძალათ. ჩახველებაზეც კი ოცი როზგი იყო სასჯელი. აუტანელმა სიჩუმემ გააღვიძა იროდი და სიზმრიდან გამოყოლილმა უჟმურმა განწყობამ თავი აატკია. ცხვირთან სისველე იგრძნო. ხელი მოისვა, სისხლი მოსდიოდა. საწოლთან დადგმული ტუმბოდან სიგარეტი აიღო და ის-ის იყო უნდა მოეკიდებინა, რომ გაახსენდა, ლოცვა ჰქონდა წასაკითხი. გაჭირვებით წამოდგა, ფეხები დაიბანა, თალესი დაიფარა და თვრამეტი ქებათა-ქება წაიკითხა.
თვითონაც ებრაელობდა. წვერს ატარებდა და თალეს-კორტნი ეცვა ტანსაცმლის შიგნით, მაგრამ ამ ჯიშს რას გამოაპარებდი? ჰაიასტანიდან ჩამოთესლებულს ზიზღითა და აგდებით უყურებდნენ. პირში კი ყველა უცინოდა, მაგრამ ზურგს უკან... ზურგს უკან ხომ იცოდა რასაც ლაპარაკობდნენ მასზე?!
“მოიდე ანი... მოიდე ანი...” – ჩურჩულებდა თავისთვის და გულდამძიმებული რაღაც, განსაკუთრებულად ცუდის მოლოდინში იყო.
ლოცვას მორჩა და აივანზე გავიდა. ხელისგულივით ჩანდა მთელი იერუსალიმი და მისი შემოგარენი. მოსწონდა ამ აივანზე დგომა, განსაკუთრებით ღამით, როცა განათებულ ქალაქს უყურებდა. სად ჰქონდათ ასეთი ქალაქი აქამდე, ან ქუჩები, ნაგვით სავსე რომ იყო, განა ასე კრიალებდა? ეს ხალხი დაუნახავია! – წყენით ჩაილაპარაკა თავისთვის. რაც გინდა გაუკეთო, დაუნახავები არიან. მათი ყველა ჩვეულება მიიღო, ისინი კი დორისთან უკანონო კავშირს ვერ პატიობენ. ის, რაც მათთვის უკანონო იყო, იროდისთვის კანონიერად ითვლებოდა. დორისს ცოლს ეძახდა, თმიან და ფეხებდახლართულ მარიამნას კი საყვარელს.
ქვემოთ ჩაიხედა და თავის ახლადგარეცხილ ბენტლის გადააფურთხა. ჩავა და ამის გამო გააროზგინებს რომელიმე ებრაელ მსახურს -  ესეც მისი შურისძიება!
დერეფანში სიჩუმე იდგა. ბნელი და გრძელი ტალნები შემზარავად დუმდნენ.
_ ეეეი! – დაიღრიალა იროდმა და კედლებმა ექო გამოსცა “იეე, იეე...” _ შამაი!
მსახური მის მარჯვენა ხელთან ამოიზარდა. თავდახრილი იდგა. მეოთხედმთავრის ჯორჯ რეჩის შავ ფეხსაცმელს აკვირდებოდა.
იროდს ეზიზღებოდა ელამი შამაი. ყოველი კერძის გასინჯვის წინ შიში იპყრობდა, ვაითუ მომწამლოსო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მასზე სანდო მსახურის პოვნა იერუსალიმში შეუძლებელი იყო.
_ როგორ ხარ, შამაი?
_ მადლობა იროდს და ღმერთს! – მარმარილოს იატაკს შუბლი დაადო კაცმა და რეჩის ფეხსაცმელს მსუბუქად აკოცა.
_ რა სიჩუმეა?
_ ქალბატონია შეუძლოდ და...
იროდს გულმა რეჩხი უყო. ავი სიზმარი გაახსენდა და დორისის საძინებლისკენ წავიდა.
_ სამი აღმოსავლელი მოგვია მოსული, თქვენი ნახვა სურთ! – დაადევნა შამაიმ და ისევე გაქრა, როგორც ამოიზარდა რამდენიმე წუთის წინ.
დორისი მიბნედილი სახით იწვა. დროდადრო დამპალი კვერცხის სუნს ამოაბოყინებდა ხოლმე. მსახური ამონაბოყინებულ ჰაერს მარაოთი ანიავებდა, რომ სუნს ქალბატონი არ შეეწუხებინა. იროდმა ქალის მოღიავებულ მკერდს შეავლო თვალი და ეჭვით გახედა მსახურს. სახე აელეწა, თუმცა გაახსენდა ეს უკანასკნელი საჭურისი რომ იყო და დამშვიდდა.
_ რა გჭირს, ჩემო დედოფალო? – მიეფერა.
_ ბევრი მომივიდა! – სახე დაეჭყანა ქალს საჭმლის გახსენებაზე და ისევ ამოაბოყინა.
იროდი გაბრაზდა. ექიმმა მკაცრი დიეტა დაუნიშნა დორისს, ის კი მუცელღორობას ვერ შეეშვა. გამოსაჩეკად გამზადებულ წიწილებს კვერცხშივე ახარშვინებს და თოთოებს, ჩანასახოვან ბუმბულიანად ჭამს. თან ჭამს განა ერთს ან ორს – ათ ცალს ერთ ჭამაზე.
აღარაფერი უთქვამს. მსახური მინერალურ წყალზე გააგზავნა, თვითონ კი მისაღები ოთახისკენ წავიდა.

მოგვები ერთმანეთზე დაბლები იყვნენ. უზარმაზარი თავები და მოკლე ხელები ჰქონდათ. დახლართულ ტანიანები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჰგავდნენ.
იროდი მისთვის განკუთვნნილ სკამზე დაჯდა და ხელით თავისკენ მიიხმო სტუმრები.
ორმა ენა არ იცოდა, მესამემ გაჭირვებით, მაგრამ მაინც აუხსნა ჩამოსვლის მიზეზი და იროდიც მიხვდა, სად და როდის აუხდა ცუდი სიზმარი.
მოგვები ვარსკვლავს გამოჰყვნენ, რომელმაც მათ იუდეის მეფის დაბადება აუწყა.
იროდმა სასწრაფოდ დაითხოვა სამივე. მათ მიერ მოტანილი ქრთამიც არ აიღო და სასრგებლო ინფორმაციისთვის თავადვე დაასაჩუქრა სტუმრები. თუკი რამეს შეიტყობთ, მეც გამაგებინეთო, დააბარა და ერთ-ერთი თავის სასტუმროში დააბინავა.
მაშ დრო მოვიდა? ჯერ კიდევ სამი წლის წინ უთხრა სასახლის მთავარმა კაბალისტმა, “აღთქმის ფიქალებში”, “პარდესში” და “აგადაში” წერია, რომ იუდეის ბეთლემში, იქ, სადაც თავის დროზე ქრისტე იშვა, ახალი ქრისტე დაიბადებაო.
ნუთუ ყველაფერი მეორდება ამ ქვეყნად? ნუთუ ყველაზე დიდი ურწმუნო მართალი იყო?
იროდმა მძღოლი გამოიძახა და ქალაქში გასვლა გადაწყვიტა. ტაძრების შესასვლელებთან უკვე გამოეკრათ მომავალი მესიის ამოსაცნობი ნიშნები, -  გენიალოგიიდან დაწყებული, თვალების ფერით დამთავრებული. სიტყვებიც კი, რომელსაც ის იხმარდა, იგავები (თავისი განმარტებებით) და ასე შემდეგ. აფიშები არაფერს იუწყებოდნენ იმის შესახებ, რაც მხოლოდ იროდმა იცოდა:  მესიასთან ერთად ანტიმესიაც უნდა დაბადებულიყო, მაგრამ აი, მისი ამოსაცნობი ნიშნები კი არავინ იცოდა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ანტიმესიას ზურგზე სვირინგივით ამოტვიფრული ხუთქიმიანი ვარსკვლავი ექნებოდა და მასში დიბუკი ჩასახლდებოდა.
როგორ უნდა განასხვაოს ხალხმა ნამდვილი ყალბისგან? იქნებ ცრუმ ჭეშმარიტი მესია გაანადგუროს და მერე თავად გაბატონდეს? თავად იროდსაც ჩამოაგდებს და ხალხსაც დაღუპავს.
“უმჯობეს არს ერთი მცირედთაგანის...” გაახსენდა სადღაც წაკითხული თუ მოსმენილი და ამ სიტყვების მთელი სიმართლე შეიგრძნო.
თუ (ვთქვათ და) თავისი შორეული წინაპრის საქციელს გაიმეორებს, რას მოგვცემს ეს? სავარაუდოდ ისევ გადარჩება ახალშობილი მესია, მაგრამ რა შანსია რომ ცრუქრისტეს ხაფანგში მოიმწყვდევს? თანაც, ახლა ძველი დრო არ არის, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები აყვირდებიან და აკივლდებიან, რომელიმე ყრმას რომ თითი დაადოს. სამყაროშიც ბოროტება მეფობს, განა უფლებას მისცემს ვინმე რომ მან, რიგითმა მეოთხედმთავარმა ანტიქრისტეს წინააღმდეგ გაილაშქროს?
მანქანიდან გადმოსულს ტაშით და ყვავილებით შეხვდნენ. თავისი გამოჩენით ხშირად არ ანებივრებდა ხალხს. ყალბად დაუქნია ხელი და ტაძარში შევიდა. შესასვლელთან გამოკრულ უზარმაზარ პლაკატს თვალი მოჰკრა თუ არა, გუნება წაუხდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაუარა და მღვდელთმთავარ ანნას მიესალმა.
ანნამ უკვე იცოდა მოგვების შესახებ. სამღვდელთმთავრო ჯაშუშები მათ საზღვრის გადმოკვეთის მერე უთვალთვალებდნენ. იროდმა სასახლის მთავარი კაბალისტის დასკვნა დაუდო წინ. ანნას სახეზე დაეტყო ის, რასაც ამ კაცზე ფიქრობდა. წლების მანძილზე უკიჟინებდა მეოთხედმთავარს ეგ არიმანის მსახური გვერდიდან მოიშორეო. დიდად არც იროდს უყვარდა კაბალისტი, მაგრამ თალმუდის განმარტებები მასზე უკეთ არავინ იცოდა.
მღდელთმთავარმა თვალი გადაავლო დასკვნას, კოკა-კოლა მოსვა, ჩაახველა და თქვა;
_ რას აპირებ?
_ როგორც მაკურთხებთ, რაბბი!
ანნას მიაჩნდა, რომ არ შეიძლებოდა იმავე შეცდომის განმეორება, რაც ორი ათასი წლის წინ დაუშვეს. დრო იყო ხორბლისა და ღვარძლის გარჩევა ესწავლათ, მაგრამ ცრუ მესიის გამოჩენისთვისაც უნდა შეეშალათ ხელი, ბოროტების აღზევება რომ არ შემდგარიყო.
_ ისევ ჩვილების გაჟლეტვა?
_ ჩვენ ვერ ვიტვირთავთ კაცის კვლის ცოდვას, იროდ. ღმერთის წინაშე როგორღა გავმართლდეთ მერე? ან როგორ დავხოცავთ ბავშვებს? ერთი ფაქტიც რომ გამჟღავნდეს, მსოფლიოს ყველა ტელევიზია და პრესა აქ გაჩნდება და იქნებ სანატრელიც გაგვიხდეს ჯოჯოხეთი! ისიც დაუშვებელია ბოროტებას არ აღვუდგეთ წინ, ბოროტი ნერგი ჩანასახშივე უნდა მოისპოს და მოიძირკვოს.
_ რაბბი, შენ იცი, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი რწმენა მივიღე, თქვენი ღმერთი ვაღიარე და თქვენი ხალხი შევიყვარე, თავიც და თანამდებობაც ამ ხალხს მინდა შევწირო. მან ხომ იცის, რომ ჩემი განზრახვა არ არის ბოროტი, მე ვიტვირთებ...
_ თუკი თავის დროზე ეგვიპტეში განარიდეს ი გ ი, განა ცრუმესიის მშობლები ვერ მოახერხებენ ამას? სხვა რამეს გთავაზობ – შენს ხელშია ძალაუფლება და ნებაც გაქვს საამისოდ, გამოიყენე გავლენა და საყოველთაო აბორტი გამოაცხადე. დაე, დედებმა საკუთარი ხელით დახოცონ შვილები. ამით ჩვენც ავირიდებთ ცოდვას და საქმეც გაკეთდება.
_ რაბბი, რომელი დედა მოიკლავს შვილს მუცელში? თან ახლა, როცა ქვეყანაში მესიის მოლოდინია. ყველა ოჯახში ელიან ნამდვილ ქრისტეს.
ანნამ ტაძრის ეზოში მოფუსფუსე ხალხს გახედა და მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუხახუნა.

2.
“ეკონომიკის ათი ძირითადი კანონიდან ერთ-ერთის თანახმად, ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია დემოგრაფიასთან. ავიღოთ ჩინეთისა და აფრიკის მაგალითი. მას შემდეგ, რაც ჩინეთში მკაცრად კონტროლირდება შობადობა (სხვათაშორის ამის ხელშემწყობი პირველ რიგში გენდერული თანასწორობა და ქალთა დასაქმებაა) ეკონომიკა წინ მიიწევს. ამის ანტიპოდია ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, სადაც შობადობა არაკონტროლირებადია, შესაბამისად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რიცხვი ძალიან მაღალია. ჩვენს ქვეყანას აქვს საიმისო ამბიცია, რომ პრეტენზია ჰქონდეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა რიცხშვში შედიოდეს და არა მხოლოდ შედიოდეს, ლიდერობდეს კიდეც. საამისოდ კი, მოგეხსენებათ საჭიროა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვა, რაც...

იროდი კმაყოფილი უყურებდა ტელევიზორს. მასმედიის საშუალებით ორ კვირიანმა მასობრივმა შეტევამ ხალხის ცნობიერებაზე შედეგი გამოიღო. ყველა ბილბორდი, სარეკლამო ჭრა, მაღაზიის ვიტრინები, ინტერნეტსივრცე და ჟურნალები აჭრელებული იყო სლოგანით, რომელიც თავად იროდმა მოიფიქრა: “დაეხმარე ქვეყანას, ორი წელი ნუ გააჩენ შვილს!”
ხალხი აღშფოთებული შეხვდა ინიციატივას. გაიმართა მიტინგები,  გამოსვლები, სატელევიზიო დებატები, მაგრამ მეოთხედმთავარმა იცოდა, რომ ყველაფერი ეს მის წისქვილზე ასხამდა წყალს, პირადი მაგალითის მისაცემად ოფიციალურ ცოლს, მარიამნას, პირველს გააკეთებინა აბორტი, რითაც დაამტკიცა, რომ ხელისუფალი ყველაფერში მაგალითი უნდა იყოს. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო – ყველა მშობიარეს ჯარიმა დაეკისრა სამასი ათასი შეკელის ოდენობით, ხოლო დედას, რომელიც აბორტს გაიკეთებდა, ორ ამდენს უხდიდნენ კომპენსაციის სახით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შვიდი მილიარდი შეკელი გამოიყო ამ პროექტის დასაფინანსებლად, რომელსაც საერთაშორისო მასმედიამ “ყველაზე უცნაური ახირება” უწოდა.
აიკრძალა ქვეყნიდან ორსულთა გადინება, სამაგიეროდ მოიმატა ფეხმძიმეთა შემოსვლამ, რათა აბორტი გაეკეთებინათ და კომპენსაცია მიეღოთ. სამშობიაროების სანაგვე ურნები დედის მუცელშივე მოწყვეტილი ნაყოფებით გაივსო. ქალაქი აქოთდა, მაგრამ სიმშვიდემ დაისადგურა – აღარსად ისმოდა ჩვილების ტირილი.
იროდი კმაყოფილი იყო. ის, რაც ვერ შესძლო ღმერთმა, მან განახორციელა – ცრუმესიის დაბადება გამორიცხული იყო!

3.
დორისი სამი დღე მშობიარობდა. ამ სამ დღეში დაბერდა და გაახალგაზრდავდა. ერთხელაც არ წამოუკივლებია ისე გააჩინა.
ბავშვი სამი კილო და სამასი დაიბადა. გოგო. სიგრძით ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ზურგზე სვირინგივით ამოტვიფრული ხუთქიმიანი ვარსკვლავით.
იროდმა დაინახა თუ არა მიხვდა რასაც დაარქმევდა “ანტიპატრი. მისი სახელია ანტიპატრი და ის იმეფებს!”

No comments: